ევროუქმეების წინ: ლიგიდან ლიგამდე - რა მოხდება ბერლინში?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მატჩებიდან გრანდები ისევ ეროვნულ პირველობებზე გადაერთვებიან, ზოგი გახარებული, ზოგი კი საქვეყნოდ შერცხვენილი. ამ უქმეებს დააკლდა პრემიერლიგა. მის ნაცვლად ასოციაციის თასის V რაუნდის თამაშებია.

ლა ლიგა:
შეთქმულება ლუის ენრიკეს წინააღმდეგ?
სასტიკი პარიზული მარცხის მერე "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატს უბრუნდება. გუნდი ალბათ, არ არის საუკეთესო განწყობაზე, მაგრამ ლუის ენრიკეს, მისდა ბედად, მეტოქედ "ლეგანესი" ჰყავს.

სუსტი მადრიდული კლუბი ლა ლიგის დებიუტანტია და მისი ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა პრიმერას ეგიდით პირველად ითამაშებს "კამპ ნოუზე". ასე რომ, უფრო ის არის მოსალოდნელი - გაცეცხლებულმა "ბარსელონამ" პსჟ-ის ნაცვლად სამაგალითოდ
"ლეგანესი" დასაჯოს.

"ბარსელონას", როგორც გრანდის, დასასრული, მოახლოვდა", - ეს ბერნდ შუსტერის სიტყვებია. გერმანელი "ბარსას" ფანების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო, სანამ მოსისხლე მტრის, "რეალის" მაისურას ჩაიცვამდა, მერე კი გერმანელი სულაც "ლოს მერენგესის" მწვრთნელი გახდა.

ასე რომ, კატალონიაში აღარავის ახსოვს შუსტერის მიერ "ბლაუგრანას" მაისურით გატანილი 60-ზე მეტი გოლი და ეს განცხადება კიდევ უფრო გააღიზიანებდათ "ბარსას" ფანებს. გუნდის არ ვიცით და, ლუის ენრიკეს ხანის აღსასრული კი შესაძლოა, მართლაც მოახლოვდა.

ამბობენ, რომ "ბარსას" ვარსკვლავებს უბრალოდ აღარ სჯერათ მისი. "მუნდო დეპორტივო" წერს, რომ "ბარსას" ვარსკვლავებმა ერთმანეთში დაილაპარაკეს და გაარკვიეს, რომ პრეტენზიები მხოლოდ მწვრთნელის მიმართ აქვთ. შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს სეზონის ბოლოს კონტრაქტი უსრულდება. აქამდე თავად სპეციალისტი ითრევდა ფეხს, ახლა კი კონტრაქტის გაგრძელება აღარც კლუბში სურთ.

"მარკამ" გამოკითხვაც ჩაატარა, თუ ვინ სურთ "ბარსას" ფანებს მომავალ მწვრთნელად. ჯერჯერობით, 47%-ით ლიდერობს "სევილიას" არგენტინელი თავკაცი ხორხე სამპაოლი. 17%-ით მეორე ადგილზეა "ევერტონის" თავკაცი რონალდ კუმანი. ლუის ენრიკეს დარჩენას ფანების 13%-მა დაუჭირა მხარი.

საპირისპირო სიტუაციაა "რეალის" ბანაკში, რომელმაც მართალია, ვერ გაინაღდა მეოთხედფინალის საგზური, მაგრამ "ნაპოლისთან" 2-გოლიანი ფორა დაიბევა. "სამეფო კლუბმა" 115-წლოვან ისტორიაში მეოთხედ გაიმეორა საკუთარი რეკორდი - ზედიზედ 41-ე მატჩში გაიტანა გოლი. გუნდმა ამ 41 მატჩში 135 გოლი გაიტანა. "რეალის" მეტოქე ბარსელონური "ესპანიოლია".

მიუხედავად იმისა, რომ ქარიმ ბენზემამ "ნაპოლის" გოლი გაუტანა, ის მაინც გააკრიტიკეს ფანებმა და მედიამ, რაზეც ფრანგმა განაცხადა, რომ ამას უკვე მიჩვეულია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მან "ნაპოლისთან" მატჩში მართლაც ძალიან კარგი მომენტები გაანიავა.

"ესპანიოლი" მზადყოფნაში ხვდება ამ დაპირისპირებას. კატალონიურ კლუბში აცხადებენ, რომ უბრძოლველად "რეალს" არაფერს დაუთმობენ და იმის გამოყენებას შეეცდებიან, რომ მასპინძელი გუნდის ფეხბურთელები გადაღლილები იქნებიან.

"სევილია" "სანჩეს პისხუანზე" ძალიან კარგ "ეიბარს" მასპინძლობს, რომელიც ამჟამად მე-7 ადგილზეა. წინა ორი სეზონი ბასკურმა გუნდმა სპურტით დაიწყო, მაგრამ ძალები ვერ გათვალა და ბოლოსკენ ძლივს მიჩანჩალდა (ერთხელ გავარდა კიდევაც, მაგრამ არ გააგდეს), ამ სეზონში "ეიბარს" ჯერჯერობით, მსგავსი არაფერი ეტყობა.

"ატლეტიკო" ძველებურად ვეღარ გვახარებს, დიეგო სიმეონეს გუნდი ასტურიაში ჩადის ელიტაში დარჩენისთვის გააფთრებით მებრძოლი ხიხონის "სპორტინგის" წინააღმდეგ სათამაშოდ. სიმეონეს ბოლო ვარჯიშზე ტრავმირებული ნიკო გაიტანი და კევინ გამეირო დააკლდნენ.

Sportall.Ge

ბუნდესლიგა:
მარშით ბერლინში
ბევრის აზრით, წინა ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგაში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, როცა ბოლო წუთზე (და მერე) გატანილი ბურთებით იმარჯვა. ამასთან, ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მეორედან მეშვიდე ადგილებამდე მოყოლებული, ყველა გუნდმა წააგო.

კარლო ანჩელოტის გუნდისთვის ყველაფერი კიდევ უფრო კარგად გაგრძელდა, როცა "ბაიერნმა" "არსენალი" გაანადგურა და თითქმის გაინაღდა შემდეგი ეტაპის საგზური. ახლა იტალიელი მაესტროს ბიჭებმა ეს უპირატესობა უნდა განიმტკიცონ - "ბაიერნს" კი იოლი გასეირნება არ ელის "ბერლინის" "ოლიმპიაშტადიონზე". მეტოქე "ჰერტაა", რომელიც ბოლო წარუმატებლობებმა (4-დან 3 ტურში დამარცხდა) მე-6 ადგილამდე დააქვეითა.

მიუნხენში ყველა კმაყოფილია. კარლ-ჰაინც რუმენიგე უკვე ალაპარაკდა, რომ ანჩელოტი ოტმარ ჰიტცფელდს აგონებს. მოკლედ, სრული იდილიაა, რომლის დარღვევაც ახლა მხოლოდ "ჰერტას" შეუძლია.

სტუმრებს კვლავ არ ეყოლებათ ორი წამყვანი ფეხბურთელი, ჟერომ ბოატენგი და ფრანკ რიბერი.

"დორტმუნდი" ბოლო დროს წარუმატებელია. ამიტომ თომას ტუხელის წასვლაზეც ალაპარაკდნენ. ლისაბონში დამარცხებული გუნდი (თუმცა არა იმედგადაწურული) "ვოლფსბურგს" მასპინძლობს. "დორტმუნდს" სვენ ბენდერი და როდე აკლიათ, თუმცა მარიო გიოტცე უბრუნდებათ. "ბაიერნის" ერთადერთი რეალური მდევარი "ლაიპციგი" მიონხენგლადბახში "ბორუსიას" ესტუმრება.

სერია A:
მიხაილოვიჩი "რომას" ემუქრება
სერია A-ს 25-ე ტურში რამდენიმე საინტერესო მატჩი შედგება: "სან სიროზე" "მილანი" "ფიორენტინას" უმასპინძლებს, ეს გუნდები კი ევროსაგზურისთვის იბრძვიან და შესაბამისად, სასწორზე 6 ქულა დევს.

"ლაციოთან" შეხვედრაში, "როსონერის" თავკაცმა ვინჩენცო მონტელამ კარლოს ბაკა და ჯანლუკა ლაპადულა სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი ჟერარდ დეულოფეუ ვიხილეთ. იგივეა მოსალოდნელი "ფიორენტინასთან" პაექრობაშიც, ფლანგებზე კი სუსო და ოკამპოსი გაირჯებიან. ნახევარდაცვაში კუცკას, ლოკატელის და პასალიჩს ვიხილავთ, დაცვაში კი, სავარაუდოდ, აბატეს, საპატას, პალეტას და ვანიონის. ბოლო ორ შეხვედრაში "მილანმა" 4 ქულა აიღო, თითქოს, ყველაზე ცუდი უკან მოიტოვა და ვნახოთ, რა მოხდება ამ შემთხვევაში...

გამარჯვების შემთხვევაში, "ფიორენტინა" გადაასწრებს "მილანს" და მეშვიდე ადგილზე გამაგრდება. პაულო სოუზა 3-4-2-1 ტაქტიკას დაეყრდნობა და შეტევაში ილიჩიჩს, ბორხა ვალეროს და კალინიჩს გაამწესებს.

ფლორენციელებს ფედერიკო ბერნარდესკი ჰყავთ დისკვალიფიცირებული და ეს უდავოდ, დიდი დანაკლისია.

მოახლოებული მატჩის შესახებ კომენტარი "მილანის" თავკაცმა მონტელამ გააკეთა: "ბოლონიაში 9 ფეხბურთელით დავრჩით და გამარჯვება ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოვიპოვეთ. "ლაციოსთან" უმძიმესი ბრძოლა გამოვიარეთ, როდესაც მეტოქე ფლობდა უპირატესობას, იგებდა და ბოლოს მაინც გავათანაბრეთ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გვაქვს დიდი ენთუზიაზმი, ბრძოლის წყურვილი და კვერცხები. ასევე უნდა გავაგრძელოთ და სეზონი რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დავასრულოთ".

ტურს "იუვენტუსი" ხსნის, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ "პალერმოს" უმასპინძლებს. ტურინელებს შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგა აქვთ სათამაშო და შესაბამისად, ჩემპიონატის თამაშს პარასკევს გამართავენ. ფავორიტი "ვეკია სენიორაა" და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, უნდა მოიპოვოს კიდეც სამი ქულა.

მიუხედავად იმისა, რომ "იუვეს" ჩემპიონთა ლიგის პაექრობა უწევს და სერია A-ში აუტსაიდერს ხვდება, მასიმილიანო ალეგრი ექსპერიმენტებს მოერიდება და "პალერმოს" უძლიერეს შემადგენლობას დაუპირისპირებს. ერთი ეგაა, რომ მარიო მანჯუკიჩია დისკვალიფიცირებული და მის ნაცვლად მოედანზე მარკო პიაცას ვიხილავთ. ხორვატი შეტევაში ხუან კუადრადოსთან, პაულო დიბალასთან და გონსალო იგუაინთან ერთად გაირჯება.

"იუვეს" უახლოეს მდევართან 7-ქულიანი ფორა აქვს და თუ ტურინელთა მეტოქეს გავითვალისწინებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს სხვაობა შემცირდეს.

"იუვეს" უახლოესი მდევარი "რომა" "ტორინოს" უმასპინძლებს და ეს მატჩიც ყურადღების ცენტრშია მოქცეული. მიუხედავად იმისა, რომ ტურინელები სატურნირო ცხრილის შუაში გაიჭედნენ, ამბიციების ნაკლებობას არ უჩივიან და თუ სინიშა მიხაილოვიჩს დავუჯერებთ, რომში სამი ქულის მოსაპოვებლად ჩადიან. ბუნებრივია, მხოლოდ გამარჯვება აძლევთ ხელს რომაელებს და წესით, ძალიან საინტერესო თამაში უნდა გაჩაღდეს.

რომაელებს შეტევაში მოჰამედ სალაჰი, რაჯა ნაინგოლანი და ედინ ჯეკო ეყოლებათ, ტურინელებს კი - იაგო ფალკე, ადემ ლიაიჩი და ანდრეა ბელოტი. საგულისხმოა, რომ იაგო და ლიაიჩი "ტორინოში" "რომადან" გადავიდნენ, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში და განსაკუთრებულად მოტივირებულები იქნებიან. ბოლო დღეებში, ხშირად საუბრობენ, რომ ლუჩანო სპალეტიმ შესაძლოა, დატოვოს "რომა" და ზაფხულში "იუვენტუსს" ან ლონდონის "არსენალს" ჩაუდგეს სათავეში - ბოლოს, სწორედ სპალეტის გადავცეთ სიტყვა:

"ვერ გეტყვით, რა იქნება მომავალში, მაგრამ დღეს მხოლოდ ჩემს საქმეზე ვარ კონცენტრირებული და უახლოესი მატჩებისთვის ვემზადები. გუნდი კარგ ფორმაშია და ჩვენი მიზანი ყველა ფრონტზე წარმატების მიღწევაა. დიდწილად, სწორედ ამაზეა დამოკიდებული, თუ სად ვიქნები მომდევნო სეზონში".

Sportall.Ge

ლიგა 1:
ნიცა ჩამორჩება?
ფრანგული ლიგა ჯერ ისევ სამი კლუბის დოღია, მაგრამ "ნიცა" ნელ-ნელა თმობს პოზიციებს. გუნდში ისევ აურია მარიო ბალოტელიმ, რომელიც აქამდე მთელი სეზონი ჭკვიანურად იქცეოდა. ლუსიენ ფავრის გუნდს "ლორიანთან" გასვლით მატჩში ალბათ, კვლავ არ ეყოლება თავქარიანი იტალიელი.

პსჟ სამი ქულით ჩამორჩება "მონაკოს", გუნდი აღმაფრენით თამაშობს და კვირას "ტულუზთან" მატჩშიც აშკარა ფავორიტია. მასპინძლებს არ ეყოლებათ ტრავმირებული კრიხოვიაკი და ტიაგო სილვა.

ლიდერი "მონაკო" დღეს კორსიკაზე "ბასტიას" ესტუმრება, რაც არასოდეს არის იოლი. "მარსელი", რომელიც ახლახან ლასანა დიარას დაემშვიდობა და 19 წლის ტალანტ მაქსიმ ლოპესს 2021 წლამდე კონტრაქტის გაგრძელებაზე შეუთანხმდა, "ველოდრომზე" "რენს" უმასპინძლებს.

Sportall.Ge

ასოციაციის თასი:
რას იზამენ გრანდები
ინგლისში პრემიერლიგის ნაცვლად ასოციაციის თასის მე-5 წრეა. შემორჩენილი 8 წყვილი 8 მეოთხედფინალისტს გამოარკვევს. ხუთივე გრანდი, "ლივერპულის" გარდა (ჩელსი, სიტი, მანჩესტერი, არსენალი, ტოტენჰემი), ჯერ კიდევ შემორჩენილია ტურნირზე და ყველა სტუმრად თამაშობს და ყველა ქვედალიგელებთან.

ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერი" "ბლექბერნს" ესტუმრება და, მიუხედავად იმისა, რომ ევროპალიგაზე გადაიღალა, მაინც ფავორიტია. სავარაუდოდ, "იუნაიტედი" როტაციას მიმართავს. ალბათ, ამას იზამს ყველა სხვა ფავორიტიც.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXIII ტური
პარასკევი. 17 თებერვალი
გრანადა-ბეტისი 23:45

შაბათი. 18 თებერვალი
სპორტინგი-ატლეტიკო 16:00
რეალი-ესპანიოლი 19:15
დეპორტივო-ალავესი 21:30
სევილია-ეიბარი 23:45

კვირა. 19 თებერვალი
სოსიედადი-ვილიარეალი 15:00
ვალენსია-ბილბაო 19:15
სელტა-ოსასუნა 21:30
ბარსელონა-ლეგანესი 23:45

ორშაბათი. 20 თებერვალი
მალაგა-ლას პალმასი 23:45

ბომბარდირები: 18 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 17 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - კრიშტიანო რონალდო (რეალი).

გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტური
პარასკევი. 17 თებერვალი
აუგსბურგი-ლევერკუზენი 23:30

შაბათი. 18 თებერვალი
დორტმუნდი-ვოლფსბურგი 18:30
მაინცი-ვერდერი 18:30
ჰერტა-ბაიერნი 18:30
ჰოფენჰაიმი-დარმშტადტი 18:30
აინტრახტი-ინგოლშტადტი 18:30
ჰამბურგი-ფრაიბურგი 21:30

კვირა. 19 თებერვალი
გლადბახი-ლაიპციგი 18:30
კიოლნი-შალკე 20:30

ბომბარდირები: 17 - პიერ ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 16 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 15 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).

იტალია. სერია A. XXV ტური
პარასკევი. 17 თებერვალი
იუვენტუსი-პალერმო 23:45

შაბათი. 18 თებერვალი
ატალანტა-კროტონე 21:00
ემპოლი-ლაციო 23:45

კვირა. 19 თებერვალი
ბოლონია-ინტერი 15:30
სამპდორია-კალიარი 18:00
პესკარა-ჯენოა 18:00
კიევო-ნაპოლი 18:00
უდინეზე-სასუოლო 18:00
რომა-ტორინო 21:00
მილანი-ფიორენტინა 23:45

ბომბარდირები: 18 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), ედინ ჯეკო (რომა); 17 - ანდრეა ბელოტი (ტორინო); 16 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 15 - მაურო იკარდი (ინტერი); 12 - ჩირო იმობილე (ლაციო).

ინგლისი. ასოციაციის თასი. V რაუნდი
შაბათი. 18 თებერვალი
ბარნლი-ლინკოლნი 16:30
მიდლსბრო-ოქსფორდი 19:00
ჰადერსფილდი-სიტი 19:00
მილუოლი-ლესტერი 19:00
ვულვზი-ჩელსი 21:30

კვირა. 19 თებერვალი
ფულჰემი-ტოტენჰემი 18:00
ბლექბერნი-მანჩესტერი 20:15

ორშაბათი. 20 თებერვალი
სატონი-არსენალი 23:55

საფრანგეთი. ლიგა 1. XXVI ტური
პარასკევი. 17 თებერვალი
ბასტია-მონაკო 23:45

შაბათი. 18 თებერვალი
მარსელი-რენი 20:00
ლორიანი-ნიცა 23:00
ანჟერი-ნანსი 23:00
კაენი-ლილი 23:00
მეცი-ნანტი 23:00

კვირა. 19 თებერვალი
ბორდო-გენგამი 18:00
მონპელიე-სტ. ეტიენი 20:00
ლიონი-დიჟონი 20:00
პსჟ-ტულუზი 23:59

ბომბარდირები: 25 - ედინსონ კავანი (პსჟ); 20 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული