კლუბების რაოდენობა: 21
გაი ლესტერში დაიბადა და კარიერა ქალაქის მთავარ გუნდში დაიწყო. ბრანსტონი ორი წელი ირიცხებოდა "მელიების" რიგებში, მაგრამ მინდორზე ერთხელაც არ გასულა. ამის ნაცვლად, მან იჯარის წესით მოიარა ქვედა დივიზიონების ხუთი კლუბი და თითქოს იპოვნა თავისი გუნდი: გაიმ "როტერჰემ იუნაიტედის" დაცვის ცენტრში ხუთი წელი გაატარა და კაპიტნის სამკლავურიც კი ებარა. 2004 წელს, ინსტინქტებმა თავისი გააკეთეს. ბრანსტონი "გააქტიურდა" და უამრავ კლუბში ითამაშა. კარიერის მიწურულს, მას წარმატებული სეზონი ჰქონდა "ტორკი იუნაიტედში" და ინგლისის მეოთხე ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც კი მოხვდა.
სტივ კლარიჯი
კლუბების რაოდენობა: 23
29-წლიანი კარიერის განმავლობაში, ინგლისელმა თავდამსხმელმა ათასზე მეტი მატჩი ჩაატარა და 250-მდე გოლი გაიტანა. მისი კარიერის პიკი 90-იანი წლების მეორე ნახევარზე მოვიდა: 1995-96 წლების სეზონში სტივი გახდა "ბირმინგემის" საუკეთესო ბომბარდირი და 1.5 მილიონ ევროდ გადავიდა "ლესტერში", რომელთან ერთადაც მოიგო ლიგის თასი, თან ფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანა. შემდეგ იყო სამი ნაყოფიერი წელი "პორტსმუტში" (104 მატჩში 34 გოლი), რის შემდეგაც, კლარიჯმა დიდი მოგზაურობა დაიწყო და კარიერის ბოლომდე არც ერთ კლუბში ერთ წელზე დიდხანს აღარ გაჩერებულა.
2008 წელს, სტივი ბრიტანულ გაზეთებში მოხვდა მანქანის სახიფათოდ მართვის გამო: წვიმის დროს, მან თავისი "პეჟოთი" საათში 160 კილმეტრი "დადო". სასამართლოში ფეხბურთელმა თავი იმით იმართლა, რომ ტუალეტში ეჩქარებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, ორი წელი პირობითი სასჯელი და 150 საათი იძულებითი სამუშაოები მიიღო. დღეს, 51 წლის კლარიჯი მწვრთნელისა და დირექტორის ფუნქციებს ასრულებს მეშვიდე დივიზიონის კლუბ "სოლსბერიში". ფუნქციების შეთავსება სტივმა უკვე იცის - კლარიჯი სამ კლუბში იყო მოთამაშე მწვრთნელი.
ფრანკ უორტინგტონი
კლუბების რაოდენობა: 24
70-იან წლებში "ლივერპულმა" ორ-ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი და უეფას თასი. უორტინგტონი კინაღამ გახდა იმ გუნდის წევრი, მაგრამ ჩააგდო სამედიცინო შემოწმება - მაღალი წნევის გამო. გარისკა "ლესტერმა" და მან ხუთი წლით მიიღო შედეგიანი ფორვარდი: ფრანკმა 210 მატჩში 72 გოლი გაიფორმა. უორტინგტონი იმდენად კარგად თამაშობდა, რომ ინგლისის ნაკრებში მიიწვიეს.
1979 წლისთვის, ფრანკი ფეხბურთს უკვე 13 წელია პროფესიულ დონეზე თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში, ფეხბურთელმა მხოლოდ სამი კლუბი გამოიცვალა, მაგრამ შემდეგ მანაც დაიწყო გიჟური მოგზაურობა: მომდევნო 13 წლის განმავლობაში, უორტინგტონმა 21 გუნდი გამოიცვალა, ითამაშა აშშ-ში, შვედეთსა და სამხრეთ აფრიკაში. ფრანკი დარწმუნებულია, რომ პოტენციალით აღემატებოდა მაშინდელ ვარსკვლავებს:
"ლივერპულში" რომ მოვხვედრილიყავი, მნიშვნელოვან სიმაღლეებს მივაღწევდი. კევინ კიგანი და კენი დალგლიში ჩამომრჩებოდნენ ოსტატობაში".
სებასტიან აბრეუ
კლუბების რაოდენობა: 24
გუნდების მუდმივი ცვლის მიუხედავად, აბრეუ მაინც მივიდა წარმატებამდე: მის ანგარიშზეა ურუგვაის ნაკრების შემადგენლობაში 26 გოლი 70 მატჩში. სებასტიანის მეტსახელია - "გიჟი". ასეთი რაოდენობის კლუბებში თამაში მხოლოდ თავზეხელაღებულ ადამიანს შეუძლია, მაგრამ მეტსახელის არსი სხვა გახლავთ. უშიშარი ფორვარდი გადამწყვეტი პენალტის შესასრულებლად გავიდა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში და "პანენკა" დაარტყა. სუარესმა კინაღამ ინფარქტი მიიღო.
აბრეუს უცნაური კარიერა, ძირითადად, მექსიკასა და სამხრეთ ამერიკაში ვითარდებოდა, მაგრამ ფორვარდმა რამდენჯერმე ევროპაშიც ითამაშა: ესპანეთში, საბერძნეთსა და ისრაელში. ახლა, სებასტიანი 40 წლისაა და თავისი თავის ერთგულია: არც ისე დიდი ხნის წინ, აბრეუმ ბრაზილიის სერია D-ს კლუბი "ბანგუ" ურუგვაის "სენტრალ ესპანიოლზე" გაცვალა.
ლუტც პფანენშტილი
კლუბების რაოდენობა: 25
გერმანელი მეკარე - ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ფიფას ექვსივე კონფედერაციაში ითამაშა. კარიერის დასაწყისში, ლუტცმა არ მოისურვა ოლივერ კანის ზურგსუკან ჯდომა, "ბაიერნთან" კონტრაქტზე უარი თქვა და მსოფლიოს დასაპყრობად გაემგზავრა. ინგლისი, ალბანეთი, სომხეთი, ბელგია, ფინეთი, ნორვეგია, მალაიზია, სინგაპური, ახალი ზელანდია, კანადა, ბრაზილია, ნამიბია, სამხრეთ აფრიკა - მოგზაურმა დედამიწას ფეხბურთის თამაშით შემოუარა.
პფანენშტილი კმაყოფილია მიღებული გამოცდილებით: "არაფერზე არ გავცვლიდი მოგზაურის კარიერას. დარწმუნებული ვარ, "ბაიერნში" სათადარიგოთა სკამი მელოდა და კარიერას სადღაც მესამე დივიზიონში დავასრულებდი". უკვე ხუთი წელია, ლუტცი "ჰოფენჰაიმში" სკაუტად მუშაობს - სწორედ მან იპოვნა გუნდისთვის რობერტო ფირმინო.
ტრევორ ბენჯამინი
კლუბების რაოდენობა: 29
ბენჯამინი ხუთი წელი ანადგურებდა მეტოქეებს "კემბრიჯ იუნაიტედში" და "ლესტერმა" თავი ვერ შეიკავა ცდუნებისგან. ემილ ჰესკი "ლივერპულმა" გაიფორმა, ამიტომაც, "მელიებს" სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ფორვარდი. ახალ გუნდში ტრევორს ცუდად არ დაუწყია და პირველივე სეზონში მიიღო ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში მიწვევა. მეორე სეზონში ახალგაზრდა ბიჭი იჯარით გაუშვეს და ამით, დაუსრულუბელი მოგზაურობისთვის გაწირეს: მომდევნო 11 წლის განმავლობაში, ბენჯამინმა 27 ინგლისური კლუბი მოიარა.
ტრევორმა ეს საგიჟეთი 2012 წელს შეწყვიტა და მეკარის ხელთათმანების წარმოება დაიწყო. ბენჯამინი მშვიდად იხსენებს კარიერას: "არაფერს ვნანობ. ჩემს მაგალითზე შეიძლება დარწმუნდე, რომ ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი".
რიჩარდ პაკეტი
კლუბების რაოდენობა: 31
ეს ბიჭი დღემდე აგორებს ბურთს და მისი მთავარი თავისებურება ის არის, რომ 23 გუნდში ათზე მეტი მატჩი არ ჩაუტარებია. პაკეტი - "ქუინზ პარკ რეინჯერსის" აღზრდილია. 2000-იანების დასაწყისში, მან 31 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა "ქუინზ პარკის" მაისურით, შემდეგ კი ინგლისური ფეხბურთის ქვედა ეშელონებში ჩაიკარგა.
"ხშირად ვიცვლიდი კლუბებს, ამიტომაც, არ შემეძლო რეგულარულად ვარჯიში. ეს აისახა ჩემს სათამაშო ფორმაზე", - აღიარებს პაკეტი. წლევანდელ სეზონში რიჩარდმა უკვე ითამაშა სამ გუნდში. ერთ-ერთი იყო ლონდონის პოლიციის ნახევრადპროფესიული გუნდი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"