პორტუგალია VS ჩილე - ევრო VS კოპა

AutoSharing Option
"ის ვირეშმაკაა, ჩემთვის ის უბრალოდ არ არსებობს", - განაცხადა ჩილელთა ლიდერმა არტურო ვიდალმა პორტუგალიელთა ლიდერ კრიშტიანო რონალდოზე და ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა საფეხბურთო თვალსაზრისით ორი მთავარი კონტინენტის ტრიუმფატორთა ჯახის წინ. დღეს "ყაზან არენაზე" კონფედერაციათა თასის პირველი ნახევარფინალური მატჩია.

კოპა ამერიკის ჩემპიონი ჩილე ნახევარფინალში მას მერე გავიდა, რაც ავსტრალიასთან ფრე ითამაშა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ევრო 2016-ის გამარჯვებულმა პორტუგალიამ კი მასპინძლებთან ფრის მერე ჯგუფში ორივე მატჩი მოიგო და პირველი ადგილით გავიდა ნახევარფინალში.

კრიშტიანო რონალდო აქაც ლიდერია - მან
ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა. არტურო ვიდალს ასე არ გაუბრწყინია, თუმცა "ტემპერატურის აწევა" მან "რეალის" ვარსკვლავის ლანძღვით სცადა.

"დაივიწყეთ რონალდო! მე უკვე შევპირდი "ბაიერნში" ჩემს თანაგუნდელ ჯოშუა კიმიხს, რომ ერთმანეთს ფინალში შევხვდებით", - აცხადებს ჩილეს ნაკრების ლიდერი.

პორტუგალიას, ერთი შეხედვით, უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ყველაფერი ჩილეზეა დამოკიდებული, რომელიც პირველ რიგში, დაცვის კარგი თამაშითაა ცნობილი. სამხრეთამერიკელები ევროპელებს მათსავე ნახევარზე შეაწუხებენ, იმ იმედით, რომ ფერნანდო სანტუშის ბიჭები შეცდომებს დაუშვებენ. ამის საპასუხოდ, პორტუგალია კონტრშეტევებზე გააკეთებს აქცენტს. დიდი სისწრაფეები ამ თამაშში შეიძლება ვერც ვიხილოთ. და კიდევ ერთი, პენალტების სერია, ალბათ, უფრო სამხრეთამერიკელებს აწყობთ.

პორტუგალია და ჩილე ოფიციალურ მატჩებში პირველად ხვდებიან ერთმანეთს. აქამდე იყო ორი ამხანაგური შეხვედრა (პორტუგალიამ ერთი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა). ბოლოს ისინი 2011 წელს გადაეყარნენ ერთმანეთს (1:1).

ვიდალისა და კრიშტიანოს დაპირისპირებაზე კი ვისაუბრეთ, მაგრამ რონალდოს ვიზავი უფრო ალექსის სანჩესია. ორი შვიდიანის გარჯაში ვინც უკეთესი იქნება, მისი გუნდი შეძლებს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას.

ჩილელთა თავკაც ხუან ანტონიო პიცის იმედი აქვს, რომ ჩარლს არანგისი გამოჯანმრთელებას მოასწრებს. ავსტრალიასთან მატჩში ვეტერანმა ტიმ კეჰილმა ჩილელი დააშავა, შესვენებაზე არანგისი შესაცვლელი გახდა.

"პორტუგალია სხვებისგან განსხვავებული მეტოქეა. ძალიან ძნელია ევროპის ჩემპიონატის მოგება, რადგან კონტინენტზე ბევრი ძლიერი ნაკრებია და მათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავთ. მათი მწვრთნელი ძალზე გამოცდილია და ის თავის გუნდს ხუთი თითივით იცნობს, მაგრამ ჩვენ წინააღმდეგაც ძალიან ძნელია თამაში, მოედანზე ერთ გოჯსაც არ დავთმობთ", - განაცხადა არგენტინული წარმოშობის ესპანელმა.

ფერნანდო სანტუში: "ყველა გუნდი განსხვავებულია. ჩილელები დინამიკურ ფეხბურთს თამაშობენ, მათი ფეხბურთი დაბალანსებულია. ბრძოლისთვის მზად ვართ, პორტუგალიელებს ეს სისხლში გვაქვს. ბერნარდო სილვას ტრავმა? მას 24 საათი აქვს, რომ გამოჯანმრთელება მოასწროს".

ოთხშაბათი. 28 ივნისი
პორტუგალია-ჩილე 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიო - სემედუ, ბრუნო ალვეში, ჟოზე ფონტე, ელიზეუ - ჟოაო მოუტინიო, ვილი კარვალიო, ბერნარდო სილვა, კვარეჟმა - რონალდო, ანდრე სილვა
ჩილე (4-3-3): ბრავო - ისლა, მედელი, როკო, მენა - არანგისი, დიასი, ვიდალი - ა. სანჩესი, ე. ვარგასი, ფუენსალიდა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული