მომავლის ვარსკვლავები: ახალი დიბალა, ახალი მასკერანო და სხვები...

AutoSharing Option
დღეს გთავაზობთ ბრაზილიელი და არგენტინელი ახალგაზრდა ფეხბურთელების ჩამონათვალს, რომლებიც ჯერ სამშობლოში თამაშობენ, მაგრამ ახლო მომავალში მიაშურებენ ევროპულ კლუბებს და, დიდი ალბათობით, ვარსკვლავებიც გახდებიან.

ცხადია, მნიშვნელოვნად გაიზრდება მათი სატრანსფერო ღირებულება.

კრისტიან პავონი, ბოკა ხუნიორსი, 20 წლის
მარჯვენა გარემარბი, ფასი 4 მილიონი ევრო
დაბალი ფეხბურთელი (მისი სიმაღლე 1,68 სანტიმეტრია) ზაფხულში ლიბერტადორესის თასის გათამაშების ვარსკვლავი გახდა. მან ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამის შემდეგ პავონი "ბოკას" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. მიმდინარე სეზონში მას არგენტინის ჩემპიონატში ერთი შეხვედრაც კი არ გამოუტოვებია.
პავონი ძალიან სტაბილურია - გაიტანა ექვსი გოლი და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა. საინტერესოა, რომ ამ ნიჭიერმა ფეხბურთელმა რამდენიმე შეხვედრა შეტევის მარცხენა ფლანგზეც ჩაატარა. იცის ფლანგიდან ცენტრისკენ გადანაცვლება და შეტევის შედეგიანად დასრულება. მას ხშირად პაულო დიბალას ადარებენ.

ჟორჟე, ფლამენგო, 20 წლის
მარცხენა მცველი, ფასი 2,5 მილიონი
დაცვაში ძალიან საიმედოა. ეხერხება ართმევა, ვარდნა, პოზიციურად ძალიან კარგია. ამასთან ერთად, ძალიან აქტიურად ერთვება შეტევებში. ბრაზილიის ჩემპიონატში ჟორჟემ ორი გოლი გაიტანა.

სამხრეთ ამერიკის თასზე კი მის ანგარიშზე ერთი გოლი და ორი საგოლე პასია. მან ოცწლამდელთა მუნდიალზეც გამოიჩინა თავი. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, "ფლამენგოში" ას მატჩზე მეტი ითამაშა. ასე რომ, გამოცდილებას ვერავინ დაუწუნებს.

ტიაგო მაია, სანტოსი, 19 წლის
საყრდენი ნახევარმცველი, ფასი 3 მილიონი
ის იშვიათად აძლევს პასს შემტევებს. ურჩევნია, ახლოს მყოფ პარტნიორთან გაითამაშოს ბურთი. ის თითქმის არასოდეს რისკავს. სამაგიეროდ, აქვს ბრაზილიელი ნახევარმცველისათვის არადამახასიათებელი თვისებები. შესანიშნავად თამაშობს დაცვაში და, ამასთან ერთად, 90 წუთის განმავლობაში არ კარგავს კონცენტრაციას.

თამაშში საშუალოდ ხუთ ჩაჭრას და ართმევას აკეთებს მატჩის განმავლობაში. ცოტა ნელია, მაგრამ ამ ნაკლს ზეაკურატული თამაშით ასწორებს. მისი პასების სიზუსტის მაჩვენებელი 86 პროცენტია. 19 წლის საყრდენისათვის დიდებული შედეგია.

სებასტიან დრიუსი, რივერ პლეიტი, 20 წლის
თავდამსხმელი, ფასი 3,5 მილიონი
"რივერ პლეიტს" საქმეები კარგად ვერ მისდის. გუნდმა შინ წააგო სუპერკლასიკო. ჩემპიონატში ერთ-ერთი ფავორიტი მეშვიდე ადგილზეა. რომ არა რიუსი, ტრადიციებით მდიდარი კლუბის საქმეები უფრო ცუდად იქნებოდა. კლუბის აღზრდილს დიდ ფეხბურთში დებიუტი სამი წლის წინ ჰქონდა.

ახლა კი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. მან გაასწრო ლუკას ალარიოს, რომელიც უკვე დიდი ხანია, სტაბილურად თამაშობს. ამ სეზონში არგენტინის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი შეაგდო. დრიუსი კარგად თამაშობს თავით, მაგრამ მისი მთავარი ღირსება სისწრაფეა. ასევე აქვს შესანიშნავი დრიბლინგი და საგოლე ალღო. საშუალოდ სამი დარტყმიდან ერთი გააქვს.

ვიტორ ბუენო, სანტოსი, 22 წლის
შემტევი ნახევარმცველი, ფასი 1 მილიონი
ბრაზილიური საზომებით ძალიან გვიან ათამაშდა. მხოლოდ 22 წლისა მოხვდა "სანტოსის" ძირითად შემადგენლობაში. ესეც მას შემდეგ, რაც ლუკას ლიმამ ტრავმა მიიღო. თამამად შეიძლება უთქვას, რომ სეზონის აღმოჩენა გახდა. ბრაზილიის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა.

ითამაშა ნახევარდაცვის ცენტრში და ფლანგზე. გაიტანა 10 გოლი და გააკეთა 3 საგოლე პასი. მისი გადაბირებით პორტუგალიური ფეხბურთის გრანდები არიან დაინტერესებულნი.

სანტიაგო ასკასიბარი, ესტუდიანტესი, 19 წლის
საყრდენი ნახევარმცველი, ფასი 2,8 მილიონი
არგენტინაში მას ძალიან ხშირად ადარებენ ხავიერ მასკერანოს. ძალიან კარგად კითხულობს თამაშს და ამასთან ერთად, აგრესიულია დაცვაში.

არადა, სიმაღლით სულ 167 სანტიმეტრია და 68 კილოგრამს იწონის. საშუალოდ 3,5 ორთაბრძოლას იგებს მატჩის განმავლობაში. მისი სერიოზული მინუსია ზღვარსგადასული უხეშობა. ეს არ აშინებთ "ატლეტიკოს" სკაუტებს, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს სანტიაგოს თამაშს.

გუსტავო სკარპა, ფლუმინენსე 22 წლის
შემტევი ნახევარმცველი, ფასი 4 მილიონი
უკვე ორი სეზონია, სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს. "ფლუმინენსემ" სეზონი მშვიდად ჩაამთავრა, მას არ უბრძოლია გადარჩენისათვის და ამაში სკარპას წვლილი ძალიან დიდია. 34 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

მის გადაბირებასთან ძალიან ახლოსაა პორტუგალიური ფეხბურთის გრანდი "ბენფიკა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული