"ბარსელონაში" გადასვლამ აიძულა ნეიმარი, უფრო მეტი ეფიქრა საკუთარ იმიჯზე, მეტადრე - ვარცხნილობაზე. დანი ალვეშმა და რაფინიამ მას ურჩიეს, მიემართა სტილისტ ვაგნერ ტენორიოსათვის. ისინი სწორედ მასთან დადიოდნენ მას შემდეგ, რაც "ბარსელონაში" გადავიდნენ.
ტენორიო ძალიან გააკვირვა ნეიმარის თმების მდგომარეობამ. ბრაზილიაში თამაშის დროს ის ძალიან ხშირად იცვლიდა იმიჯს, მაგრამ საერთოდ არ უვლიდა თმებს. თავდაპირველად სტილისტმა მოკლედ შეჭრა თმები
"მე არც ისე ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, მაგრამ როცა ნეიმარს ვჭირდები, მუდამ მის გვერდით ვარ. როცა ის ჩემს სამსახურს საჭიროებს. ის ჯერ მირეკავს მე, მერე კი მანქანას მიგზავნის პირადი მძღოლით. ფასზე ზუსტად არ ვისაუბრებ, მაგრამ ასეთი მომსახურებისათვის მე ერთი კლიენტისაგან თვეში 2000 ევროს ვიღებ" - ამბობს ტენორიო.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კიდევ უფრო ძვირი ღირს ლეგენდარული მოკრივის, ფლიოდ მეივეზერის "ვარცხნილობა". არადა, მას... თავზე თმა არ აქვს. მისი პირადი პარიკმახერი ჯესიკა სტარი თითოეული სიანსის სანაცვლოდ 1000 დოლარს იღებს. მეივეზერი კვირაში ორჯერ საჭიროებს მის მომსახურებას. ხანდახან მეივეზერის დანახარჯი თვეში 10 ათას დოლარს აჭარბებს.
მეივეზერთან ნაცნობობის შემდეგ ჯესიკამ ექვსი ახალი სალონი გახსნა ლას ვეგასში. მისი მდიდარი კლიენტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.
ვინ ზრუნავს ვარსკვლავების ვარცხნილობაზე?
გასულ ზაფხულს პოლ პოგბას პირადი პარიკმახერი, კრის ტოფერსონი ნამდვილი საფეხბურთო ნიუსმეიკერი გახდა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კლიენტს ახალი ვარცხნილობა გაუკეთა ახალი კლუბისათვის და "მანჩესტერ იუნაიტედი" მონიშნა. მალე კრისმა დაწერილი წაშალა, მაგრამ უკვე გვიან იყო. ყველამ ყველაფერი გაიგო. სამი კვირის შემდეგ ოფიციალურად გაცხადდა "იუნაიტედში" პოგბას დაბრუნების თაობაზე.
პოგბას ძალიან ხშირად წყინდება ძველი ვარცხნილობები. სწორედ ამიტომ მის თავზე ხშირად ჩნდება ლეოპარდები, პოკემონები, სხვა ცხოველები... 2016 წელს "მირორმა" შეადარა პოგბას ვარცხნილობებისა და გატანილი გოლების რაოდენობა. თითქმის თანაბრად გამოვიდა. დიდი განსხვავება მათ შორის არც ახლა უნდა იყოს.
* * *
"ჩემი კლიენტები ძალიან ხშირად ახალ ვარცხნილობას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მატჩების წინ იყენებენ, ისინი მე მატყობინებენ, რომელ სასტუმროში ჩერდებიან. მე მივდივარ მათთან და პირდაპირ იქ ვაკეთებ ჩემს საქმეს", - ყვება ბრიტანელი სტილისტი, დენიელ ჯონსონი. მის კლიენტებს შორის არიან უოლკოტი, ბეილი, ბალოტელი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, იანგი, რუნი და სხვები.ყველაზე რთული გზა სტილისტთან მისვლამდე რუნიმ გაიარა. იქამდე მან თმები გადაინერგა და ეს "სიამოვნება" მას 13,5 ათასი გირვანქა დაუჯდა. ამის შემდეგ უეინს სტილისტი აღარ შეუცვლია.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა. როცა ფეხბურთელი ჩემიდან მიდის, ის ძალიან ბედნიერი და საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებულია. მე მას ვეხმარები იმაში, რომ მინდორზე ბოლომდე გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები", - ამბობს ჯონსონი.
"ჯონსონი ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული კაცია. ის მე მეხმარება იმაში, რომ ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაში კარგად გამოვიყურებოდე. როცა გოლები გამაქვს, კარგად უნდა გამოვიყურებოდე", - მიიჩნევს მისი ერთ-ერთი სტაჟიანი კლიენტი, ჯერმეინ დეფო.
"ჩემი სამუშაო მხატვრისას ჰგავს. ეს ნამდვილი ხელოვნებაა. მე ვსწავლობ ფეხბურთელს, მის იმიჯს და ჩაცმის სტილს. მხოლოდ ამის შემდეგ ვარჩევ მისთვის ახალ ვარცხნილობას. მე ვერ შევჭრი რუნის ისე, როგორც დეფოს. ყველას თავისი ინდივიდუალური სტილი აქვს", - ეს ისევ ჯონსონის სიტყვებია.
სტილისტი განსაკუთრებით ამაყობს მარიო ბალოტელისთან მუშაობით.
"მარიო იმ ადამიანთა შორისაა, ვინც დიდებულად ახერხებს საკუთარი თავის გამოხატვას ვარცხნილობის მეშვეობით. მე მიყვარს ისეთი ბიჭები, რომლებიც არ უშინდებიან ექსპერიმენტებს და სტილი თვისობრივად ახალ დონეზე აჰყავთ..."
* * *
მიგელ სიეროს სახელი ესპანეთში ყველამ იცის. ეს სტილისტი მადრიდში ცხოვრობს და ზრუნავს ძირითადად იმაზე, რომ მადრიდის "რეალის" ვარსკვლავები კარგად გამოიყურებოდნენ. მისი სალონის განსაკუთრებით ხშირი სტუმრები არიან რონალდო და ხამესი. ხამესს ახლა ახალი სტილისტის ძებნა მოუწევს. მისი კლიენტები არიან მოდრიჩი, კროოსი, კოვაჩიჩი, კეილორ ნავასი...* * *
ვეინბრიჯელმა სტილისტმა, ლეო ბენკროფტმა ძალიან საინტერესო ამბავი გაამხილა. მისი თქმით, მთელი 8 წლის განმავლობაში ჯონ ტერი მას პირადად უხდიდა თანხას იმის სანაცვლოდ, რომ ის "ჩელსის" ყველა ფეხბურთელსა და ზოგადად თანამშრომელს მომსახურებოდა. "სანმა" დათვალა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ არც მეტი, არც ნაკლები, 145 ათასი გირვანქა დახარჯა.
* * *
მესის პირადი სტილისტი და მეგობარი, არიელ ბერმუდესი გასული სეზონის წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმით იყო დაკავებული - მან არგენტინელი გენიოსი ქერად აქცია. "დროთა განმავლობაში მესი იცვლება პიროვნულად და ის უფრო თამამი ხდება. მას მოეწონა ახალი ვარცხნილობა. რაც შეეხება ფერს, ჩვენ ავირჩიეთ ისეთი ფერი, რომელიც დღეს პოპულარულია ევროპაში. ლეომ თვითონ გადაწყვიტა წვერის მოშვება. ეს მას უფრო ვაჟკაცურს ხდის." - ყვება ბერმუდესი.
ერთხელ მას ჰკითხეს, ართმევს თუ არა ის მესის ფულს იმის მიუხედავად, რომ არგენტინელი მისი ახლო მეგობარია. ბერმუდესის თქმით, ლეო მას ყოველთვის უხდის, ოღონდ მხოლოდ სიმბოლურ თანხას.
რამდენად ხშირად უნდა შეიცვალო ვარცხნილობა?
ყველას თავისი აზრი აქვს. მაგალითად, "კრისტალ პალასის" ვინგერი, ვილფრიდ ზაჰა მიიჩნევს, რომ ეს ყოველდღე უნდა გააკეთო. ზაჰა დიდ ფულს მხოლოდ ვარცხნილობაში როდი იხდის. ის თავისი ხელფასის 10 პროცენტს ყოველთვიურად რიცხავს საქველმოქმედო ფონდებში. ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი დარწმუნებულია, რომ კვირაში ორჯერ საკმარისია.
ყვითელი გუნდი
მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე რუმინეთის ნაკრებმა მუნდიალების ისტორიაში ყველაზე უცნაური პირობა დადო. თუ გუნდი ჯგუფიდან გავიდოდა, ყველა ფეხბურთელი თმას ყვითლად შეიღებავდა. ინგლისთან გამარჯვების შემდეგ მთელმა ნაკრებმა შეიცვალა იმიჯი. თმები არ შეიღება მხოლოდ მეკარე ბოგდან სტელიამ.
რუმინელები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მეოთხედფინალში გავიდოდნენ, მზად იყვნენ, თმები ეროვნული დროშის ფერებში შეეღებათ. სამწუხაროდ, მათ ეს ვერ მოახერხეს.
ყველაზე უცნაური ისტორია
2013 წელს მადრიდის ფიგურების მუზეუმში გამოჩნდა კრიშტიანო რონალდოს ფიგურა. მისი ღირებულება 20 ათასი ფუნტია. ფიგურა კრიშტიანოს ძალიან მოეწონა. ის თვეში ერთხელ სტილისტს სპეციალურად გზავნის მუზეუმში, რათა ფიგურას თმები შეუსწოროს. თმები ნატურალურია - ისინი სპეციალურად ჩამოაქვთ ინდოეთიდან.
"კრიშტიანოს უნდა დარწმუნებული იყოს, რომ მისი ფიგურა იდეალურია." - ამბობს მუზეუმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"