ევროუქმეების წინ: "ბაიერნი", "ჩელსი", "მონაკო"... ველით ორს

AutoSharing Option
დიდი ხუთეული, ერთი გამონაკლისის გარდა, ამ უქმეებზე სეზონს ასრულებს - იტალიაში კიდევ ერთი ტური რჩება, თუმცა, დიდი ალბათობით, ჩემპიონის ვინაობა ახლავე გაირკვევა. ბუნებრივია, კვირას ესპანეთის ჩემპიონის ვინაობაც გვეცოდინება.

პრემიერლიგა: პეპი, კლოპი, ვენგერი - ერთი ზედმეტია
წუხელ ჯერაც მოქმედმა ჩემპიონმა, "ლესტერ სიტიმ" "ტოტენჰემს" უმასპინძლა 28-ე ტურიდან გამოტოვებულ მატჩში. თუმცა ამ შეხვედრას სატურნირო დატვირთვა თითქმის არ ჰქონია - მაურისიო პოჩეტინოს გუნდს უკვე განაღდებული აქვს მეორე ადგილი და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი.

ბოლო ტურის ყველა შეხვედრა ერთდროულად კი გაიმართება, მაგრამ ამას დიდი აზრი
უკვე არა აქვს - ჩემპიონის ვინაობა ცნობილია (ჩელსი), ვიცით ვიცე-ჩემპიონიც (ტოტენჰემი) და სამივე გავარდნილი (ჰალი, მიდლსბრო, სანდერლენდი). ცნობილია ისიც, რომ ევროპალიგაზე ითამაშებს "ევერტონი"...

ყველაზე დიდი ინტრიგა "ნისლიან ალბიონზე", რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ორი საგზურისთვის ბრძოლაა. არსენ ვენგერი ბოლო წლებში პირველად არის იმ საფრთხის წინაშე, რომ გუნდი ლიგაზე ვერ გაიყვანოს. ეს კი, ფაქტობრივად, მისი არსენალური კარიერის დასრულების ტოლფასი იქნება.

ორი საგზურისთვის სამი გუნდი იბრძვის - "სიტი" (75 ქულა), "ლივერპული" (73) და "არსენალი" (72). ბუნებრივია, მესამე ადგილსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მეოთხისგან განსხვავებით, ის პირდაპირ ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს იძლევა. მეხუთე ადგილზე გასული გუნდი კი ევროპალიგით უნდა დაკმაყოფილდეს.

არის შანსი, რომ ინგლისი ლიგაზე ხუთი კლუბით წარდგეს, მაგრამ ეს მეხუთეადგილოსანს არ ეხება - ყველაფერი სულ სხვა ტურნირზეა დამოკიდებული: "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპალიგის ფინალშია და თუ სტოკჰოლმში "აიაქსს" დაამარცხებს, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. პრემიერლიგაში კი ჟოზე მოურინიოს გუნდი ადგილს ვერ შეიცვლის - მეექვსე ადგილი დაბევებული აქვს.

"არსენალი" "ევერტონს" მასპინძლობს და უჯობს, დაამარცხოს რონალდ კუმანის გუნდი, თუმცა ვენგერის გუნდი მეტოქეებზეა დამოკიდებული. საკმარისია, იურგენ კლოპის "ლივერპულმა" "ენფილდზე" უკვე გავარდნილი "მიდლსბრო" დაამარცხოს, რომ... ამ შემთხვევაში მუსიე არსენს სასწაული თუ იხსნის - სასწაულს კი "სიტის" "უოტფორდთან" ისეთი ანგარიშით დამარცხება ჰქვია, რომ "ქალაქელებს" "არსენალზე" უარესი ბურთების შეფარდება დარჩეს.

რადგან ინგლისში ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა გოლების სხვაობას ენიჭება და არა ურთიერთშეხვედრებს, ამ სამეულის სიტუაციასაც ვიტყვით - "სიტის" +36 აქვს, "ლივერპულს" +33, ხოლო "არსენალს" +31.

ამასობაში ანტონიო კონტეს "ჩელსი" "სტემფორდ ბრიჯზე" საჩემპიონო წრეს დაარტყამს და მშვიდად გააცილებს ჩემპიონშიპში დევიდ მოიესის "სანდერლენდს"...

Sportall.Ge

ლა ლიგა: ანდალუსიაში, "ლა როსალედაზე"...
ოთხშაბათს მთავარი კითხვის პასუხი უფრო მკვეთრად გამოიკვეთა, მაგრამ ეს მხოლოდ კონტურია - "რეალი" ჩემპიონობის მოპოვების ფავორიტია, მაგრამ შანსი "ბარსელონასაც" დარჩა.

ყველაფერი მარტივადაა - თუკი "ლა როსალედაზე" "რეალი" "მალაგასთან" მატჩში ქულას მაინც მოიპოვებს, "სამეფო კლუბი" ესპანეთის ჩემპიონი გახდება. მხოლოდ ზინედინ ზიდანის გუნდის წაგების შემთხვევაში ექნება აზრი "კამპ ნოუზე" პარალელურად გასამართავ მატჩს "ეიბართან".

"რეალის" წაგება და "ბარსას" მოგება ლუის ენრიკეს გუნდის ჩემპიონობის ტოლფასია.

"მალაგა" შინ ყოველთვის ძლიერია, მაგრამ ჩვენ "რეალი" ვართ", - ოპტიმისტურად არის განწყობილი 32 წლის კრიშტიანო რონალდო, რომლის ანგარიშზეც ლა ლიგაში 24 გოლია. პორტუგალიელმა აღიარა, რომ მან კარიერაში პირველად გადაანაწილა ძალები სეზონის განმავლობაში. რას იზამ, ასაკს თავისი მიაქვს.

მაშინ, როცა "რეალი" შესაშურ ხასიათზეა და ტიტულამდე ბოლო ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება, "ბარსელონას" სავარჯიშო ცენტრში მოულოდნელად ანტისადოპინგო ცენტრის წარმომადგენლები დაადგნენ და ოთხი ფეხბურთელი დოპინგზე შეამოწმეს. ესენია: ტერ შტეგენი, ალბა, დენის და ლუის სუარესები. კატალონიაში ბევრს მიაჩნია, რომ ეს ფსიქოლოგიური ზეწოლის მორიგი ფორმა იყო, კასტილიელი ჩინოვნიკების მხრიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩემპიონატში უკანასკნელად გამოიყვანს გუნდს ლუის ენრიკე, რომლის სამწლიან მოღვაწეობას კატალონიაში წარმატებული ეთქმის. "ბარსას" უბრუნდება ჟერარდ პიკე, რომელსაც ვირუსმა ბოლო ტურში თამაშის საშუალება არ მისცა.

უკვე ცნობილია, რომ "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, ხოლო "სევილია" - საკვალიფიკაციო პლეი ოფში. ცნობილია გავარდნილ გუნდთა ვინაობაც ("სპორტინგი", "ოსასუნა", "გრანადა").

ევროპალიგის საგზურებისთვის კი ბრძოლაა, რომელშიც "ვილიარეალი", "ბილბაო" და "რეალ სოსიედადი" მონაწილეობენ. დიდი ალბათობით, სამივე გუნდი გავა ამ ტურნირზე, რადგან ძნელი წარმოსადგენია, რომ "ალავესი" შეძლებს კოპა დელ რეის ფინალში "ბარსელონას" დამარცხებას. ყოველ შემთხვევაში, მეშვიდეზე გასული გუნდი მაინც თასის ფინალს უნდა დაელოდოს და ილოცოს, რომ იქ სენსაცია არ მოხდეს.

ბუნდესლიგა: მუდმივი კითხვა, კვლავ გადარჩება ჰამბურგი?
ჩემპიონატი სრულდება ბუნდესლიგაშიც. ტოპებში ყველაფერი გარკვეულია - "ბაიერნი" ჩემპიონია, "ლაიპციგი" - ვიცე-ჩემპიონი. მათთან ერთად, ჩემპიონთა ლიგაზე "დორტმუნდი" და "ჰოფენჰაიმი" ითამაშებენ, მაგრამ რომელი მოხვდება პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე? ორივეს 61-61 ქულა აქვს და თუკი ასევე თანაბარი ქულებით დაასრულებენ პირველობას, მესამე ადგილს "დორტმუნდი" დაისაკუთრებს, რადგან მას ბურთების უკეთესი სხვაობა აქვს (+4). "დორტმუნდი", რომლის საყრდენ იულიან ვაიგლს 3-4-თვიანი იძულებითი უქმობა დაუდგინეს ექიმებმა, "ვერდერს" მასპინძლობს. გარკვეული მოტივაცია ბრემენელებსაც შერჩათ, რადგან მათ ევროპალიგის საგზურის თეორიული შანსი ისევ აქვთ. "ჰოფენჰაიმი" შინ უმასპინძლებს "აუგსბურგს".

ევროპალიგის საგზურებისთვის რეალურად მაინც "ჰერტას", "ფრაიბურგისა" და "კიოლნის" სამეული იბრძვის. "ჰერტას" მიზნამდე ქულა უნდა, "ფრაიბურგის" უპირატესობა კი ის არის, რომ, თუ "დორტმუნდი" თასს მოიგებს, ევროპალიგაზე ისედაც მოხვდება.

"ინგოლშტადტი" და "დარმშტადტი" გავარდნილები არიან, ხოლო ვინ ითამაშებს პლეი აუტში, "ჰამბურგისა" და "ვოლფსბურგის" მატჩში გაირკვევა - თუ "ჰამბურგი" მოიგებს, ის რჩება, თუ არადა, პლეი აუტში ითამაშებს. "აუგსბურგს", "ვოლფსბურგის" დარად, 37 ქულა აქვს, მაგრამ ის სამშვიდობოსაა, რადგან მისი კონკურენტები ერთმანეთს ხვდებიან და ერთ-ერთი (თუ ორივე არა) უეჭველი დაკარგავს ქულებს. მოკლედ, "ფოლკსპარკშტადიონზე" ნამდვილი ფინალია - მარკუს გისდოლის "ჰამბურგი" ანდრიეს იონკერის "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ.

Sportall.Ge

სერია A: ბოლოსწინა
სამი ტურით ადრე "იუვენტუსს" ჩემპიონობის გასანაღდებლად ფრეც ჰყოფნიდა, ახლა კი მოგება სჭირდება. მიზეზი კი ისაა, რომ წინა უქმეებზე გუნდი უშუალო კონკურენტ "რომას" ხვდებოდა (და წააგო), ახლა კი მეტოქე "კროტონეა", რომლისთვისაც ეს თამაში სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასია. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ სხვებისგან განსხვავებით, იტალიაში ბოლოსწინა ტურია. ცნობილია, რომ "იუვენტუსი", "რომა" და "ნაპოლი" იტალიას ჩემპიონთა ლიგაზე წარადგენენ, მაგრამ მათ ჯერ ადგილები არ გადაუნაწილებიათ, ჩემპიონობის თეორიული შანსი "ნაპოლისაც" კი აქვს. "ლაციო" და "ატალანტა" ევროპალიგაზე ითამაშებენ, ვინ იქნება მესამე? "მილანი" ქულით უსწრებს "ფიორენტინას" და სამით "ინტერს".

"პალერმო" და "პესკარა" კი გავარდნენ, მაგრამ ღიაა მესამე უიღბლოს საკითხი. თვების წინ "ემპოლი", თითქოს, დარჩენილი იყო, მაგრამ რაც ლევან მჭედლიძე ტოსკანურ კლუბს გამოაკლდა ტრავმის გამო, გუნდმა ქულები ვეღარ დააგროვა, ხოლო "კროტონე" ჩემპიონის გრაფიკით თამაშობს და "ემპოლის" ქულამდე მიუახლოვდა. გადარჩენილი ჯერ არც "ჯენოაა".

Sportall.Ge

ლიგა 1: ბრძოლა მზის ქვეშ დარჩენისთვის
"მონაკომ" გამოტოვებული მატჩი მოიგო და ლეონარდო ჟარდიმმა პსჟ-ის დომინაცია დაარღვია. ჟარდიმი სულაც მეორე პორტუგალიელია არტურო ჟორჟეს შემდეგ, ვინც ფრანგული ლიგა მოიგო. "მონაკო" ჩემპიონი მერვედ გახდა, მეტი ტიტული მხოლოდ "მარსელს" (9) და "სენტ ეტიენს" (10) აქვთ. მონეგასკები "ნანტს" დაეწივნენ.

"მონაკო" და პსჟ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ, "ნიცა" ამ ტურნირში პლეი ოფიდან ჩაერთვება. "ლიონმა" ევროპალიგა გაინაღდა, საგზურისთვის იბრძვიან "მარსელი" და "ბორდო".

"ნანსის" მაქსიმუმ პლეი აუტში თამაში შეუძლია, პრაქტიკულად კი, გავარდნილია. ქვემოთ ისეთი დაძაბული სიტუაციაა, ორი სიტყვით ძნელია ახსნა. მოკლედ, აუტსაიდერთათვის ეს ტური უმნიშვნელოვანესია.

Sportall.Ge

მიმდინარე სერიები
* გამარჯვებები (ტოპ-5): 11 - მონაკო; 6 - ბარსელონა.
* გამარჯვებები (ევროპაში): 11 - მონაკო; 8 - ასტრა; 6 - ბარსელონა, ცრვენა ზვეზდა, პაოკ, პარტიზანი.
* დაუმარცხებელი (ტოპ-5): 19 - მონაკო.
* დაუმარცხებელი (ევროპა): 36 - სელტიკი; 30 - პორტუ.
* ფრეები (ტოპ-5): 3 - ბორდო, ინგოლშტადტი, ატალანტა.
* ფრეები (ევროპა): 5 - დნიპრო.
* მოუგებელი (ტოპ-5): 12 - გრანადა; 11 - პესკარა.
* მოუგებელი (ევროპა): 12 - გრანადა; 11 - პესკარა; 10 - ამკარი.
* წაგებები (ტოპ-5): 7 - გრანადა; 6 - სელტა.
* წაგებები (ევროპა): 8 - ბორაცი; 7 - გრანადა.

ინგლისი. პრემიერლიგა. ბოლო ტური
კვირა. 21 მაისი
არსენალი-ევერტონი 18:00
ბარნლი-ვესტ ჰემი 18:00
ჩელსი-სანდერლენდი 18:00
ჰალი-ტოტენჰემი 18:00
ლესტერი-ბორნმუთი 18:00
ლივერპული-მიდლსბრო 18:00
მანჩესტერი-კრ. პალასი 18:00
საუთჰემპტონი-სტოკი 18:00
სუონსი-ვესტ ბრომვიჩი 18:00
უოტფორდი-სიტი 18:00

ბომბარდირები: 24 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 23 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 22 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 20 - დიეგო კოშტა (ჩელსი).

ესპანეთი. ლა ლიგა. ბოლო ტური
პარასკევი. 19 მაისი
გრანადა-ესპანიოლი 22:45

შაბათი. 20 მაისი
სპორტინგი-ბეტისი 19:00
ლეგანესი-ალავესი 21:00
დეპორტივო-ლას პალმასი 21:00
სევილია-ოსასუნა 23:00

კვირა. 21 მაისი
ატლეტიკო-ბილბაო 18:45
ვალენსია-ვილიარეალი 18:45
სელტა-სოსიედადი 18:45
ბარსელონა-ეიბარი 22:00
მალაგა-რეალი 22:00

ბომბარდირები: 35 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 28 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 18 - იაგო ასპასი (სელტა).

გერმანია. ბუნდესლიგა. ბოლო ტური
შაბათი. 20 მაისი
ბაიერნი-ფრაიბურგი 17:30
დორტმუნდი-ვერდერი 17:30
გლადბახი-დარმშტადტი 17:30
ჰერტა-ლევერკუზენი 17:30
კიოლნი-მაინცი 17:30
ჰამბურგი-ვოლფსბურგი 17:30
ინგოლშტადტი-შალკე 17:30
ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი 17:30
აინტრახტი-ლაიპციგი 17:30

ბომბარდირები: 30 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 29 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 25 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 21 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

იტალია. სერია A. XXXVII ტური
შაბათი. 20 მაისი
კიევო-რომა 20:00
ნაპოლი-ფიორენტინა 22:45

კვირა. 21 მაისი
ემპოლი-ატალანტა 17:00
მილანი-ბოლონია 17:00
სასუოლო-კალიარი 17:00
იუვენტუსი-კროტონე 17:00
უდინეზე-სამპდორია 17:00
ჯენოა-ტორინო 17:00
ლაციო-ინტერი 22:45

ორშაბათი. 22 მაისი
პესკარა-პალერმო 22:45

ბომბარდირები: 27 - ედინ ჯეკო (რომა); 25 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), დრის მერტენსი (ნაპოლი); 24 - მაურო იკარდი (ინტერი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 22 - ჩირო იმობილე (ლაციო).

საფრანგეთი. ლიგა 1. ბოლო ტური
შაბათი. 20 მაისი
ნანსი-სტ. ეტიენი 23:00
ლორიანი-ბორდო 23:00
ლილი-ნანტი 23:00
მარსელი-ბასტია 23:00
ლიონი-ნიცა 23:00
პსჟ-კაენი 23:00
ტულუზი-დიჟონი 23:00
ანჟერი-მონპელიე 23:00
რენი-მონაკო 23:00
გენგამი-მეცი 23:00

ბომბარდირები: 35 - ედინსონ კავანი (პსჟ); 26 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 21 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 19 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ოპელი, ვერ გევიგე..

რა სიტი, რის 6 ტური
პირველი კომენტარის ავტორს
17:49 19-05-2017
0
ნიკალა,ნუთუ არ იცი რომ რონალდო კარგა ხანია 32 წლისაა? :)
გარინჩა
14:57 19-05-2017
0

სიახლეები პოპულარული