ევროუქმეების წინ: სუპერკვირა - მანჩესტერელები ლივერპულელების წინააღმდეგ...

AutoSharing Option
ეს უკვე თითქმის სრული შემადგენლობაა! - ევროპის ტოპ-ლიგებს აკლია მხოლოდ ბუნდესლიგა, რომელიც კიდევ ერთ კვირას დაისვენებს. უქმეების ცენტრალურ მატჩად კი "ოცნებათა თეატრის" დაპირისპირება გვესახება ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედსა" და იურგენ კლოპის "ლივერპულს" შორის.

პრემიერლიგა: სევდიანი ტური
ინგლისი ნაკრების ყოფილ თავკაცს, გრემ ტეილორს გლოვობს, რომელიც ხუთშაბათს გულის შეტევით გარდაიცვალა. ამიტომ ამ ტურში ყველა შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ნაკრების გარდა, ტეილორი ამჟამად პრემიერლიგაში მოთამაშე "უოტფორდსაც" წვრთნიდა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" უკვე 15 მატჩია არ წაუგია და ზედიზედ 9 მოგება აქვს.

თუ "წითელი ეშმაკები" მეათესაც
მიაყოლებენ, ეს ათმაგ შემართებას მისცემს ჟოზე მოურინიოს გუნდს, რადგან ეს გამარჯვება "ლივერპულთან" პრინციპულ შეხვედრაში იქნება. "განსაკუთრებულმა" "მანჩესტერის" ფანებს განსაკუთრებული მხარდაჭერისკენ მოუწოდა, ისე უნდა გვიგულშემატკივროთ და ისე მხურვალედ გვიქომაგოთ, როგორც არასდროსო. ასე რომ, "ოლდ ტრაფორდზე" ყველანაირი გაგებით დიდი ამბავი იქნება.

"ოცნებების თეატრზე" ოცნებას გააგრძელებს იურგენ კლოპი. გერმანელი სპეციალისტი არც ისე კარგ ხასიათზეა, რადგან მისმა გუნდმა ჯერ აუტსაიდერ "სანდერლენდთან" მატჩში ბოლოსკენ გაუშვა გოლი და ორი ქულა დაკარგა, მერე ასოციაციის თასზე ქვედალიგელ "პლიმუთთან" ვერ მოიგო და ლიგის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "სენტ მერიზე" "საუთჰემპტონთან" დამარცხდა.

თუ "კლოპოს" გუნდი "ოლდ ტრაფორდზეც" წააგებს, ამან მერსისაიდელები შესაძლოა, ისე ამოაგდოს კალაპოტიდან, რომ ვინ იცის, გუნდს მთელი სეზონი აერიოს. გერმანელ სპეციალისტს ამ შეხვედრის მნიშვნელობა ჩვენზე უკეთ ესმის და იცის, რომ წაგება არ უნდა დაუშვას.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს ევროპალიგაზეც გადაეყარნენ და "ენფილდზე" "ლივერპულმა" 2:0 მოიგო, ხოლო მანჩესტერში შეხვედრა 1:1 დასრულდა. რაც შეეხება კონკრეტულად პრემიერლიგას, ინგლისის ჩემპიონატში მერსისაიდელებს "წითელი ეშმაკები" უკვე 5 მატჩია, არ დაუმარცხებიათ - 1 ფრე, 4 წაგება.

"მანჩესტერის" შემადგენლობა საბრძოლო იქნება. "ჰალთან" სათასო შეხვედრა, რომელიც "იუნაიტედმა" 2:0 მოიგო, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამოტოვა ოფიციალური მიზეზით, ეს გაციების გამო მოხდა. ასეა თუ ისე, მოურინიომ ფანები დაარწმუნა, რომ იბრაკადაბრა იქნება. რაც შეეხება "ლივერპულს", დაბრუნდა ფილიპე კოუტინიო, მაგრამ ბრაზილიელი ჯერ ოპტიმალურ ფორმაში ვერ იქნება და სავარაუდოდ, კლოპი მას ძირითადში არ დააყენებს. სათუოა ჯორდან ჰენდერსონისა და ჯეიმს მილნერის თამაში, მაგრამ ექიმებს იმედი აქვთ, რომ მათ მწყობრში ჩაყენებას მოასწრებენ.

ლიდერი "ჩელსი" "კინგ პოუერზე" ჩადის. "ლესტერი" წინა სეზონში ოფიციალურად სწორედ "ლურჯებმა" გააჩემპიონეს, ახლა კი თავად ლონდონელებს სჭირდებათ ლესტერშირელების დახმარება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხუმრობით, რადგან არც "ჩელსის" სჭირს რამე დასახმარებელი და არც "მელიები" აპირებენ რამის დათმობას.

შემადგენლობები თითქმის საბრძოლო იქნება. ერთადერთი დანაკლისი ჯონ ტერია. "ლურჯების" ვეტერანი კაპიტანი დისკვალიფიცირებულია, ხოლო ლესტერელი რიად მაჰრეზი აფრიკის ეროვნებათა თასზე გაემგზავრა.

ანტონიო კონტეს გუნდის ზღაპრული სერია, რომელიც ზედიზედ 13 მოგებისგან შედგებოდა, დასრულდა. "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრები "უაით ჰართ ლეინზე" "ტოტენჰემთან" დამარცხდნენ და ახლა უნდა დაამტკიცონ, რომ ეს გაუგებრობა იყო. თანაც თებერვლის დასაწყისში მიყოლებითაა "ლივერპულთან" და "არსენალთან" რთული მატჩები. "ლესტერი" კი თითქოს, ნელ-ნელა ფერზე მოდის და ასოციაციის თასზე "ევერტონთან" საგარეო მოგება კლაუდიო რანიერის ბიჭებს უფრო შეაგულიანებს.

რადგან "ევერტონი" ვახსენეთ და სიტყვამ მოიტანა, აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ "კანფეტების" დაპირისპირება "სიტისთან". უშუალოდ პრემიერლიგაში მერსისაიდელებს უკვე 7 მატჩია, "ქალაქელები" არ დაუმარცხებიათ - 3 ფრე, 4 წაგება. წინა სეზონში ამ გუნდების ორივე ურთიერთშეხვედრა ფრედ დასრულდა. ეს კლუბები ლიგის თასზეც გადაეყარნენ ერთმანეთს და "ევერტონმა" საშინაო მატჩი 2:1 მოიგო, ხოლო საპასუხო შეხვედრაში "ეტიჰადზეც" იგებდა, მაგრამ საბოლოოდ დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა - 1:3.

ხოსეპ გვარდიოლას ილქაი გიუნდოგანი რომ არ ეყოლება, არახალია. ალბათ, ისიც იცით, რომ დისკვალიფიკაციას იხდის ფერნანდინიო. ასევე ძველი ამბავია ის, რომ ლივერპულელებს იანიკ ბოლაზი, მოჰამედ ბეშიჩი და მაარტენ სტეკელენბურგი არ ჰყავთ.

"ევერტონისთვის" ეს ბოლო შანსია იმისა, რომ უკვე დაძრულ მატარებელს შემოახტეს ან თვალთახედვის არეში მაინც დაიტოვოს. ამისთვის ლივერპულელებმა მანჩესტერელები უნდა დაამარცხონ. დიახ, ამ ქალაქის ორ-ორი გუნდი ამ ტურში ერთურთს ეთამაშება. ასევე ვთქვათ, რომ ეს შესაძლოა, "ბარსელონას" მომავალი და ყოფილი მწვრთნელების დუელი იყოს, რადგან რონალდ კუმანს აქტიურად უკავშირებენ კატალონიელებს და ლუის ენრიკეს ჩანაცვლების კანდიდატად განიხილავენ.

იქამდე კი, ჰოლანდიელმა "ევერტონში" არსებულ ხარვეზებზე უნდა იფიქროს და მათ გამოსწორებაზე იზრუნოს. რაც შეეხება გვარდიოლას, მან ძალიან კარგად იცის თითოეული ქულის ფასი და პეპმა ისიც იცის, რომ ასეთი მატჩების მოგების გარეშე მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძოლებს. მეორე მხრივ, მისი გუნდის თამაშში კვლავ არაერთი ხარვეზია და "სიტისთვის" ეს მატჩი ადვილი ნამდვილად არ იქნება.

სერია A: იქ, სადაც "იუვეს" ყოველთვის უჭირს
სერია A-ს მე-20 ტურში არაერთი საინტერესო მატჩი გაიმართება, თუმცა მათგან ორი მაინც განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ფლორენციაში "ფიორენტინა" "იუვენტუსს" უმასპინძლებს, ტურინში კი "ტორინო" "მილანს" დაუხვდება.

"იუვენტუსს" ტრადიციულად უჭირს ფლორენციაში და სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ხშირად აგებს კიდეც. წესით, "ფიორენტინამ" ამჯერადაც დიდი ბრძოლა უნდა გაუმართოს მრისხანე მეტოქეს.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, მასიმილიანო ალეგრი 3-5-2 ტაქტიკას დაუბრუნდება და შეტევაში პაულო დიბალა-გონსალო იგუაინის ტანდემს გაამწესებს. ნახევარდაცვაში სავარაუდოდ, ასეთ ხუთეულს ვიხილავთ: ხუან კუადრადო, სამი ხედირა, კლაუდიო მარკიზიო, მირალემ პანიჩი და ალექს სანდრო. ბოლო პერიოდში, ალეგრი მეტწილად 4-3-1-2 სქემას იყენებდა, თუმცა, როგორც ჩანს, "ფიორენტინასთან" ძველ ტაქტიკას დაეყრდნობა. ტრავმის გამო "იუვე" დანი ალვეშს მოისაკლისებს, შტეფან ლიხტშტაინერი კი დისკვალიფიცირებულია.

პაულო სოუზა გვპირდება, რომ "ფიორენტინა" "იუვენტუსს" შემტევ ფეხბურთს დაუპირისპირებს. "გაძეტა" ფლორენციელთა თამამ ტაქტიკას ვარაუდობს - შეტევის წინა ხაზზე ნიკოლა კალინიჩი, ხოლო სიღრმიდან ფედერიკო ბერნარდესკი, იოსიპ ილიჩიჩი და ფედერიკო კიეზა. ოთხი გამოკვეთილი შემტევი ძირითადში "იუვეს" წინააღმდეგ, ავანტიურას ჰგავს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

გუშინ "მილანი" და "ტორინო" იტალიის თასის 1/8-ფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ორშაბათს კი უკვე სერია A-ს ეგიდით ითამაშებენ. თუ თასის მატჩი "სან სიროზე" გაიმართა, ჩემპიონატის მატჩი ტურინში შედგება.

"ტორინო" ტრავმის გამო მოლინაროს და ვივესს მოისაკლისებს, "მილანს" კი აბატეს, ფერნანდესის, მონტოლივოს და კუცკას გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. ორივე მწვრთნელი 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს - ტურინელები ადემ ლიაიჩით, იაგო ფალკეთი და ადემ ლიაიჩით შეუტევენ, "მილანს" კი შეტევაში მბაიე ნიანგი, სუსო და კარლოს ბაკა ეყოლება. შესაბამისად, თადარიგში დარჩება ჯანლუკა ლაპადულა. ორივე გუნდი ევროსაგზურისთვის იბრძვის, სასწორზე 6 ქულა დევს და წესით, დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს.

"ტორინოს" "მილანის" ყოფილი მწვრთნელი, სინიშა მიხაილოვიჩი უდგას სათავეში და ბოლოს, მას გადავცეთ სიტყვა: "რთულია, როდესაც ერთ გუნდს მოკლე ინტერვალით ორჯერ ხვდები და თანაც, სხვადასხვა ტურნირზე. ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც სათასო, ისე ჩემპიონატის დაპირისპირება. მართალია, "მილანიდან" გამათავისუფლეს, მაგრამ შურისძიება არასდროს მამოძრავებდა. ვეცდებით, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ და გულშემატკივარი გავახაროთ".

Sportall.Ge

ლა ლიგა: სევილია-რეალი დუბლი III
"სევილია" და "რეალი" 2017 წელს უკვე მესამედ ხვდებიან ერთმანეთს. თუ პირველი ორი სათასო დაპირისპირება იყო, ახლა გუნდები ჩემპიონატის მატჩს გამართავენ, სადაც ისინი შესაბამისად, მეორე და პირველ ადგილებზე არიან.

"სანჩეს პისხუანზე" ჩამოცხება, რადგან "რეალის" გამარჯვების შემთხვევაში ლა ლიგაში ტიტულისთვის ბრძოლას ინტრიგა მოაკლდება.

სავარაუდო შემადგენლობები:
სევილია (5-4-1): ს. რიკო - მარიანო, მერკადო, პარეხა, ლონლე, ესკუდერო - ფ. ვასკესი, ნზონზი, ნასრი, ვიტოლო - ბენ იედერი
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ს. რამოსი, ვარანი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ლ. ვასკესი, ბენზემა, რონალდო.

"ბარსელონა" "ლას პალმასს" ეთამაშება, ლუის ენრიკეს გუნდი სათასო ბატალიის შემდეგ შესანიშნავ ხასიათზეა. დიდებულად თამაშობს შემტევი ტრიდენტი, კარგია ინიესტა, გუნდს დაუბრუნდა რაკიტიჩიც. მოკლედ, კანარელებთან გუნდი საუკეთესო სასტარტო შემადგენლობას გამოიყვანს.

ბარსელონა (სავარაუდო): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი.

Sportall.Ge

ლიგა 1: ცალკარა აღარ იქნება
ლიგა 1-ის მე-20 ტურში სამხრეთული დერბია - "ველოდრომზე" "მარსელი" ჩემპიონობისთვის მებრძოლ "მონაკოს" უმასპინძლებს. ბოლოს "მონაკომ" სასტიკად გაანადგურა "მარსელი", ნოემბერში 4:0 მოუგო, მაგრამ მას მერე "ველოდრომის" მკვიდრნი გამოცოცხლდნენ. ასე რომ, ასეთ ცალკარას აღარ ველით.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXI ტური
შაბათი. 14 იანვარი
ტოტენჰემი-ვესტ ბრომვიჩი 16:30
ბარნლი-საუთჰემპტონი 19:00
ჰალი-ბორნმუთი 19:00
სანდერლენდი-სტოკი 19:00
სუონსი-არსენალი 19:00
უოტფორდი-მიდლსბრო 19:00
ვესტ ჰემი-კრ. პალასი 19:00
ლესტერი-ჩელსი 21:30

კვირა. 15 იანვარი
ევერტონი-სიტი 17:30
მანჩესტერი-ლივერპული 20:00

ბომბარდირები: 14 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 13 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი), ალექსის სანჩესი (არსენალი); 11 - სერხიო აგუერო (სიტი), ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 10 - დელე ალი (ტოტენჰემი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი).

ესპანეთი. ლა ლიგა. XVIII ტური
შაბათი. 14 იანვარი
ლეგანესი-ბილბაო 16:00
ბარსელონა-ლას პალმასი 19:15
ატლეტიკო-ბეტისი 21:30
დეპორტივო-ვილიარეალი 23:45

კვირა. 15 იანვარი
ვალენსია-ესპანიოლი 15:00
სელტა-ალავესი 19:15
სპორტინგი-ეიბარი 21:30
გრანადა-ოსასუნა 21:30
სევილია-რეალი 23:45

ორშაბათი. 16 იანვარი
მალაგა-სოსიედადი 23:45

ბომბარდირები: 13 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 12 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 11 - იაგო ასპასი (სელტა), კრიშტიანო რონალდო (რეალი).

იტალია. სერია A. XX ტური
შაბათი. 14 იანვარი
კროტონე-ბოლონია 21:00
ინტერი-კიევო 23:45

კვირა. 15 იანვარი
კალიარი-ჯენოა 15:30
ლაციო-ატალანტა 18:00
სამპდორია-ემპოლი 18:00
სასუოლო-პალერმო 18:00
ნაპოლი-პესკარა 18:00
უდინეზე-რომა 18:00
ფიორენტინა-იუვენტუსი 23:45

ორშაბათი. 16 იანვარი
ტორინო-მილანი 23:45

ბომბარდირები: 14 - მაურო იკარდი (ინტერი); 13 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), ედინ ჯეკო (რომა); 12 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 11 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 10 - ჩირო იმობილე (ლაციო).

საფრანგეთი. ლიგა 1. XX ტური
პარასკევი. 13 იანვარი
ლილი-სენტ ეტიენი 23:45

შაბათი. 14 იანვარი
რენი-პსჟ 20:00
ნანსი-ბასტია 23:00
ლორიანი-გენგამი 23:00
მონპელიე-დიჟონი 23:00
ტულუზი-ნანტი 23:00
ანჟერი-ბორდო 23:00

კვირა. 15 იანვარი
ნიცა-მეცი 18:00
კაენი-ლიონი 20:00
მარსელი-მონაკო 00:00

შენიშვნა: მეცი -2 ქულა

ბომბარდირები: 18 - ედინსონ კავანი (პსჟ); 13 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 11 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 10 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი), ალასან პლეა (ნიცა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული