კოპა ამერიკა სენტენარიო. B ჯგუფი: დუნგას ბრაზილია ჩარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
* ბრაზილიამ ჯგუფური ეტაპი საუკეთესო ბურთების სხვაობით დაასრულა, მაგრამ მაინც ვერ გავიდა.

* ეკვადორი კოპა ამერიკის მეოთხედფინალში ბოლოს 1997 წელს იყო გასული. მაშინ ამ ნაკრებს ჯგუფში არგენტინა, ჩილე და პარაგვაი ჰყავდა, მაგრამ პირველ ადგილზე გასვლა მოახერხა. 19-წლიანი მოლოდინის შემდეგ ეკვადორი ისევ კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალშია.

* პერუმ კოპა ამერიკაზე ბრაზილიას 1975 წლის მერე პირველად მოუგო.

* ბრაზილია კოპა ამერიკაზე ჯგუფში უკანასკნელად 1987 წელს ჩარჩა. მაშინ თითოეულ ჯგუფში 3 გუნდი იყო.

საიუბილეო კოპა ამერიკაზე პანტაპუნტით ვარდებიან სამხრეთ ამერიკის გრანდები - ურუგვაის დუნგას
ბრაზილია მიჰყვა და ახლა ჩრდილოეთში სამხრეთელთა ღირსება არგენტინამ უნდა დაიცვას.

ეკვადორელთათვის საქმე ძალიან მარტივად იყო, მათ უნდა მოეგოთ და სასურველი იყო, ეს რამდენიმებურთიანი სხვაობით გაეკეთებინათ. ეკვადორს ჰაიტისთვის 1:0 რომ მოეგო, ხოლო ბრაზილია-პერუ 0:0 დასრულებულიყო, პერუსა და ეკვადორს შორის შემდეგ ეტაპზე გასულს წილისყრა გამოავლენდა.

თუმცა ეკვადორელები თავიდანვე სერიოზულად მოეკიდნენ საქმეს და მე-20 წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდნენ. ამის მერე გუნდებმა ორ-ორი რეალური მომენტი გაცვალეს და კიდევ უფრო მოგვიანებით ჰაიტი მეტოქემ კიდევ ორჯერ დაამწუხრა. საუკეთესო ენერ ვალენსია გახლდათ, რომელმაც ერთი გაიტანა და ორი საგოლე პასიც გააკეთა.

"ამ კოპა ამერიკაზე ერთ მიზანს - პროგრამა-მინიმუმს მივაღწიეთ. ახლა წინ უნდა წავიდეთ. უფრო თავდაჯერებულები ვართ და ყველაფერს გავაანალიზებთ, შეცდომების გამოსასწორებლად კიდევ რამდენიმე დღე გვაქვს. მომავალ მატჩს მაქსიმალურად მომზადებულნი შევხვდებით და ეს შეხვედრა ჩვენთვის ფინალივით იქნება" - განაცხადა ეკვადორელთა მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო კინტეროსმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბრაზილიას 7:1 აშკარად ცუდად აქვს დაცდილი. ორი წლის წინათ რაც მოხდა, ყველას მშვენივრად გვახსოვს და ახლა "სელესაომ" 7:1 კი არ წააგო, მოიგო, მაგრამ რად გინდა... საბოლოოდ მაინც ჯგუფში ჩარჩა. კარლოს დუნგას კრიტიკის მორიგი ქარიშხალი ელის, რადგან კოპა ამერიკის ჯგუფიდან ვერგასვლა პენტაკამპეონთა პრესტიჟზე კიდევ ერთი სერიოზული დარტყმაა.

ბრაზილიელებს ფრეც ჰყოფნიდათ ჯგუფიდან გასვლისთვის, მაგრამ ადგნენ და... პერუსთან დამარცხდნენ. ფაქტია, ნეიმარის გარეშე ამ ფორმაციის ნაკრების თამაში, რბილად რომ ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელია და გულის სიღრმეში ფანები შესაძლოა, უკვე სერიოზულად ანერვიულდნენ იმაზე, რომ მათი საყვარელი ნაკრები ისტორიაში პირველად შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩეს!

მეორე მხრივ, სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ მოგება პერუს სჭირდებოდა, მაგრამ თუკი ვინმე თამაშობდა გამარჯვებისთვის, ეს ბრაზილია გახლდათ. სხვა საკითხია, რომ დაცვაში ჩაკეტილი მეტოქის რეალურად შეწუხება "სელესაოს" უჭირდა და რაღაც მომენტში, დუნგას ბიჭები შორეულ დარტყმებზე გადაერთნენ. ძალიან კარგი იყო პერუელთა მეკარე გალესე.

გოლი კი სკანდალური გამოდგა. შეცვლაზე შემოსულმა რაულ რუიდიასმა აშკარად ხელით ითამაშა, მაგრამ დავა-კამათისა და გარჩევების მიუხედავად, მთავარმა არბიტრმა ანდრეს კუნიამ ხელი ცენტრისკენ გაიშვირა.

დარჩენილ დროში ბრაზილიელებს ერთი მომენტი ჰქონდათ. მწვავე ჩაწოდებულს ელიასი კარგად ვერ მისწვდა და მუხლით მოახერხა ბურთთან შეხება, მაგრამ გალესეს ჯობნისათვის ეს საკმარისი არ იყო.

"წაგება არავის უყვარს და შესაბამისად, არც ერთ ბრაზილიელს არ მოეწონება, რაც მოხდა. ახლა ჩვენ რთული დრო გვიდგას, მაგრამ მობილიზება გვჭირდება. არც პოსტის დაკარგვის და არც არაფერი სხვის არ მეშინია, ეს უბრალოდ, სამსახურია.

ერთადერთი რამ, რისიც მეშინია, სიკვდილია, მეტის არაფრის. გერმანიას 14 წელიწადი დასჭირდა იმისთვის, რომ ძველ სიმაღლეზე დაბრუნებულიყო. ჩვენი ახალი თავგადასავალი კი სულ ორი წელია დაიწყო და მესმის, რომ კარგი ტურნირი არ გვქონდა, მაგრამ ფანებს მოთმინება მართებთ" - განაცხადა დუნგამ.

შედეგად, პერუმ ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და რიკარდო გარეკას გუნდი მეოთხედფინალში კიდევ ერთი არგენტინელი სპეციალისტის, ხოსე პეკერმანის კოლუმბიას დაუპირისპირდება. ეკვადორს კი მასპინძელ აშშ-სთან მოუწევს ჭიდილი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეკვადორი-ჰაიტი 4:0
გოლები: 1:0 ე. ვალენსია (11), 2:0 აიოვი (20), 3:0 ნობოა (57), 4:0 ა. ვალენსია (78)
ეკვადორი (4-4-2): დომინგესი - პარედესი, მინა მესა, ერასო, აიოვი - ა. ვალენსია, ნობოა, გრუესო, მონტერო - ე. ვალენსია, აიოვი
ჰაიტი (4-1-4-1): ვილიარი - და სილვა, გომესი, ბალბუენა (46. იტურბე), სამუდიო - აიალა, ორტისი (55. როხასი), ალმირონი, გონსალესი - ლესკანო, სანაბრია (63. ბენიტესი)
გაფრთხილება: იედლინი, იედლინი, ბრედლი, ვუდი, ოროსკო, ჯოუნსი - ორტისი, როხასი, აიალა
კუთხური: 3-8 ჯარიმა: 20-16 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 7(2)-19(6) ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 50 976

ბრაზილია-პერუ 0:1
გოლი: 0:1 რუიდიასი (75)
ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი - დანი ალვეში, მირანდა, ჟილი, ფილიპე ლუიში - ელიასი, რენატო აუგუსტო - ლუკას ლიმა, კოუტინიო, ვილიანი - გაბრიელი (72. ჰალკი)
პერუ (4-2-3-1): გალესე - კორსო, რამოსი, როდრიგესი, ტრაუსო - ბალბინი (46. იოტუნი), ვილშესი - პოლო, ფლორესი (64. რუიდიასი), კუევა (90+1. ტაპია) - გერერო
გაფრთხილება: ლუკას ლიმა, რენატო აუგუსტო - იოტუნი
კუთხური: 10-2 ჯარიმა: 18-10 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 14(5)-4(2) ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 36 187

თ მ ფ წ ბ ქ
1. პერუ 3 2 1 0 4-2 7
2. ეკვადორი 3 1 2 0 6-2 5
3. ბრაზილია 3 1 1 1 7-2 4
4. ჰაიტი 3 0 0 3 1-12 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული