ანრი სალხში ბრუნდება!

AutoSharing Option
მორჩა, გადაწყვეტილია: ტიერი ანრი ლონდონის „არსენალში“ ბრუნდება!

34 წლის ფრანგი თავდამსხმელი, რომელიც ლონდონურ გრანდში 1999-დან 2007 წლამდე თამაშობდა, მერე კი ჯერ „ბარსელონას“ მიაშურა, ახლა კი ნიუ იორკის „რედ ბულის“ საკუთრებაა, „მეთოფეებში“ უახლოესი ორი თვის განმავლობაში განათხოვრების წესით იასპარეზებს.

ანრის იჯარა წუხელ „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ოფიციალურად დაადასტურა.

სიტი დე როსის უმიზნებს
„მანჩესტერ სიტის“ იტალიელ მწვრთნელ რობერტო მანჩინის დიდი ხანია, თანამემამულე დანიელე დე როსის გადაბირება უნდა და როგორც ირკვევა, ამ დღეებში გააქტიურებას აპირებს.

ინგლისური და იტალიური მედიის ცნობით, „სიტის“ მფლობელი
შეიხები „რომასთვის“ იდეალურ წინადადებას ამზადებენ. „სანის“ ინფორმაციით, მანჩესტერელები რომაულ კლუბს 28 წლის დე როსის სანაცვლოდ იმაზე გაცილებით მეტ თანხას შესთავაზებენ, ვიდრე დე როსი ამ ეტაპზე ღირს. ზოგადად, მისი ფასი 31 მილიონი ევროა, მაგრამ რაკი „რომასთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, ახალი ხელშეკრულება კი ჯერ კიდევ არ გაუფორმებია, თუ დე როსი წასვლას მოისურვებს, „ჯალოროსი“ იძულებული გახდება, რეალურ ფასზე ნაკლები თანხის სანაცვლოდ დათმოს.

ამავდროულად, „გაძეტა დელო სპორტი“ წერს, რომ „რომას“ ხელმძღვანელები დე როსის ამ დღეებში დაელაპარაკებიან და ახალი კონტრაქტის გაფორმებას შესთავაზებენ.

ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, „ჯალოროსი“ მზადაა, დანიელეს წელიწადში 6 მილიონი ევრო (ბრუტო) გადაუხადოს.

ბალოტელი: ინტერს ვუნდივარ!
ამასობაში, „სიტის“ იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი აცხადებს, რომ მილანის „ინტერს“ მისი დაბრუნება სურს. „დეილი მეილისთვის“ მიცემულ ინტერვიუში 21 წლის ფორვარდმა განაცხადა, „ინტერის“ პრეზიდენტი მასიმო მორატი მზადაა „ნერაძურიში“ დამაბრუნოსო, მაგრამ იქვე დასძენს:

„დიდი მადლობა მორატის, მაგრამ ახლო მომავალში „სიტიდან“ წასვლაზე არ ვფიქრობ. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ „მილანის“ ბოსებსაც ვესაუბრე და „ინტერიდანაც“ დამიკავშირდნენ, მანჩესტერიდან წასვლა არ მინდა“.

ბალოტელი იმასაც ამბობს, რომ მისი გადაბირება ესპანურ და სხვა ინგლისურ კლუბებსაც სურთ.

ანჩელოტი ვარსკვლავებს ეთამაშება
„პარი სენ ჟერმენის“ ახალ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის იანვარში სერიოზული გეგმები აქვს. 52 წლის იტალიელ სპეციალისტს პსჟ-ში რამდენიმე ტოპ-ფეხბურთელის გადაბირება უნდა - როგორც იცით, ფრანგულ კლუბს ფული არ უჭირს.

კარლიტოსთვის სასურველი მოთამაშეების სია ასე გამოიყურება: დევიდ ბექჰემი (36 წლის, გალაქსი), კაკა (29, რეალი), ალეშანდრე პატო (22, მილანი), ჰალკი (25, პორტუ) და კარლოს ტევესი (27, სიტი). ვერაფერს იტყვი – გემოვნება ანჩელოტის ნამდვილად კარგი აქვს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული