კოპა ამერიკა 2015: ჩილეს ტრიუმფის მიზეზები

AutoSharing Option
ჩილემ კოპა ამერიკა მოიგო. ამ ცხოვრებაში და ფეხბურთში ასეა - უმიზეზოდ არაფერი ხდება. მასპინძლის ტრიუმფსაც აქვს თავისი მიზეზები. ამაზე თანმიმდევრობით ვისაუბროთ.


შემადგენლობა
ჩილეს არასოდეს ჰყოლია ასეთი ძლიერი შემადგენლობა. ყველას კარგად გვახსოვს მარსელო სალასისა და ივან სამორანოს ჩილე. ის გუნდი ძალიან კარგი იყო.

ფეხბურთის გურმანებს შესანიშნავ სპექტაკლებს ჩუქნიდა, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ეს იყო ორი ფეხბურთელის გუნდი.

დღეს სხვა სიტუაციაა. დღეს ჩილეს ჰყავს არაერთი კარგი ფეხბურთელი და რამდენიმე ვარსკვლავი. აქედან
სამი ტოპ-ვარსკვლავი: მეკარე კლაუდიო ბრავო, ნახევარმცველები: არტურო ვიდალი და ალექსის სანჩესი. სანჩესს შეგვიძლია თავდამსხმელიც ვუწოდოთ, გააჩნია გემოვნებას.

სამი ვარსკვლავი და კვალიფიციურ ფეხბურთელთა ჯგუფი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ტიტულებზე მონადირე გუნდი შეიკრას. კვალიფიციური და ევროპაში გამობრძმედილი ფეხბურთელები კი ჩილეს არ აკლია (ისლა, დიასი, მედელი და განსაკუთრებით, ვარგასი, ვინც დიდებულად ჩაატარა დასრულებული კოპა).

მსაჯები
მთელი ტურნირის განმავლობაში იგრძნობოდა მსაჯების აშკარა მხარდაჭერა მასპინძლების მიმართ. თითქოს, ჩილემ იმიტომ გასწია ამხელა შრომა და უმასპინძლა კოპა ამერიკას, რომ ეს ტურნირი აუცილებლად უნდა მოეგო.

ურუგვაისთან მატჩში არბიტრების ქმედების აღწერა, უბრალოდ, შეუძლებელია. ტურნირის მიმდინარეობისას კიდევ იყო ეპიზოდები, როცა არბიტრი მასპინძელთა მისამართით სიმპათიას ვერ ფარავდა.

ფინალში საქმე სხვანაირად იყო. ჩილეს პირველად შეხვდა სერიოზული მოწინააღმდეგე, ფინალს მთელი მსოფლიო გამადიდებელი შუშით უცქერდა და მსაჯმა ვეღარ გაბედა აშკარა მხარდაჭერა, თუმცა რამდენიმეჯერ ჩილელებმა მაინც მაგრად იუხეშეს.

ჩილემ კარგად ითამაშა შინ. ის, ალბათ, ყველაზე კაშკაშა გუნდი იყო ამ გათამაშებისა, მაგრამ სიმართლეს არ ეღალატება - ამ სამხრეთამერიკული გუნდის წარმატებაში დიდია მსაჯების წვლილი.

ქომაგობა
ახლა, ალბათ, ასპროცენტიანი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ასეთი გიჟური გულშემატკივრის გარეშე ჩილელები ტურნირს ვერ მოიგებდნენ. ადგილობრივი ქომაგი ტრიბუნებზე განუმეორებელ ატმოსფეროს ქმნიდა.

ჩილეს ნაკრების თითოეული ფეხბურთელი ყოველ სათამაშო ეპიზოდში 200 პროცენტით იხარჯებოდა. საბოლოო ჯამში, ამან შედეგი მოიტანა. ცუდი ისაა, რომ საყვარელი გუნდის ზეობამ სამი გულშემატკივარი შეიწირა.

სათამაშო აგრესია და ტემპი
ჩილემ თავიდანვე შესანიშნავად გამოიყენა მისი მთავარი კოზირი - სათამაშო ტემპი და აგრესია. ეს იყო მასპინძელთა მთავარი იარაღი. წლების განმავლობაში ამ ფორმაციის ჩილე სწორედ ამ კომპონენტს ხვეწდა.

როცა მთელი მატჩის მიმდინარეობისას შენს სტადიონზე გააფთრებით მოძრაობ, მეტოქეს უჭირს. გაიშვიათებული ჰაერის პირობებში ის ტემპში ვერ გყვება, იღლება. ამ სქემას დიდებულად იყო მორგებული მთელი გუნდი - მსოფლიოში ყველაზე შმაგად მებრძოლი ნაკრები.

განსაკუთრებით, არტურო ვიდალისა და ალექსის სანჩესის გამორჩევა ეგების. ვიდალს ტურნირის განმავლობაში ინციდენტები არ მოჰკლებია, მაგრამ მან მაინც მაგრად ითამაშა. ჩილეს ორი ლიდერი სასწაულად იბრძოდა მთელი შეჯიბრების განმავლობაში.

მწვრთნელი
ბედის ირონიით, არგენტინელი ხორხე სამპაოლი ფინალში მშობლიური ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. სამპაოლიმ სამწვრთნელო მოღვაწეობა არგენტინაში დაიწყო, მერე ჩილეს მიაშურა.

სამპაოლიმ ჩილეს ეროვნული ნაკრები 2012 წელს ჩაიბარა. ამ დროის განმავლობაში იყო წარმატებაც და წარუმატებლობაც, მაგრამ ჩილეს ფეხბურთის ფედერაციამ მოთმინება გამოიჩინა და სამპაოლის აცადა.

შედეგი სახეზეა - ჩილეში კოპას მოგება მაგრად დაფასდა. ალბათ, არანაკლებ, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება დაფასდებოდა. ჩილე არ არის ტიტულებით განებივრებული. ამ თაობას, აშკარად გამორჩეულს, რაღაც უნდა მოეგო. ამ თაობამ კოპა ამერიკა მოიგო და კონტინენტზე უძლიერესი გახდა.

პერსპექტივა
ჩილეს ნაკრების ლიდერები არ არიან კრიტიკულ საფეხბურთო ასაკში. ეს იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე, ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩილე ამავე შემადგენლობით ითამაშებს.

ბრაზილიურ მუნდიალზე ჩილეს არ გაუმართლა, მაგრამ ის მაინც კარგი იყო. არავინ იცის, რა იქნება მომავალში, სამი წლის შემდეგ. მომავალ მუნდიალზე ჩილე ერთ-ერთი ფავორიტი თუ არა, ძალიან სერიოზული ძალა მაინც იქნება.

ჩილეს ნაკრების ლიდერები ამბიციების ნაკლებობას არ უჩივიან. მაგალითად, არცთუ დიდი ხნის წინ არტურო ვიდალმა განაცხადა, რომ სერიოზულად ფიქრობს "ოქროს ბურთის" მოგებაზე.

შავი ლაქა
ზემოთ მსაჯებზე დავწერეთ. მასპინძლებს მსაჯების მხარდაჭერა ყოველთვის აქვთ. ეს მივიღოთ, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა, თუმცა ზომიერების დაცვა ყოველთვის საჭიროა.

არის კიდევ ერთი ფაქტი, რამაც ჩილეს მიღწევა გააფერმკრთალა. ეს გახლავთ გონსალო ხარას საქციელი ურუგვაისთან შეხვედრაში. ის, რაც ხარამ გაუკეთა ედინსონ კავანის (საგაზეთო ფურცლებზე უხერხულად მიგვაჩნია ამ საქციელის სიტყვებით ახსნა. ისედაც ყველამ ყველაფერი იცის).

ფეხბურთი თამაშია. ფეხბურთს მილიონობით ადამიანისათვის მოაქვს სიამოვნება და დაუშვებელია ისეთი მეთოდებით წარმატებით მიღწევის მცდელობაც კი, რაც ხარამ გააკეთა.

კოპას საერთო შეფასება - არაფერი ახალი
ეს მომავლის თემაა. ახლა მოკლედ ვცადოთ. ჩილემ მოიგო. რა ვნახეთ კიდევ? ძალიან სქემატურად და უფანტაზიოდ მოთამაშე არგენტინა, რომელიც მთელი ტურნირის განმავლობაში იმას ელოდა, რომ ლიონელ მესი მარტო მოიგებდა თამაშებს.

ვნახეთ ძალიან სუსტი ბრაზილია. ბრაზილია იყო ნეიმარი და როცა ნეიმარი აღარ იყო, ბრაზილიაც გაქრა.

ახლა უკვე დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულებულმა კოპამ ფეხბურთს ახალი და განსაკუთრებული ვერც ვერაფერი შემატა და არც ისეთი ტენდენცია გვინახავს, თანამედროვე ფეხბურთში ევოლუციური მაინც რომ დავარქვათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული