5 დიდი ტიტული და 55 გოლი "ბარსელონას" მაისურით დაეხმარა ლიონელ მესის "ოქროს ბურთის" ზედიზედ მესამედ მოგებაში. არგენტინელმა ვარსკვლავმა ხმების 47,8 % მიიღო, მეორე ადგილზე კრიშტიანო რონალდო გავიდა (21,6%), მესამეზე - ჩავი ერნანდესი (9,2%).
4 წლის, 11 თვის და 25 დღის შემდეგ ტიერი ანრიმ კვლავ გაიტანა "არსენალისთვის"! დიდი დაბრუნება ინგლისის თასზე შედგა, რომელიც "არსენალმა" 1:0 მოუგო "ლიდს იუნაიტედს" ფრანგი ფორვარდის გოლის წყალობით. ბოლო გოლი ლონდონელთა რიგებში ანრის 2007 წლის 3 თებერვალს "მიდლსბროსთან" ჰქონდა გატანილი. როგორც ხედავთ, კვირაც და 5 წელიწადი შესრულდებოდა. სხვათა შორის, "ლიდსი" ანრის მაგრად ჰყავს დაჩაგრული, უკვე მე-12 გოლი გაუტანა.
3 გოლი "ლილის" შემადგენლობაში ისტორიულია ჯო კოულისთვის - 30 წლის ინგლისელს 14-წლიან კარიერაში ჰეთ თრიკი აქამდე არასოდეს შეუსრულებია. ეს მან საფრანგეთის თასზე "შანტილის" წინააღმდეგ მოახერხა, "ლილმა" თამაში 6:0 მოიგო. შეგახსენებთ, რომ კოული "ლივერპულის" ფეხბურთელია, საფრანგეთში კი იჯარით თამაშობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"