ლოთარ მათეუსი: მესი ჩავის გარეშე ნახევარი მესია!

AutoSharing Option
„ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ არაერთ ლეგენდარულ გერმანელ ფეხბურთელს მიუღია, ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებით კი მხოლოდ ერთი გერმანელი, ლოთარ მათეუსი ამაყობს.

ფაქტია, ამის მიზეზი ის არის, რომ ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება ოფიციალურად 1991 წლიდან დაიწყო და პირველი სწორედ გერმანიის ნაკრების რეკორდსმენი მათეუსი გახლდათ.

მას მერე ამ დონეზე მხოლოდ ერთმა გერმანელმა გამოიჩინა თავი - 90-იანებში მათიას ზამერი „ოქროს ბურთით“ დააჯილდოვეს... ისე, კარგია, რომ ფიფას და „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვები გაერთიანდა - მოგვკლავდა ეს ორი სათაური... პარდონ, ორი ჯილდო.

მათეუსმა გუშინწინ პეპ
გვარდიოლა (საუკეთესო მწვრთნელი) დააჯილდოვა, ცერემონიის შემდეგ კი „შპორტ აინსს“ მისცა ინტერვიუ.

ლოთარი წუხს, რომ დიდი ხანია, გერმანელ ფეხბურთელს ასეთი ჯილდო არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ ამჯერად გამოკითხვის შედეგებში საუკეთესი მიღწევა მესუთ იოზილს ჰქონდა, რომელიც მე-11 ადგილზე გავიდა. მე-13 იყო თომას მიულერი, მე-15 კი - ბასტიან შვაინშტაიგერი.

საინტერესოა ისიც, რომ იოზილი და მიულერი გამოკითხულებმა (156 ნაკრების მწვრთნელი, ნაკრები გუნდების კაპიტნები და ჟურნალისტები) თითოჯერ პირველ ადგილზე გაიყვანეს. მიულერი 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად პაკისტანის ნაკრების კაპიტანმა ჯაფარ ხანმა დაასახელა, იოზილი კი ფილიპინების ნაკრების გერმანელმა მწვრთნელმა ჰანს მიხაელ ვაისმა...

შედარებით უკეთესი შედეგები ჰქონდათ გერმანელ მწვრთნელებს: ბუნდესგუნდის დამრიგებელი იოახიმ ლიოვი საუკეთესო სპეციალისტებს შორის მე-6 ადგილზე გავიდა (იოგი პირველ ადგილზე თერთმეტჯერ გაიყვანეს), დორტმუნდის „ბორუსიას“ თავკაცმა იურგენ კლოპმა კი, რომელმაც გასულ წელს გერმანიის ჩემპიონობა იზეიმა, მეცხრე ადგილი დაიკავა (ერთხელ გაიყვანეს პირველ ადგილზე).

ახლა კი ინტერვიუ 50 წლის მათეუსთან, რომელიც „ფიფა ოქროს ბურთის“ შედეგებს განიხილავს.

- ჰერ მათეუს, ლიონელ მესი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ეთანხმებით მთავარ შედეგს?
- ფაქტია, რომ ასე ძალიან მოსაწყენია... შედეგის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან ლეო მესი მოედანზე არაამქვეყნიურ რაღაცებს აკეთებს და ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ პირადად ჩემი აზრით, რომ არა ჩავი ერნანდესი, მესი „ბარსელონაში“ ასეთი ბრწყინვალე არ იქნებოდა.

მესი ჩავის გარეშე ნახევარი მესია! ამის დასამტკიცებლად ბევრი ლაპარაკი არაა საჭირო: შეხედეთ ლეოს ჯერ „ბარსას“ ფორმაში, მერე კი არგენტინის ნაკრების რიგებში და მაშინვე მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ. ამიტომაც ვისურვებდი, რომ წელს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ჩავის მიეღო, რომელსაც მართალია, გოლები ძალიან იშვიათად გააქვს, მაგრამ „ბარსელონას“ თითქმის ყველა გოლში ლომის წვლილი შეაქვს.

- გერმანელი ფეხბურთელების შედეგებს როგორ აფასებთ? უკეთესს ელოდით?
- ვფიქრობ, რომ გერმანელი ფეხბურთელები აბსოლუტურად ლოგიკურად გადანაწილდნენ - ამაზე მეტს ნამდვილად არ ველოდი. ფაქტია, რომ იოზილს ყველაზე კარგი წელი ჰქონდა და არ მიკვირს, გერმანელი ფეხბურთელებიდან ყველაზე წინ რომ აღმოჩნდა. თუმცა საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ ან ფეხბურთში, ანაც ამ გამოკითხვაში რაღაც არ არის წესრიგში, რადგან გალა-დაჯილდოებაზე ყოველთვის 2-3 კლუბის ფეხბურთელებს ვხედავთ. არადა, სხვა კლუბებიც აღწევენ წარმატებას და სხვა კლუბებშიც თამაშობენ კარგი ფეხბურთელები.

როგორც ჩანს, ამ გამოკითხვაში გადამწყვეტი მაინც სხვადასხვა მიზეზების გამო ყურადღების ცენტრში ყოფნაა.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- იმას, რომ ინგლისური და ესპანური ფეხბურთი ამ ბოლო დროს საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მეტადაა ყურადღების ცენტრში, ვიდრე გერმანული, ან იტალიური და მით უმეტეს საფრანგეთი, პორტუგალია და ჰოლანდია... ფილიპინების დარ ქვეყნებში ვგონებ, სულაც მხოლოდ ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონატებს აჩვენებენ. ალბათ ამიტომაცაა, რომ ასეთი ქვეყნების ნაკრების მწვრთნელები, კაპიტნები და ჟურნალისტები მუდმივად 2-3 ტოპ-ლიგის ფეხბურთელს ასახელებენ

- რომელ გერმანელ ფეხბურთელებს აქვთ საუკეთესო შანსი იმისა, რომ გაისად „ოქროს ბურთი“ დაისაკუთრონ?
- პირველ რიგში ისევ და ისევ იმ მოთამაშეებს, რომლებიც წელსაც საუკეთესოთა შორის იყვნენ - იოზილს, მიულერს, შვაინშტაიგერს. რაც მთავარია, ასაკი სამივეს უწყობს ხელს, მათ კარიერის საუკეთესო წლები წინ აქვთ. ჩემპიონთა ლიგაზე და განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

- ...და როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგაში?
- მიუნხენელებს საკმარისად ძლიერი გუნდი ჰყავთ. „ბაიერნი“ განსაკუთრებით კარგად წინა ხაზზეა დაკომპლექტებული, დაცვაში კი ისევ მოისუსტებს. კარგი თავდასხმა უკანა ხაზის სისუსტეს ხშირად აკომპენსირებს ხოლმე. მოახერხებენ თუ არა ამას ბავარიელები, არ ვიცი. ცხადია, იუპ ჰაინკესის გუნდს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, მაგრამ ხომ იცით, ეს ძალიან ძნელია.

- რაც შეეხება გერმანიის ნაკრების პერსპექტივას ევროპის ჩემპიონატზე?
- ჩემი აზრით, ბუნდესგუნდს „ბაიერნზე“ უკეთ აქვს საქმე. მეტიც, იოახიმ ლიოვის გუნდი ფაქტობრივად იდეალურადაა დაკომპლექტებული.

- ...და თუ გერმანია ისევ ესპანეთს შეხვდა?
- ეს იქნება აბსოლუტურად თანაბარი დუელი. უფრო მეტიც: მოტივაციის თვალსაზრისით გერმანიის უპირატესობა აშკარა უნდა იყოს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ჩავითი ხო გაახურეს რა. ხავი იქნება, ფაბრე თუ უბრალოდ ნორმალური ნახევარმცველი მესი მაინც მესი იქნება.. ნუ ეხა გორის დილაში რო ჩამოიყვანო გაუჭირდება ბარსას მესი რო იყოს. რატო არ არის გენიოსი ხავისთან მოთამაშე სხვა თავდამსხმელები - ვილა, სანჩესი, პედრო, იბრა, ეტოო, ლარსონი, გუდიონსენი, ანრი ? ისე ნახევარ მესიმდეც არავინ ასულა ბოლო 20 წელია
Shoti
18:10 11-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული