კოპა ამერიკა სენტენარიო. 1/4 ფინალი: მესი ბატიგოლს გაუტოლდა [VIDEO]

AutoSharing Option
* მექსიკელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსე კარლოს ოსორიომ 9 მოგებისა და 1 ფრის მერე პირველი მატჩი წააგო. …

* ჩილეს ბოლო 17 მატჩში მხოლოდ 2-ჯერ აქვს ფრე ნათამაშები.

* არგენტინამ ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო. პროცესში გუნდს 20 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ 3 გაშვებული.

* ვენესუელას უკვე 9 თამაშია მატჩში 1 ბურთზე მეტი არ გაუტანია.

* პერუს ნაკრები კოპა ამერიკიდან ისე გავარდა, რომ არც ერთი მატჩი არ წაუგია და 4 შეხვედრიდან 3-ში კარი მშრალად შეინახა.

* აშშ-ს უკანასკნელი 11 შეხვედრიდან 9
მოგებული აქვს, 2 თამაში კი გუნდმა ფრედ დაასრულა.

საიუბილეო კოპა ამერიკის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. აქედან ორი შარშანდელი ფინალისტია (ჩილე, არგენტინა).

ამერიკელებს მხსნელად ისევ თავიანთი სუპერგმირი კლინტ დემპსი მოევლინა, რომელმაც ჯერ ეფეტური თავურით შეაგდო ჯერმეინ ჯოუნსის ჩაწოდების შემდეგ, ხოლო მერე ზარდესს გაატანინა. მეორე გოლისას გუნდები უკვე 10-10 ფეხბურთელით იყვნენ - კოლუმბიელთა უხეშობას ჯოუნსის აღშფოთება მოჰყვა, იგი თანგუნდელს გამოექომაგა და ისეთი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ არბიტრმა მაინც გააძევა, თანაც, პირდაპირ წითელი უჩვენა, რაც ზედმეტად მკაცრი გადაწყვეტილება გახლდათ და იურგენ კლინსმანი მატჩის შემდეგ სწორედ ამაზე ჩიოდა, ყველაფერი ჩემგან რამდენიმე მეტრში მოხდა და წამყვანი ფეხბურთელი არაფრის გულისთვის დავკარგეთო. იმავე მომენტში მეორე ყვითელი დამსახურებულად მიიღო ანტონიო ვალენსიამ.

შემდეგ, მაიკლ აროიომ მშვენიერი დარტყმით გატანა მოახერხა და სხვაობა შეამცირა. ბოლო წუთებში კი ეკვადორელებს, ენერ ვალენსიას თამადობით, ორი-სამი კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს და კოპა ამერიკა სენტენარიოს მასპინძელი აშშ ნახევარფინალში გავიდა.

"ჩვენი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით. ბოლო წუთებში რამდენიმე სანერვიულო მომენტი იყო, ნაგრამ საბედნიეროდ, მოგება მოვახერხეთ, ვფიქრობ, გამარჯვება გვეკუთვნოდა" - განაცხადა კლინსმანმა,

***
პერუსა და კოლუმბიის დაპირისპირება ყოვლად უსახური გამოდგა. გუნდებმა კარში ზუსტად მხოლოდ თითოჯერ დაარტყეს და, რა გასაკვირია, რომ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც პერუელებმა მე-3 და მე-4 თერთმეტმეტრიანი გააცუდეს და კოლუმბიამ სერიაში 4:2 მოიგო - ტარუკოს ოსპინამ ფეხით ახუღო, ხოლო კუევამ ააცილა. ეს ამავდროულად იმას ნიშნავს, რომ კოპა ამერიკას ახალი ბომბარდირი ეყოლება, რადგან წინა ორი გათამაშების საუკეთესო სნაიპერი ხოსე პაოლო გერერო ტურნირს გამოეთიშა. ხოსე პეკერმანის გუნდი კი პირველ ორ შეხვედრაში შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მერე მოუკლო და თამაშის გაუმჯობესება უნდა სცადოს, თორემ ნახევარფინალში ძალიან გაუჭირდება.

პერუელები კი მატჩის შემდეგ მსაჯობაზეც წუწუნებდნენ, რამდენიმე მომენტში დავზარალდით არბიტრის არასწორი გადაწყვეტილებითო. მათი მთავარი მწვრთნელი რიკარდო გარეკა მარცხს უიღბლობასაც აბრალებდა. მეტოქეს თუ არ ვჯობდით, არ ჩამოუვარდებოდით ლატარეამ გადაწყვიტა ნახევარფინალისტის ვინაობაო.

***
არგენტინამ კიდევ ერთხელ გაუსვა მკაფიო ხაზი ფავორიტის სტატუსს. ხერარდო მარტინოს ბიჭები ისევ სოლიდურად და შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ. "ტატას" გუნდმა დებიუტშივე გახსნა ანგარიში, როდესაც ლიონელ მესიმ შესანიშნავი გრძელი პასი გააკეთა და გონსალო იგუაინმაც კარგად დაარტყა. მერე "პიპიტამ" მეტოქის მცველების შეცდომით ისარგებლა და 2:0 გახადა.

დადგა თავად მესის ჯერიც, ლეომ ნაკრებში თავისი 54-ე გოლი გაიტანა და გაბრიელ ომარ ბატისტუტას გაუთანაბრდა, ცოტაც და "ბატიგოლს" გადაასწრებს კიდეც. ისე, მესის გოლამდე წესით, სეიასს უნდა გაეტანა, მაგრამ პენალტი შუაში დაარტყა, რომერომ კი დამაჯერებლად ითამაშა.

ერთი, რაც ვენესუელამ გააკეთა სალომონ რონდონის თავური იყო. "ვესტ ბრომვიჩის" ფეხბურთელმა დიდი ამბით ბურთი ცენტრისკენ კი წამოიღო, მაგრამ სადღაც წუთში ერიკ ლამელამ ვენესუელელებს ყოველგვარი ილუზიები გაუფანტა.

"ეს მნიშვნელოვანი რეკორდია, თანაც საუბარი ბატიგოლის მაჩვენებლის გაუმჯობესებაზეა. თუმცა უპირველეს ყოვლისა, გუნდის კარგი შედეგი მახარებს. ჩვენ ნახევარფინალში გავედით, სადაც ჩემი აზრით, ძალიან მძიმე ბრძოლა გველის, რადგან როგორც ხედავთ, ამერიკას ძლიერი და კარგი ნაკრები ჰყავს. ჩვენ კი მატჩიდან-მატჩამდე პროგრესი გვაქვს და უნდა ვცადოთ, რომ ასევე გავაგრელოთ. იმედი მაქვს ფინალში გასვლას მოვახერხებთ, ჩვენ ამ ტუნრირის მოგება გვინდა" - თქვა მესიმ.

ხერარდო მარტინო: "მან უკვე გაიმეორა რეკორდი და მინდა, რომ ამ კოპა ამერიკაზე გააუმჯობესოს ის. მესი დომინანტია და თამაში მიჰყავს, მას განსაკუტრებული ყურადღებით ეთამაშებიან, მაგრამ ეს არ აბრკოლებს, თან სხვებს მეტი სივრცე რჩებათ".

***
მექსიკასა და ჩილეს მატჩში ბევრ გოლს ნამდვილად ველოდით, მაგრამ იმას, რაც სანტა კლარაში 70 ათასზე მეტი მაყურებლის თვალწინ მოხდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით. თანაც მექსიკა ტურნირზე არგენტინასთან ერთად ალბათ ყველაზე ეფექტური იყო, და გვეგონა შორს წავიდოდა, მაგრამ… კოპა ამერიკის მოქმედმა გამარჯვებულმა მექსიკელთაგან კაქტუსი კაქტუსზე აღარ დატოვა.

მეტოქის რბევა პუჩმა დაიწყო და დაამთავრა, რომელსაც პიციმ კარგად მიაგნო და მიგნებაზე მეტად რომ ენდო ესაა მთავარი. ერთი ალექსის სანჩესმა შეაგდო, ოთხი კი ედუ ვარგასმა. კარგი იყო სანჩესის ერთი საგოლე გადაცემა. რაც შეეხება არტურო ვიდალს ის ამჯერად ორი შედეგიანი პასით დაკმაყოფილდა.

სხვათა შორის, ხუან ანტონიო პიციმ განსაკუთრებულად არც ერთი გოლის ავტორი არ გამოარჩია და სწორედ ვიდალი შეაქო, "მეფე არტურო" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიაო.

ჩილე ნახევარფინალში კოლუმბიას დაუპირსიპირდება. მატჩი ყველანაირი გაგებით, ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს, მათ შორის, ორი მშვენიერი სპეციალისტის პიცისა და პეკერმანის ტაქტიკური დუელის მხრივაც.

"დავტკბეთ მომენტით, შემდეგ კი კოლუმბიასთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც ძალიან რთული იქნება. ძნელი იყო დღევანდელ შეხვედრაში ასე დომინირებაც. მექსიკას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ჩვენ ცენტრს მთლიანად ვაკონტროლებდით და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თამაში გამოგვივიდა. ბიჭებმა ჩილეს საფეხბურთო ისტორიაში კიდევ ერთი შესანიშნავი ფურცელი ჩაწერეს და იმედი მაქვს, რომ წიგნს ამავე ტურნირზე გავაგრძელებთ და ახალ თავებს ჩავამატებთ" - თქვა პიციმ.

აშშ-ეკვადორი 2:1
გოლები: 1:0 დემპსი (27), 2:0 ზარდესი (65), 2:1 მ. აროიო (74)
აშშ (4-4-2): გუზანი - ჯონსონი, კამერონი, ბრუკსი, ბესლერი - ზარდესი (90+4. ბირნბაუმი), ბრედლი, ჯოუნსი, ბედოია (81. ზუსი) - ვუდი, დემპსი (74. ბეკერმანი)
ეკვადორი (4-2-3-1): დომინგესი - პარედესი, მინა, ერასო, აიოვი - ნობოა (62. გაიბორი), გრუესო (72. რამირესი) - ა. ვალენსია, მ. აროიო, მონტერო - ე. ვალენსია
გაფრთხილება: ვუდი, ბედოია, გუზანი - ა. ვალენსია, ა. ვალენსია, პარედესი (82. ხ. აიოვი)
გაძევება: ჯოუნსი (52), ვალენსია (52)
კუთხური: 4-5 ჯარიმა: 12-13 თამაშგარე: 0-4 კარში დარტყმა: 9(4)-18(3) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 47 322

პერუ-კოლუმბია 0:0 (2:4-პენ.)
პერუ (4-2-3-1): გალესე - კორსო, რამოსი, როდრიგესი, ტრაუსო - ტაპია, ვილშესი - პოლო (81. ბენავენტე), კუევა, ფლორესი (77. რუიდიასი) - გერერო
კოლუმბია (4-3-3): ოსპინა - არიასი, საპატა, მურილიო, დიასი (90+1. ფაბრა) - სანჩესი, ტორესი (80. პერესი) - კუადრადო, როდრიგესი, კარდონა (76. მორენო) - ბაკა
გაფრთხილება: ტაპია - საპატა, დიასი
კუთხური: 3-2 ჯარიმა: 18-12 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 4(1)-9(1) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 79 194

მექსიკა-ჩილე 0:7
გოლები: 0:1 პუჩი (16), 0:2 ვარგასი (44), 0:3 სანჩესი (49), 0:4 ვარგასი (52), 0:5 ვარგასი (57), 0:6 ვარგასი (74), 0:7 პუჩი (87)
მექსიკა (4-2-3-1): ოჩოა - აგილარი, არაუხო, მორენო, ლაიუნი - დუენიასი (46. პენა), გუარდადო - ლოზანო (46. ხიმენესი), ერერა, კორონა (60. რეიესი) - ხ. ერნანდესი
ჩილე (4-3-3): ბრავო - ფუენსალიდა, მედელი (60. როკო), ხარა, ბოსეჟური (73. გონსალესი) - არანგისი, დიასი (57. სილვა), ვიდალი - პუჩი, ვარგასი, სანჩესი
გაფრთხილება: გუარდადო, ლაიუნი - ვიდალი
კუთხური: 7-4 ჯარიმა: 12-10 თამაშგარე: 1-6 კარში დარტყმა: 9(1)-21(11) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 70 547

არგენტინა-ვენესუელა 4:1
გოლები: 1:0 იგუაინი (8), 2:0 იგუაინი (28), 3:0 მესი (60), 3:1 რონდონი (70), 4:1 ლამელა (71)
არგენტინა (4-2-3-1): რომერო - მერკადო, ოტამენდი, რამირო ფუნეს მორი, როხო - ფერნანდესი, მასკერანო, ბანეგა (80. ბილია) - გაიტანი (67. ლამელა), მესი, იგუაინი (74. აგუერო)
ვენესუელა (4-4-1): ერნანდესი - გონსალესი, უილკერი, ვისკარონდო, ფელტშერი - გერა, რინკონი (85. ველასკესი), ფიგერა, სეიასი (55. ხუანპი) - მარტინესი (80. დელ ვალე), რონდონი
გაფრთხილება: გაიტანი - სეიასი, უილკერი, ფიგერა, რონდონი
კუთხური: 2-7 ჯარიმა: 10-20 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 11(6)-10(4) ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 59 183

1/2 ფინალი
21 ივნისი
აშშ-არგენტინა 05:00

22 ივნისი

კოლუმბია-ჩილე 04:00

ბომბარდირები: 6 - ედუარდო ვარგასი (ჩილე); 4 - ლიონელ მესი (არგენტინა); 3 - ფილიპე კოუტინიო (ბრაზილია), ალექსის სანჩესი (ჩილე), კლინტ დემპსი (აშშ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია მესი და კომპანია ეხლა მაინც დადებს ტიტულს.
sabonis
12:08 20-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული