ჭირვეული ვარსკვლავი კევინ-პრინს ბოატენგი: მთელ ფულს ქალებში, კლუბებში და მანქანებში ვხარჯავდი

AutoSharing Option
კევინ-პრინს ბოატენგზე არ ინერვიულოთ. ახლა მას ყველაფერი კარგად აქვს. საუზმობს ატლანტიკის ოკეანის პირას. ზამთარშიც კი მისთვის ზაფხულია. კანარის კუნძულებზე ყოველთვის ზაფხულია. იქაურ "ლას პალმასში" ბოატენგი შესანიშნავად თამაშობს.

"აქ შესანიშნავად ვარ. ვიღვიძებ თუ არა, მაშინვე მზის სხივებს ვხედავ. წყნარად ვცხოვრობ და ამადაცაა, ფეხბურთში ყველაფერი შესანიშნავად რომ მიდის." - ამბობს ის. მართლაც, განელი ვარსკვლავისათვის, ვინც ბევრმა ჩამოწერა, შესანიშნავი სეზონი დგას.

როდესაც ბოატენგი პირველად ჩავიდა კანარის კუნძულებზე, აეროპორტში მას ლეგენდარული ვალერონი დახვდა, ვისი ძალისხმევითაც კლუბი 40 წლის მანძილზე პირველად აღზევდა პრიმერაში. ესპანელმა განელს
ბარგის მანქანამდე მიტანა შესთავაზა, რამაც ბოატენგი ძალიან გააკვირვა.
"ის ჩემთვის ისეთივე ვარსკვლავი იყო, როგორც ზიდანი, მესი და რონალდო. რა თქმა უნდა, მაშინვე ვუთხარი მას, რომ ამას არანაირად არ დავუშვებდი." - იგონებს ბოატენგი.

ესპანეთის ჩემპიონატში ბოატენგმა უკვე გაიტანა რვა გოლი და მათ შორის ლამაზი გოლები ჭარბობენ. განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ "ვილიარელთან" გატანილი გოლი. როგორც წესი, ასეთი ბურთები ზლატანს გააქვს - ხოლმე.

ამ გოლის შემდეგ განელს იმედი ჰქონდა, რომ ის სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდებოდა ციურიხის გალა-დაჯილდოვებაზე. მისი ოცნებაა ფიფას გალა - დაჯილდოვებაზე მოხვედრა. სულ ერთია, რა სტატუსით მოხვდება იქ.

"ძალიან ბევრი მესიჯი მივიღე. მეგონა, რომ დამიძახებდნენ. ცოლს ვუთხარი, ციურიხში უსათუოდ წავალთ - მეთქი. მერე მე მითხრეს, რომ საუკეთესო გოლის გამოვლენისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ინდივიდუალიზმს ენიჭება. არადა, ამ წესს არ ვეთანხმები. ფეხბურთი გუნდური თამაშია. სხვანაირად რომ მინდოდეს, ჩოგბურთს ვითამაშებდი. ცოლმა მკითხა, ციურიხთან დაკავშირებით რა ხდებაო. მე მას ვუთხარი, რომ უნდა დაივიწყოს - იქ წასასვლელად ახალი ლამაზი გოლის გატანა მომიწევს." - ამბობს პრინსი.

ყოველდღე ვსვამდი და ფულს გართობაში ვხარჯავდი...
ცოტა ხნის წინ გაბრაზებული ბოატენგი რაიმეს ხელახლა გაკეთებას არ შეეცდებოდა. ის უბრალოდ წავიდოდა ბარში და მთელ ღამეს იქ გაატარებდა.
ასე იყო 2007 წელს, როცა ის "ჰერტადან" "ტოტენჰემში" გადავიდა. მაშინ დეზებმა განელში 5,5 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ზუსტად ერთი თვის შემდეგ ინგლისური კლუბის ჰოლანდიელი თავკაცი მარტინ იოლი იმედგაცრუებას ვერ მალავდა.

"იმ დროს საშინლად ვიყავი. თითქოს, მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ გახლდით. თუ რა გინდათ, რომ გუნდში ვიყო, მაშინ ცხოვრებით დავტკბები. ასეთი იყო ჩემი მიდგომა. ფულის გაუთავებლად ხარჯვა დავიწყე." - იგონებს ბოატენგი.

ფეხბურთელი ღამის კლუბებში ცხოვრობდა. ის სწორედ იქ ატარებდა კვირაში ექვს დღეს. სვამდა და იმ საკვებით იკვებებოდა, რომელიც ფეხბურთელისათვის მიუღებელია.

"მაშინ მეჩვენებოდა, რომ ბედნიერების ყიდვა შეიძლება. მე ვერ ვთამაშობდი ფეხბურთს. სამაგიეროდ დიდ ფულს ვხარჯავდი ტანსაცმელში, ქალებში და მანქანებში. ვიყიდე "ლამბორგინი". არადა, როგორ შეიძლება, რკინამ ბედნიერება მოგიტანოს?" - მსჯელობს განელი.

ასეთმა ცხოვრებამ შედეგად ის მოიტანა, რომ ბოატენგი 95 კილოგრამი გახდა. "ერთ დღეს გავიღვიძე და სარკეში ჩავიხედე. პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ შევშინდი. მე მოხუცის შესახედაობა მქონდა. არადა, სულ 20 წლის ვიყავი. იქამდე მეგონა, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა. მე კლუბებში ვცხოვრობდი და გვერდით არ მყავდა ადამიანი, რომელიც მეტყოდა, წადი და ივარჯიშეო. პირიქით, ყველა გართობისაკენ მექაჩებოდა." - იგონებს ჩვენი გმირი.

ბოატენგი შეშინდა. მან ორ საუკეთესო მეგობარს დაურეკა და სახლი დაალაგა. სადღაც გაქრაა ალკოჰოლური სასმელებით სავსე ბოთლები.

"იმ დღიდან საღამოებზე სიარული და სმა შევწყვიტე. მე თვითონ ვამზადებდი საჭმელს და ისე ვიკვებებოდი, როგორც ნორმალური ადამიანი. ასე რადიკალურად რომ არ მოვქცეოდი საკუთარ თავს, არაფერი გამომივიდოდა." - ამბობს ბოატენგი.

Sportall.Ge

15 ლიტრი წყალი დღეში
"ტოტენჰემში" გატარებული 2 სეზონის განმავლობაში ბოატენგმა მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა. მას რწმენა და ფეხბურთის სიყვარული იურგენ კლოპმა დაუბრუნა.

"ის საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში. ფეხბურთელები მზად არიან, მისთვის მოკვდნენ."- ასე ახასიათებს კევინ-პრინსი იურგენს. "დორტმუნდში" ბოატენგმა მხოლოდ ნახევარი სეზონი ითამაშა იჯარით. ამის შემდეგ "ტოტენჰემმა" მის სანაცვლოდ 4,5 მილიონი გირვანქა მოითხოვა და ეს თანხა ძალიან დიდი აღმოჩნდა გერმანული კლუბისათვის.

"ფეხბურთში რომ დავბრუნებულიყავი, დიდი წვალება გამოვიარე. თავიდან დღეში 15 ლიტრ წყალს ვსვამდი. მერე ექიმმა მითხრა, რომ ეს არ არის კარგი ჯანმთელობისათვის და ცოტა მოვუკელი. "შალკეს" ექიმთან საუბრის შემდეგ 12 ლიტრამდე შევამცირე. მერე ათამდე დავედი. ექიმი კი სულ მეუბნებოდა, რომ ექვსი ლიტრიც კი ძალიან ბევრია. გასაგებია, მაგრამ სჯობს, ექვსი ლიტრი წყალი დალიო, ვიდრე 2 ლიტრი ალკოჰოლი." - იცინის ბოატენგი.

გერმანიის ნაკრებზე ვოცნებობდი და განელი გავხდი
ფიზიკური ფორმის დაბრუნების შემდეგ ბოატენგმა 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრება შეძლო, ოღონდ არა გერმანიის ნაკრებთან ერთად, რაზეც იგი ოცნებობდა. აფრიკელები კარგა ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ბოატენგის გადაბირებას, მაგრამ ფეხბურთელი მათ უარით ისტუმრებდა. ამ მიზეზით არ წავიდა ის მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე.

"მამის მხრიდან მე განური ფესვები მაქვს, მაგრამ თავს მუდამ გერმანელად ვთვლიდი. მე გავიზარდე ბერლინში. მქონდა გერმანული პასპორტი. ვთამაშობდი გერმანიის ასაკობრივ ნაკრებებში. მქონდა დიდი იმედი, რომ ჩემს ძმასთან, ჟერომთან ერთად ვითამაშებდი გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში. ბევრი შეცდომა დავუშვი და გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ეს არ მაპატია. ბევრი წლის მერე მე ავირჩიე განა და ეს არ იყო მხოლოდ გულის კარნახით მიღებული გადაწყვეტილება. ამაში რაციონალიზმის მარცვალიც იდო." - ამბობს ბოატენგი.

კევინ-პრინსი გაიზარდა ვედინგში, ბერლინის ეთ-ერთ რაიონში, სადაც არაერთი ემიგრანტი ცხოვრობს. იქ აფრიკული კვარტალიცაა.
"ჩვენი კვარტალი მდებარეობდა რუსულ და თურქულ კვარტლებს შორის. იქ ბევრი კანონსაწინააღმდეგო რამ ხდებოდა.მამა ოთხმოციანების დასაწყისში ჩამოვიდა განიდან და ტანსაცმელების მაღაზიაში მუშაობდა. ერთი წლის ვიყავი, როცა მან დედა მიატოვა." - ესეც ბოატენგის სიტყვებია.

მისი ძმა ჟერომი ბერლინის სხვა რაიონში, მამასთან ერთად იზრდებოდა. კევინი კი კიდევ ერთ ძმასთან, ჯორდანთან ერთად ცხოვრობდა, ვინც მოგვიანებით რეპერი გახდა.

Sportall.Ge

დაამტვრია ბალაკი და შეხვდა ნელსონ მანდელას
მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე თვეზე ნაკლები რჩებოდა, როცა ბოატენგმა მიხაელ ბალაკი დაამტვრია. ეს მოხდა ინგლისის თასის ფინალურ შეხვედრაში, რომელშიც "ჩელსიმ" 1:0 მოუგო "პორტსმუთს".
ბევრმა ჩათვალა, რომ გერმანიაზე გაბრაზებულმა ბოატენგმა ნაკრების ლიდერს ტრავმა შეგნებულად მიაყენა. თავად ფეხბურთელს კი სხვა ვერსია აქვს.

"თამაშის მსვლელობის დროს ბალაკი მეუხეშა და ეს მსაჯმა ვერ შეამჩნია. არ მინდოდა, უხეშობით მეპასუხა. უბრალოდ, ბურთს ვერ მივუსწარი. ყველა შეხვედრაში არის რამდენიმე ასეთი ეპიზოდი. მე ბოდიში მოვუხადე ბალაკს. ხოლო ის, რაც შემდეგ დაიწყო, უბრალოდ სასაცილოა. კი, მე ცუდი ბიჭის სახელი მქონდა, მაგრამ უკვე 23 წლის ვიყავი. მყავდა ცოლ-შვილი, ასე რატომ უნდა მოვქცეულიყავი" - სვამს კითხვას ბალაკი.

როგორც ირკვევა, ეს არ იყო ამ ორი ფეხბურთელის პირველი კონფლიქტი. "მაშინ 18 წლის ვიყავი. ბალაკმა ფეხზე დამაბიჯა და მითხრა, ვინ ხარ, რამხელა წარმოდგენა გაქვს თავზეო. მე მას ვკითხე, შენ ვინ ხარ - მეთქი და პასუხი მივიღე, ვარსკვლავი ვარო." - იგონებს ბოატენგი.

2010 წლის ჩემპიონატზე ბოატენგმა შეაანიშნავად ითამაშა. მას დევიდ ბექემსაც კი ადარებდნენ. რაც მთავარია, ის შეხვდა ნელსონ მანდელას.

"ის უნიკალური ადამიანია. 27 წელი ციხეში იმიტომ იჯდა, რომ საკუთარ უფლებებს იცავდა. მას შეეძლო, მთელი მსოფლიო შესძულებოდა, მაგრამ პირიქით - ყველას აჯადოვებდა თავისი სიმშვიდით და სიყვარულით.
როცა შევედი მასთან, ხელი დამადო და მითხრა, ჩემს გოგოს შენი ცოლობა უნდაო. ვუთხარი, გოგო უკვე მყავს - მეთი. მე უფრო ლამაზი ქალიშვილიც მყავსო. თურმე ხუმრობდა." - ამბობს პრინსი.

რასიზმთან მებრძოლი
მანდელასთან შეხვედრით გამოწვეული ემოციები იმდენად დიდი იყო, რომ ბოატენგმა სერიოზულად გადაწყვიტა რასიზმთან ბრძოლა. მან 2013 წელს, ერთ-ერთი ამხანაგური მატჩის მსვლელობისას, თვითნებურად დატოვა მინდორი მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგის ქომაგებისგან რასისტული შეძახილები მოისმინა.

"როცა მე მინდორი დავტოვე, ადეკვატური ხალხი ტრიბუნებიდან ტაშს მიკრავდა. მოგვიანებით მივხვდი, რომ მინდვრიდან გასვლა საუკეთესო გამოსავალი არ იყო. ალბათ, უმჯობესი იქნებოდა, სტადიონის დიქტორს რაღაც გამოეცხადებინა ყველას გასაგონად."- ასეთია ბოატენგის აზრი.
ბოატენგი გაეროში მიიწვიეს, სადაც მან საგანგებო ანტირასისტული მოხსენება წაიკითხა.

"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გიჟური დღე იყო. ხუთი დღე ვემზადებოდი და სამოცი კამერა რომ დავინახე, მაინც ენა დამება. მერე ყველაფერი კარგად წავიდა და რომ მოვრჩი, ტაში დამიკრეს." - იხსენებს პრინსი.

რჩევა ახალგაზრდებს
"ახალგაზრდა ფეხბურთელებს დიდი ყურადღება სჭირდებათ. ისინიც ფრთხილად უნდა იყვნენ. ჩვენ არ ვართ ძლიერები მათემატიკასა და სხვა მეცნიერებებში. შენ 18 წლის ხარ, მოდის აგენტი და ოქროს მთებს გპირდება. შენ გგონია, რომ ამ ფულით მთელ მსოფლიოს იყიდი და ამაშია ბედნიერება.
როცა სულ ახალგაზრდა ხარ და წელუწადში ხუთ მილიონს იღებ, ეს უკვე ძალიან ცუდია. შენ მხოლოდ ფულს ხედავ.

მე ახლაც ვინახავ სურათს, რომელშიც ჩემს დიდ სახლთან და სამ მანქანასთან ვარ გადაღებული. მაშინ თავი მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი მეგონა, ახლა კი ვამბობ, რომ ძალიან ბრიყვი ვიყავი." - ვერაფერს იტყვი, საინტერესო მონოლოგია...

დოსიე
კევინ-პრინს ბოატენგი

დაიბადა: 1987 წ. ბერლინი (გერმ)
კარიერა: 2005-07 - ჰერტა; 2007-09 - ტოტენჰემი; 2009 - დორტმუნდი (იჯ); 2009-10 - პორტსმუთი; 2010-13 - მილანი; 2013-15 - შალკე; 2016 - მილანი; 2016 - ლას პალმასი.
განის ნაკრები: 15 თამაში, 2 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

მკითხველის კომენტარები / 2 /
მადლობა ავტორს ამ სტატიისთვის, ძალიან მიყვარდა ბოა მილანში, ლეჩესთან 3 გოლი, არსენალთან, ბარსელონასთან, იუვენტუსთან საოცარი გოლები გაიტანა. ძალიან მეწყინა მილანმა რო გაყიდა. ყოველთვის მემახსოვრება პრინცი.
prince
00:08 27-03-2017
0
უფრო მეტი შეეძლო განსაკუთრებით მილანში და ცუდია რომ სტატიაში მილანი ნახსენები არ არის.არასდროს დამავიწყდება როგორ გააბითურა აბიდალი და ბარსელონას გოლი შედევრი გაუტანა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული