გასაკვირი არაა, რომ 65 წლის იტალიელი სპეციალისტი 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. იგი fifa.com-ს გაესაუბრა...
- როგორი შეგრძნებაა, როდესაც წლის მწვრთნელი ხარ?
- შესანიშნავი. მინდა მადლობა გადავუხადო "ლესტერის" ხელმძღვანელობას, ჩემ ფეხბურთელებსა და ჩვენ ფანებს. მათი მხარდაჭერა მთავარი მიზეზია იმისა, რომ ეს ჯილდო მხვდა წილად. დაუვიწყარი და დაუჯერებელი სეზონი იყო.
- თქვენი აზრით, რა იყო გადამწყვეტი, რამაც "ლესტერის" ჩემპიონობა განაპირობა?
- ძნელია, კონკრეტულად ერთი რამის გამორჩევა. ყველაფერი იდეალურად გახლდათ და ბრწყინვალედ აეწყო. ძნელი აღსაწერია ის გარემო, რომელიც გასახდელში სუფევდა. ეს მაგიური იყო და ასეთი რამ აქამდე არ გამომეცადა. თან, ფეხბურთსაც კარგად ვთამაშობდით. გარდა ამისა, სათქმელია ისიც, რომ მთავარ ფავორიტებს სეზონი ბოლომდე კარგად არ წაუვიდათ საქმეები და საუკეთესო ფორმაში ვერ იყვნენ. უცნაურია ასეთი რამის თქმა რომ გიწევს, როდესაც ერთ-ერთ ურთულეს ლიგას 10-ქულიანი უპირატესობით მოიგებ, მაგრამ ასეა, ეს სიმართლეა.
- როდის დაიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ოცნება მართლაც შეიძლებოდა რეალობად ქცეულიყო?
- ემოციური თვალსაზრისით ორ მომენტს გამოვარჩევდი: პირველი, როდესაც "მანჩესტერ სიტის" სტუმრად 3:1 მოვუგეთ. ძალიან კარგად ვითამაშეთ! მეორე კი გახლდათ მატჩი ლონდონში "არსენალთან", რომელიც 95-ე წუთზე წავაგეთ (იმ დროისთვის "ლესტერი" 10 კაცით იყო). მაშინ საკუთარ თავს ვუთხარი - თუ მათ 5 დამატებული წუთი დასჭირდათ იმისთვის, რომ მოეგოთ, ესე იგი სწორად მივდივართ. სინამდვილეში კი საბოლოოდ მაშინ ვირწმუნეთ, როდესაც ჩემპიონობა გავინაღდეთ და მერე ტიტულს ხელით შევეხეთ.
- როგორ უმკლავდებოდით გასახდელში საქმეს და როგორ ურთიერთობდით ასე ჰარმონიულად ფეხბურთელებთან მთელი სეზონის განმავლობაში?
- ყველანაირად ვცდილობდი ზედმეტი ზეწოლა ფეხბურთელებისთვის თავიდან ამერიდებინა. ჩემი და სამწვრთნელო შტაბის მისია იყო, დაგვერწმუნებინა ბიჭები იმაში, რომ მათ მომენტით ესიამოვნათ და თავისუფლად, ლაღად ეთამაშათ. საბოლოო ჯამში, ჩვენ მხოლოდ 3 მატჩი წავაგეთ. ყოველი მარცხის მერე ფეხბურთელებს ვეუბნებოდი - არ ინერვიულოთ, გააგრძელეთ მუშაობა და საკუთარი თავით სიამოვნების მიღება. შემდეგ მატჩს მოვიგებთ. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა აკეთო და კონცენტრირებული დარჩე. კლიშეს ჰგავს, მაგრამ რეალურად თუ რაიმე დიადის მიღწევა გინდა, მხოლოდ მომავალ მატჩზე უნდა იფიქრო და ამისთვის მოემზადო, უფრო წინ არ უნდა წახვიდე.
- ყველაზე მეტად რა იყო სასიამოვნო ჩემპიონობაში?
- ყველაზე სასიამოვნო გახლდათ უზომოდ გახარებული ფანების ხილვა და იმ წერილების წაკითხვა, რომელსაც ადამიანები მთელი მსოფლიოდან გვიგზავნიდნენ. ამან დაგვანახა, რომ ეს მხოლოდ სპორტს არ ეხებოდა და უბრალოდ ფეხბურთი არ იყო, ხალხზე სხვადასხვა მხრივ იმოქმედა. ყველამ ჩათვალა და თავის თავს უთხრა, რომ თუ "ლესტერს" შეუძლია პრემიერლიგის მოგება, ნებისმიერს შეუძლია ცხოვრებაში კარგი რამისთვის ბრძოლა, თუნდაც წარმატების მიღწევის შანსი ძალიან მცირე იყოს.
- რას გეტყვით იმ პირობაზე, რომელიც გარი ლინეკერმა დადო და აასრულა - თუ "ლესტერი" ჩემპიონი გახდება, გადაცემას მხოლოდ ტრუსებით წავიყვანო?…
- გარის მას მერე რამდენჯერმე ვილაპარაკე და ახლა ამაზე ვიცინით ხოლმე. ძალიან სახალისო ამბავია. მესმის მისი,… ბუკმეკერებს ჩვენ ჩემპიონობაზე 5 000 კოეფიციენტი ჰქონდათ გამოწერილი. იმის შანსი უფრო მეტი იყო, რომ პიკადილიზე კოსმოსური ხომალდი დაშვებულიყო! (იცინის).
- ევროპული ფეხბურთი დომინირებს. ამჟამად, არაერთი ძლიერი კლუბი და ნაკრებია. მიუხედავად ამისა, "ლესტერმა" პატარა სასწაული მოახდინა და როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ მსგავი რამ კიდევ ვნახოთ?
- ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე და არაპროგნოზირებადია. ყველა ამბობს, რომ "ლესტერის" თავგადასავალი ლამაზი ზღაპარია. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი რამის გამეორებას, შესაძლოა, კიდევ 50 წელი დასჭირდეს. დღესდღეობით, საუკეთესო ფეხბურთელებს ფული ყიდულობს. საბოლოო ჯამში კი, გამარჯვების ყველაზე კარგი შანსი იმ გუნდს აქვს, რომელსაც უფრო ძლიერი ფეხბურთელები და საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს - ეს ფაქტია. თუმცა ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მარტო სიმდიდრეზე არ არის დამოკიდებული და მხოლოდ მდიდრებს არ ძალუძთ მოგება. რადგან მსგავსი რამ ერთხელ მოხდა,… ამიტომაც ვამბობ, რომ შესაძლებელია, 50 წელიწადში კიდევ მოხდეს (იცინის).
- ამ სეზონში ჩემპიონატში "ლესტერის" საქმე ისე კარგად არ მიდის. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
- ვიცოდით, რომ ამ სეზონში ადვილი არ იქნებოდა. ჩემპიონთა ლიგაზეც გვიწევს თამაში. თან, პრემიერლიგა ერთ-ერთი ურთულესი ლიგაა. ცოტათი უიღბლობამაც ითამაშა თავისი როლი. წინა სეზონში ჩვენ შანსებს უკეთ ვიყენებდით, ხოლო მეტოქეები შექმნილი შანსების არცთუ მცირე ნაწილს აცუდებდნენ, ახლა კი ლამის ყველას იყენებენ.
ალბათ, ისეთი კონცენტრირებულნი ვეღარ ვართ პრემიერლიგაზე, როგორც წინა სეზონში ვიყავით და გვეგონა, რომ თითოეული წაგების მერე უპრობლემოდ მოვემზადებოდით შემდეგი მატჩისთვის და ეს წარუმატებლობა უკვალოდ ჩაივლიდა. ჩემპიონთა ლიგამ, რასაკვირველია, დაღი დაგვასვა, ეს ჩვენთვის ახალი ტურნირია და მასზე ჯერჯერობით, წარმატებით გამოვდივართ.
იქ უფრო იშვიათად გვიწევს თამაში, რაც კონცენტრაციაში გვეხმარება. პრემიერლიგაში ბოლო მატჩებში უფრო უკეთ გამოვიყურებით და ვფიქრობ, უკეთესი შედეგები გვექნება და უკეთ ავთამაშდებით. ტიტულისთვის ვეღარ ვიბრძოლებთ, მაგრამ შეგვიძლია, რომ მთლიანობაში კარგი სეზონი გვქონდეს.
- იქნებ, ისევ ყველა გააოცოთ და ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგოთ?
- არა. "ლესტერმა" წინა სეზონში აჩვენა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ მოდი, სერიოზულები ვიყოთ.
- თქვენ იღბალი ახსენეთ. ფიქრობთ, რომ ფეხბურთში ეს მნიშვნელოვანია?
- რასაკვირველია! იღბალი ყოველთვის და ყველაფერში საჭიროა. შეიძლება ყველაფერი იდეალურად გააკეთო, ბევრი იმუშავო, მაგრამ თუ არ გაგიმართლებს,… ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხის ქვეშ უნდა ჩამოჯდე და დაელოდო ყველაფერი თავისით როგორ მოხდება (იცინის). თუ გინდა რომ ფორტუნამ გაგიღიმოს, ამისთვის უნდა იბრძოლო.
- იღბალი, შედეგები, ტაქტიკა, ჭკუა…... რა არის მთავარი წარმატებისთვის, როდესაც მწვრთნელად უმაღლეს დონეზე მუშაობ?
- მე მხოლოდ ჩემზე შემიძლია ვილაპარაკო. შემართება და ენთუზიაზმი არ მაკლია და მაქვს იმის ნიჭი, რომ ეს ფეხბურთელებს გადავცე, დავმუხტო. შეიძლება ითქვას, რომ გასაღები მაქვს ფეხბურთელების გონების და მათი გახსნა შემიძლია, მაგრამ ყველასი არა (იცინის).
როცა ვინმეს ვერ ვხსნი და ვერ ვიყოლიებ ძალიან მწყდება გული, რადგან ამას უფრო საკუთარ თავს ვაბრალებ, ვიდრე სხვას. ჩემი აზრით, სწორედ ესაა მთავარი და ამაშია მთავარი საიდუმლო - უნდა აჩვენო ფეხბურთელებს, თუ როგორ გიყვარს ეს თამაში და რამდენად იხარჯები და უნდა დაარწმუნო ისინი, რომ თავადაც ასე მოიქცნენ. თუ ნამდვილად გინდა იცოდე, რა სურთ შენ მოთამაშეებს, მათ ამის შესახებ უნდა ესაუბრო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ბატონო "რომან ბოღმიანიძე", დინამომ გამოაჩინა თავისი უნარი ჩემპიონის და ეს დავინახეთ უკვე ცხადად. თქვენ 1-ლი ადგილიდან მეოთხეზე გადასკუპდით,ხოლო სამტრედია მხოლოდ 1 საფეხურით წაიწია წინ ვიცე ჩემპიონობიდან ჩემპიონობაზე. სხვაობას ხედავ?დეგრადაციას ხედავ საკუთარი კლუბისა რომელსაც 4-5 ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს ვიდრე რომელიმე ქართულ კლუბს?
დაივიწყეთ აწი მრავალი წლით დინამოს ჩემპიონობა,აწი თქვენი კლუბის ფუნქცია იქნება მხოლოდ სპარინგ პარტნიორობა სამტრედია,ტორპედო, ჩიხურა,დინამო ბათუმი,დილა-სი. ეს ლოგიკური შედეგია რადგან უმაყურებლო კლუბს პერსპექტივა არც არასოდეს ჰქონია, არც აქვს და არც ექნება.ეჭიდავეთ საბურთალოს,ლოკომოტივს,კოლხეთს, შუქურას მეექვსე ადგილისათვის.