"სტრასბური", "ლორიანი", პსჟ, "სევილია" - ეს ის გუნდებია, სადაც გამეიროს "ატლეტიკომდე" უთამაშია, საფრანგეთის ნაკრებში მისი მონაგარი კი 13 მატჩი და 3 გოლია...
- რა შეიცვალა თქვენს კარიერაში მას მერე, რაც 2013 წელს ესპანეთში გადახვედით სათამაშოდ?
- ვისწავლე სწორი გადაადგილებები, დროული პაუზების გაკეთება... როცა ახალგაზრდა და გამოუცდელი ხარ, აქეთ-იქით ქაოტურად
- ...და ისწავლეთ, როგორ მოიპოვოთ ბურთი...
- ამ მხრივ, "სევილიაში" მოვუმატე. საერთოდ, ესპანეთში გაცილებით მეტს ვვარჯიშობ, ადრე მივდივარ ბაზაზე, სატრენაჟორო დარბაზში ვმუშაობ... ერთი სიტყვით, დღეს ძალიან ძლიერი ვარ ფიზიკურად, როგორც იტყვიან - მყარად ვდგავარ ფეხზე.
- რა მოგცათ უნაი ემერისთან თანამშრომლობამ? ის თქვენი პირველი მწვრთნელი იყო ესპანეთში გადასვლისას...
- მან მთხოვა, მეტი მემუშავა ინდივიდუალურად. გულწრფელად ვაღიარებ - მანამდე ჩემზე ვერ იტყოდით, რომ განსაკუთრებულად შრომისმოყვარე ვიყავი.
- ესპანეთში აშკარად მოუმატეთ საგოლე გადაცემების მხრივ...
- არასოდეს ვექაჩები საბანს ჩემკენ. საფრანგეთში მხოლოდ ერთი რამ მევალებოდა - გოლის გატანა, ესპანეთში კი სხვანაირადაა - ხშირად ვიხევ უკან და შეტევების ორგანიზებაშიც ვმონაწილეობ.
- თუმცა იშვიათად ურტყამთ კარისკენ...
- ...და ამის გამო ხშირადაც მაკრიტიკებენ. რა ვქნა, ასეთი ვარ - როცა ვხედავ, რომ რომელიმე ჩემი თანაგუნდელი უკეთეს პოზიციაშია, პასს ვამჯობინებ.
- ძლიერი დარტყმა გაქვთ?
- ძლიერი არა, მაგრამ კარგად დაყენებული დარტყმა მაქვს. საერთოდ, შორეული დარტყმები არ არის ჩემი ყველაზე ძლიერი მხარე. არ ვარ ჟინიაკი, რომელიც ნებისმიერი ადგილიდან ურტყამს... ისე, ხანდახან მომინდება ხოლმე, ძლიერად დავცხო ბურთს, მაგრამ თავს ვთოკავ. მარტო ხომ არ ვარ მოედანზე?..
- "ატლეტიკოში" დაცვის დახმარებაც გევალებათ. ასე არ არის?
- ასეა და ამიტომაც არის, შეტევისთვის ძალები ბოლომდე რომ არ მყოფნის. ოქროს შუალედია მოსაძებნი. "ატლეტიკოში" ასე ითხოვენ - უნდა ირბინო, თავი არ უნდა დაზოგო. ეს არის მთავარი.
- მაგრამ მცველების დახმარებით სიამოვნებას ნამდვილად ვერ მიიღებთ. ხომ ასეა?
- რა თქმა უნდა, მაგრამ როცა მწვრთნელი გავალებს, უნდა შეასრულო. თუმცა ჩემი საქმე შეტევაა.
- არადა, თქვენმა თანაგუნდელმა ანტუან გრიზმანმა ერთხელ აღიარა, რომ დაცვის დახმარება ხანდახან შეტევასა და გოლზე მეტადაც კი მოსწონს...
- არა, ჩემზე ამას ვერ იტყვით. თუმცა ერთხელ მწვრთნელმა მითხრა - გევალება, მინიმუმ სამჯერ მაინც აართვა ბურთი მეტოქის საყრდენ ნახევარმცველსო.
- გაგიკვირდათ, როცა დიეგო სიმეონემ ასეთი დავალება მოგცათ?
- ისე, ცოტა კი გამიკვირდა, რადგან მე ფორვარდი ვარ. სიმეონე ასეთია - დაგავალებს და ბოლომდე გაიტანს თავისას! შესანიშნავად ეხერხება ფეხბურთელის დამუხტვა.
- კიდევ რა მოგცათ სიმეონესთან ურთიერთობამ?
- გარდა იმისა, რომ მასწავლა დაცვაში თამაში, მის ხელში უფრო მეტად შემიყვარდა ფეხბურთი. მას მხოლოდ გამარჯვება უნდა, სხვა შედეგის გაგონებაც არ სურს. მოგება მისთვის ნარკოტიკივითაა.
- თამაშის წინ როგორია?
- სხვათა შორის, სრულიად მშვიდი. ორი-სამი წუთით დაგველაპარაკება, დავალებებს მოგვცემს... თამაშის დროს კი ყველა ხედავთ, როგორიცაა.
- სულ რაღაც 8 თვეა, რაც გრიზმანის გვერდით თამაშობთ, არადა, თითქოს 8 წელია, პარტნიორები ხართ, ისე კარგად უგებთ ერთმანეთს...
- არ ვიცი, ეს როგორ ავხსნა. თავისთავად გამოვიდა ასე...
- პსჟ-ში ზლატან იბრაჰიმოვიჩის გვერდით თამაშობდით. რთული პარტნიორია ის?
- არც რთული და არც ადვილი. ის მუდმივად ითხოვს ბურთს, თუმცა მის გვერდით ყოფნის დროსაც გამქონდა გოლები. ზლატანს ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს.
- ამ სეზონში იყო პერიოდი, როცა გოლები ვერ გაგქონდათ. ძალიან ნერვიულობდით?
- ასეთი რამ ყველა სეზონში ხდება და საკმარისია, ერთი გოლი გაიტანო, მერე ისევ გაგაქვს. სიმეონესთან ვილაპარაკე ამ თემაზე - ვარჯიშის მერე 10-15 წუთით ვრჩებოდი და კარში დარტყმაზე ვვარჯიშობდი...
- მოთმინება, ცივსისხლიანობა - ეს შეიძლება ისწავლოს ფეხბურთელმა?
- შეიძლება ისწავლო საკუთარი თავის კონტროლი. აი, მაგალითად, თუ მეკარესთან პირისპირ გადიხარ და ფიქრობ - "ახლა ამას როგორ გავაცურებ" - მერწმუნეთ, ათიდან მხოლოდ ერთს გაიტან. თავი უნდა მოთოკო.
- მოდით, კიდევ ერთხელ გკითხავთ სიმეონეზე - ის ცდილობს, საკუთარი ნება მოგახვიოთ თავს თუ ხელს გიწყობთ ინდივიდუალიზმის წარმოჩენაში?
- საერთოდ, ის ძალიან აფასებს, რომ ფეხბურთელი პრობლემებს მასთან ერთად განიხილავს და არაფერს უმალავს. სიმეონე მიიჩნევს, რომ ასე უფრო იოლია სირთულეების დაძლევა. მისი აზრით, მწვრთნელი და ფეხბურთელი ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ. ის ამაში ასპროცენტიანია. ემერიც ასეთია. მასაც ხშირად ველაპარაკებოდი ერთი-ერთზე, ოღონდ არასოდეს ბრაზდებოდა, თუკი რამეში ვერ დამარწმუნებდა. სიმეონესაც ძალიან მოსწონს, როცა ეკამათები, ესე იგი, შენ არ ხარ გულგრილი და გაწუხებს პრობლემები.
- თქვენს პარტნიორებსაც აქვთ სიტყვის თავისუფლება? ანუ ფეხბურთელებს უნდა შეეძლოთ მწვრთნელთან პრობლემებზე ლაპარაკი?
- რა თქმა უნდა, ასეთი ურთიერთობა მხოლოდ სარგებლის მომტანია. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ სანამ "სევილიაში" ემერის გავიცნობდი, დიდად მოლაპარაკე ნამდვილად არ ვიყავი.
- "სევილიაში" უფრო ხშირად შეცვლაზე შედიოდით. ეს ძნელი იყო?
- ბუნებრივია, მიჭირდა ამგვარ სიტუაციასთან შეგუება. არც პსჟ-ში მაწყობდა ასეთი როლი, მაგრამ... როგორღაც შევეჩვიე. იბრაჰიმოვიჩი დისკვალიფიცირებული იყო, თუმცა მაინც თადარიგში ვრჩებოდი.
-თუმცა ერთხელაც შეხვედით შეცვლაზე და ბრწყინვალედ ითამაშეთ საგოლე შეტევის დროს...
- მაგრამ ეს ჩემს მდგომარეობაზე არ აისახა. რა უნდა მექნა? შინაგანად დავეთანხმე კარლო ანჩელოტის და ერთს მივხვდი - მთებიც რომ გადამეგორებინა, მაინც სათადარიგოთა შორის ვიქნებოდი. "სევილიაში" კი, ჰკითხეთ ემერის, არასოდეს ვმალავდი უკმაყოფილებას, როცა ძირითადში არ მაყენებდა.
- ახლა რომ იყოთ პსჟ-ში, იმავეს იზამდით? გაბრაზდებოდით სკამზე ჯდომის გამო?
- გავიწყდებათ, რომ მაშინ ჩემი კონკურენტი იბრაჰიმოვიჩი იყო?! მაგრამ ცხადია, ახლა უფრო მეტი შანსი მექნებოდა. გასულ ზაფხულს იყო ასეთი არჩევანი - ან "ბარსელონაში" უნდა წავსულიყავი, ან - "ატლეტიკოში". მაგრამ რა მინდოდა "ბარსაში"? იქ მესი, ნეიმარი და სუარესი არიან. ამიტომაც გავაკეთე მარტივი არჩევანი "ატლეტიკოს" სასარგებლოდ.
- იქნებ საჭიროა, რომ ყოველთვის აჩენდეთ ბრჭყალებს?
- რა თქმა უნდა, საჭიროა! მწვრთნელი რომ ვიყო, ყოველთვის ფეხბურთისგან მშიერი მოთამაშის მხარეს ვიქნებოდი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"