ბრაზილიის ნაკრების ყველაზე ხმაურიანი მარცხები

AutoSharing Option
ბრაზილიაში ფეხბურთი მეფობს. ბრაზილია ფეხბურთის ქვეყანაა. იქ ძნელად ეგუებიან მარცხს, თუმცა ფეხბურთში სულ გამარჯვებული ვერაფრით იქნები. ბოლო კოპა ამერიკაზე "სელესაომ" ცუდად ითამაშა და შეჯიბრებას მეოთხედფინალში, პარაგვაისთან მარცხის შემდეგ დაეთხოვა. დღევანდელ ჩვენს წერილში ბრაზილიის ნაკრების ფიასკოებს გავიხსენებთ.

ბრაზილია-ნიგერია 3:4. 1996 წლის ოლიმპიადა. ნახევარფინალი
ბრაზილიის ნაკრებს ოლიმპიადა აქამდე არასოდეს მოეგო. ამერიკაში ჩავიდნენ რონალდო, რივალდო, რობერტო კარლოსი და ბებეტო. ცხადია, გუნდს საჩემპიონო ამბიცია ჰქონდა. გუნდმა წარმატებით ითამაშა ჯგუფურ ეტაპზე. მეოთხედფინალში მოუგო განას, მაგრამ ნახევარფინალში ვერაფერი მოუხერხა ნიგერიას.

მატჩი დრამატული გამოდგა. ფინიშამდე 12 წუთით
ადრე ბრაზილია ორი ბურთით იგებდა. ნიგერიამ ჯერ ჩამორჩენა შეამცირა, თამაშის ბოლო წუთზე კი ნვანკვო კანუმ გამათანაბრებელი ბურთი შეაგდო. მანვე გამოიჩინა თავი დამატებით დროში.

მესამე ადგილისათვის შეხვედრაში ვარსკვლავური პორტუგალია ბრაზილიასთან შერცხვა - 0:5. დღემდე ვერავის აუხსნია, რატომ ჩაფლავდა ეს დიდებული გუნდი აფრიკელებთან შეხვედრაში.

ბრაზილია-კამერუნი 1:2. 2000 წლის ოლიმპიადა. მეოთხედფინალი
ბრაზილიას ოთხი წლის შემდეგაც შესანიშნავი გუნდი ჰყავდა. მისი ლიდერი რონალდინიო გახლდათ. "სელესაოს" ამან არ უშველა. კამერუნელებს მთელი შეხვედრის განმავლობაში მიჰყავდათ ანგარიში. ოვერტაიმში თამაში მეოთხე დამატებულ წუთზე სწორედ რონალდინიომ გადაიყვანა.

იმ დროისათვის კამერუნი ცხრა ფეხბურთელით იყო დარჩენილი და თითქოს, სამხრეთამერიკელთა ზეობას წინ არაფერი ედგა. მიმდინარეობდა 113-ე წუთი, როცა კამერუნელმა მოდესტ მბამიმ მთელი ბრაზილია და გუნდის მთავარი მწვრთნელი, ვანდერლეი ლუშემბურგო შოკში ჩააგდო.

საფრანგეთი-ბრაზილია 3:0. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. ფინალი
ჩანდა, რომ მოქმედი ჩემპიონის, ბრაზილიის ნაკრების შეჩერება ძალიან გაჭირდებოდა. "სელესაო" მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას შესანიშნავ ფორმაში შევიდა. გუნდის უდავო ლიდერი ახალგაზრდა რონალდო იყო. ტურნირის მსვლელობის დროს მან 4 გოლი გაიტანა.

ზედ ფინალის წინ ბრაზილიელ ვარსკვლავს უცნაური შეტევა მოუვიდა. ის კინაღამ მოკვდა. ფინალში რონალდომ ითამაშა, მაგრამ ის ყველა გაგებით ფერმკრთალი იყო. ზიდანის გენიამ საფრანგეთს არნახული წარმატება მოუტანა.

იუგოსლავია-ბრაზილია 8:4. ამხანაგური მატჩი. 1934 წელი
მას შემდეგ, რაც 1934 წლის მუნდიალზე ბრაზილიელებმა პირველივე რაუნდში სამარცხვინოდ წააგეს ესპანელებთან, ისინი რატომღაც ეგრევე ბელგრადში გაემგზავრნენ ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად. იუგოსლავიელებმა სამხრეთამერიკელებს დაანახვეს, რომ ფეხბურთის თამაში აღმოსავლეთევროპელებმა იციან.

ურუგვაი-ბრაზილია 6:0. კოპა ამერიკა. 1920 წელი
95 წლის წინათ, ამერიკის უძლიერეს გუნდებს თავი ისევ ჩილეში მოეყარათ. მაშინ უძლიერესს მხოლოდ 4 გუნდი არკვევდა - ბრაზილია, არგენტინა, ჩილე და ურუგვაი. ჩემპიონატი მხოლოდ ჯგუფური მატჩებისგან შედგებოდა, პლეი-ოფებისა და ფინალის გარეშე. პირველი ტაიმის შუაში ურუგვაის უკვე ჰქონდა გატანილი ბრაზილიის ნაკრების კარში 3 გოლი.

ამ გოლებმა ყველაფერი გადაწყვიტა. მეორე ტაიმში "სელესტემ" ბრაზილიას კიდევ სამი ბურთი მიართვა. მეორე 45 წუთში ბრაზილიას რიცხობრივი მეტობა ჰქონდა ურუგვაელთა ერთ-ერთი ფეხბურთელის ტრავმის გამო, მაგრამ მათ პრესტიჟის გოლიც კი ვერ გაიტანეს.

ასეთი ანგარიში მაშინ დიდ სენსაციად არავის მიუღია. იმ დროს ურუგვაი მსოფლიო ფეხბურთში საუკეთესო გუნდი იყო და ბრაზილიაზე ძლიერადაც ითვლებოდა.

ბრაზილია-არგენტინა 1:5. როკას თასი. 1939 წელი
ასი წლის წინ სამხრეთამერიკის ორი ყველაზე ტრადიციული ნაკრებისათვის სპეციალური ტურნირი მოიფიქრეს - "როკას თასი". შეჯიბრებას ასე არგენტინის პრეზიდენტის, ხულიო როკას საპატივცემულოდ ეწოდა, ვინც ფეხბურთის დიდი ქომაგი იყო და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისათვის არგენტინაში ყველაფერს აკეთებდა. შეჯიბრება მეოთხედ იმართებოდა.

ჩატარების ადგილი - ბრაზილია. გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ ოთხი შეხვედრა უნდა ჩაეტარებინათ.

რიო დე ჟანეიროში ყოჩაღმა არგენტინელებმა 5:1 მოიგეს. ერთი წლის შემდეგ არგენტინამ 5:1 და 6:1 მოიგო. არგენტინასთან საშინაო 1:5 ყველაზე სამარცხვინო წაგებად ითვლებოდა ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში მანამ, სანამ "სელესაოს" გერმანიამ არ გადაუარა მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე.

ბრაზილია-ჰონდურასი 0:2. კოპა ამერიკა. 2001 წელი. მეოთხედფინალი
გასაგებია, რომ ამ კოპაზე ბრაზილიას არ ჰყავდა უძლიერესი შემადგენლობა, მაგრამ იმის წარმოდგენა, რაც მოხდა, მაინც შეუძლებელი იყო. ამის მიუხედავად, მინდორზე მაინც იყვნენ ორი ჟუნინიო, დენილსონი, ალექსი და სხვები. იმ დროს ახლად დანიშნულმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ თანამდებობა შეინარჩუნა. ერთი წლის შემდეგ მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰონდურასს მოუგო და ამით ჩამოირეცხა კოპაზე ნაწვნევი სირცხვილი.

ბრაზილია-გერმანია 1:7. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი. ნახევარფინალი
ეს სასწაული იმდენად ცოტა ხნის წინ მოხდა, რომ დღესაც ძალიან რეიტინგულია მასზე წერა და საუბარი. ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული საშინელება უნდა მოხდეს, რომ ამ მოვლენამ მეორე პლანზე გადაიწიოს. ძალიან რთული წარმოსადგენია, ეს ფიასკო როდესმე რამემ დაჩრდილოს.

გასაგებია, რომ ბრაზილიის ნაკრებმა ამ შეხვედრის წინ დაკარგა ნეიმარი და ტიაგო სილვა, მაგრამ ეს ალიბი არამც და არამც არ არის. მსოფლიოში არის ათასობით გუნდი და ნაკრები, რომელსაც არათუ ნეიმარი და ტიაგო სილვა, არამედ ჟო და პაულინიოც კი არ ჰყავთ. არადა, ისინი ასე არ ნადგურდებიან. ამავე დროს, ნუ დაგვავიწყდება, რომ საქმე ეხება მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩს, რომელსაც მთელი ბრაზილია იმედით ელოდა.

29-ე წუთისათვის ბრაზილია უკვე შერცხვენილი იყო. "სელესაოს" კარში ერთბაშად 5 გოლი გასულიყო. რთულია, დაიჯერო, რომ ასეთი შეხვედრა რეალურ ცხოვრებაში გაიმართა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი?
0
ბრაზილია ურუგვაის ფინალი გაქვთ გამორჩენილი, ბრაიზლიაში, მეორე მსოფლიო ჩემპიონატი
გივი
13:46 09-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული