ზიზუ, რონალდო და კომპანია სიღარიბის წინააღმდეგ

AutoSharing Option
გუშინწინ ჰამბურგში საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს ნაკრები "ჰამბურგს" შეხვდა და 5:4 დაამარცხა.

24 300 მაყურებლის თვალწინ გამართულ შეხვედრაში შედეგი, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანი გახლდათ. თამაშში მონაწილეობა სულ 50-მა აქტიურმა თუ ყოფილმა ფეხბურთელმა მიიღო. შემოსული თანხა (სულ 250 000 ევრო) ღარიბ აფრიკელ ბავშვებს მოხმარდებათ.

თამამად უნდა ითქვას, რომ საფეხბურთო შოუ შედგა. მოედანზე ერთი საათი მხოლოდ ზინედინ ზიდანმა გაატარა - ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მაყურებლებს თავისი გენიალური პასებით ძველი ზიზუ გაახსენა, მერე კი ძალიან დიდხანს არიგებდა ავტოგრაფებს.

მართალია, შეხვედრის შედეგი მეორეხარისხოვანი იყო,
მაგრამ მაინც ჩამოვთვლით იმ მოთამაშეების გვარებს, რომლებმაც გოლები გაიტანეს. მსოფლიო ნაკრებიდან დიდიე დროგბამ, რონალდომ, კაპდევილიამ, მიჩელ სალგადომ და ლუიშ ფიგუმ იხეირეს, "ჰამბურგიდან" კი მლადენ პეტრიჩმა, ზე რობერტომ, ტომას რინკონმა და მინ სონმა.

თუკი ზიდანმა ძველებური პასები არიგა, რონალდომ დრიბლინგები განახორციელა. მართალია "ფენომენს" წონაში უკვე ძალიან აქვს მომატებული და ცხადია, ძველებურად სწრაფი აღარაა, მაგრამ მაყურებლები მაინც ასიამოვნა. ვეტერანებიდან, რომლებსაც აქტიური სპორტული კარიერა დამთავრებული აქვთ, ყველაზე კარგ სპორტულ ფორმაში აშკარად "იუვენტუსისა" და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი ედგარ დავიდსია, რომელმაც ჩვეულ სტილში, ძალიან ბევრი ირბინა.

ჰამბურგის პუბლიკამ უდიდესი ოვაციები უძღვნა ირანელ მეჰდი მაჰდავიკიას, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ჩრდილოგერმანულ კლუბში აქვს გატარებული. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ნაკრების მწვრთნელები მარჩელო ლიპი და ბორა მილუტინოვიჩი იყვნენ, შეხვედრის მსაჯი კი ლეგენდარული იტალიელი არბიტრი პიერლუიჯი კოლინა გახლდათ, რომელიც 1998-დან 2003 წლამდე ზედიზედ ექვსჯერ გახდა წლის საუკეთესო მსაჯი.

"ჰამბურგის" რიგებში ვიხილეთ ცნობილი ყოფილი ჰამბურგელებიც: იორგ ალბერტცი და მეკარე რიხარდ გოლცი, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ კარიერა დიდი ხნის დამთავრებული აქვს, ზიდანს და დროგბას დარტყმები იდეალური ნახტომებით მოიგერია.

ეს მატჩი უკვე მეცხრედ გაიმართა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი გერმანიაში შედგა (ბოლოს 2005 წელს, დიუსელდორფში). "ჩვენი მიზანი მხოლოდ ფულის შეგროვება არ იყო, რადგან ისე, ფეხბურთის თამაშის გარეშეც შეგვიძლია. ასეთი მატჩით ისიც გვინდა, რომ ყველას მაგალითი ვუჩვენოთ," - ეს ზიდანის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული