თქვენ წინაშეა "ლელოს" ძველი რუბრიკა "დრიბლინგი ევროპაში", რომელსაც ამიერიდან ყოველ ოთხშაბათს შემოგთავაზებთ.
იტალია
"ჯენოასა" და "ლაციოს" მატჩში საფინალო სასტვენი რომ გაისმა, "ლაციალეს" პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო
"ინტერისა" და "მილანის" გარდა ამათ ყველა გუნდი ფეხებზე ჰკიდიათ! - მოგვიანებით ლოტიტო ჟურნალისტებსაც უღრენდა, - ეს სკანდალია, ნამდვილი სკანდალი! ამ ღვთისრისხვაში თამაშის ჩატარება ყოვლად გაუმართლებელი იყო!"
ხუთშაბათს საღამოს რომში ისე მოთოვა, ისედაც უკიდურესად გადატვირთულ ქალაქში მოძრაობა შეუძლებელი გახდა: "ლაციოს" მცველი დიაკიტე იძულებული გახდა, თავის სახლთან, ინდივიდუალურად ევარჯიშა, რადგან ბაზამდე მიღწევას მინიმუმ სამ საათს მოანდომებდა; ბაზაზე მისვლას პრინციპში აზრიც არ ჰქონდა, რადგან ხუთშაბათს და პარასკევს "ლაციოს" არ უვარჯიშია (მოედნებზე მაქსიმუმ სრიალი მოხერხდებოდა); გენუაში გამგზავრებამდე კი ლოტიტო იძულებული გახდა, ექვსი ფეხბურთელი თავისი "ჯიპით" მიეყვანა აეროპორტამდე.
მერე, გახურებისას "ლაციოს" ლიდერი ერნანესი დაშავდა; მე-15 წუთზე კაპიტანმა ტომაზო როკიმაც ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ხოლო მეორე ტაიმში კი მცველი მარიუს სტანკიავიჩუსიც ტრავმირებული გაიყვანეს.
ლოტიტომ და "ლაციომ" დესერტად დიაკიტეს გაძევებაც მიიღეს, რასაც ამინდს ნამდვილად ვერ დააბრალებენ და ეს ჯოჯოხეთი რომაული კლუბისთვის საბოლოოდ წაგებით (2:3) დამთავრდა.
"სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს," - შედარებით მშვიდი გახლდათ გუნდის სპორტული დირექტორი იგლი ტარე.
ჩვენ მხოლოდ იმის დამატება შეგვიძლია, რომ არც "ჯენოა" ყოფილა კალიფორნიაში და გენუელებსაც ასეთივე პირობებში უწევდათ მზადება და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ საკმაოდ კარგად ითამაშეს. თანაც, როდრიგო პალასიომ ულამაზესი გოლიც გაიტანა - კარისკენ ზურგით მდგარმა, ბურთი ერთი შეხებით უჩვეულო ტრაექტორიით გადაგზავნა ფედერიკო მარკეტის კარში. რაც მთავარია, პალასიო ამ დარტყმის შესრულებისას არ დაშავებულა.
"გაძეტა დელო სპორტმა" კი მეორე დღეს დაწერა: "ნუ ჭირვეულობთ! შეხედეთ გერმანიას - "ნიურნბერგისა" და "დორტმუნდის" მატჩის დროს -13 გრადუსი იყო და ფეხბურთელები მოკლესახელოიანი მაისურებით დარბოდნენ!"
* * *
"ხანდახან ცუდადაც უნდა ვითამაშოთ და ასე ავიღოთ სამი ქულა. ყოველთვის ფანტასტიკურად ვერ ვითამაშებთ!" - თქვა "ნაპოლისთან" მატჩის წინ "მილანის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ.
როგორც ჩანს, ეს სიტყვები გულთან ყველაზე ახლოს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიიტანა - ჯერ ერთი, ცუდად ითამაშა, მერე სალვატორე არონიკას ალიყური უთავაზა, ბოლოს მსაჯსაც აგინა და "მილანის" ფორმით მესამე წითელი ბარათი დაიმსახურა. იტალიაში კი ეს ზლატანის მეხუთე გაძევება იყო - ვერაფერს იტყვი, თავდამსხმელისთვის "მშვენიერი" მაჩვენებელია.
შედეგი: იბრას სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შვედი "იუვენტუსთან" უპრინციპულეს დუელსაც გამოტოვებს.
ადრიანო გალიანიმ კი მთელ საფეხბურთო იტალიას დასცინა, როცა თქვა, იბრა არონიკას ლოყაზე მოეფერაო და მხოლოდ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოითხოვა.
ზლატანის ყეყეჩობას და ალეგრის ტრიბუნაზე გაშვებას "ნაპოლისთან" 0:0 მოჰყვა და "როსონერიმ" "იუვეს" წაფორხილებით (0:0 სიენასთან) ვერ ისარგებლა. ყველაზე მაგარი კი მაინც მატჩის კომენტატორი იყო, რომელმაც თქვა, "დღეს "სან სიროზე" თერმომეტრები არ გვჭირდება. საკმარისია, ჭიპის ქვემოთ შექმნილ ვითარებას დავაკვირდეთ, რომ მაშინვე მივხვდებით, რამდენი გრადუსიაო."
* * *
43 წლის ანჯელო ლაკოველი აქამდე ერთი ჩვეულებრივი იტალიელი კაცი იყო. სანამ "ბარიში" მუშაობას დაიწყებდა, საავადმყოფოში საკვები მიჰქონდა ხოლმე, მერე კი ფეხბურთში ამოჰყო თავი. "ბარიში" ანჯელომ ფაქტობრივად "ზავხოზის" ადგილი მიიღო: იხდიდა გადასახადებს, დაათრევდა ეკიპირებას, ითავსებდა მძღოლის მოვალეობას და ერთი სიტყვით, აკეთებდა ყველაფერს, რაც ფეხბურთელებს, მწვრთნელს თუ გუნდს დასჭირდებოდა.
ახლა გაირკვა, რომ ეს "პატიოსანი კაცი" ფეხბურთელებს თურმე ფულით გატენილ კონვერტებსაც (ჩემოდნებამდე საქმე აღარ მისულა) გადასცემდა - რა თქმა უნდა, მანიპულირებული მატჩების წინ. გასულ უქმეებზე "ბარიში" "ზავხოზის" თანამდებობაზე ვაკანსია გაჩნდა - ანჯელო შაბათს დააპატიმრეს.
ინგლისი
ევროპის ჩემპიონატამდე 4 თვეა დარჩენილი და ინგლისის ნაკრებს კაპიტანი აღარ ჰყავს. ეგ კიდევ არაფერი: გამორიცხული არც ისაა, რომ ინგლისელები მწვრთნელის გარეშეც დარჩნენ. არა, უმწვრთნელოდ, რა თქმა უნდა, არ დარჩებიან, მაგრამ აბა, როგორი ამბავია, ასეთი დიდი ტურნირის წინ დამრიგებლის გამოცვლა?
საქმე იმაშია, რომ ფაბიო კაპელოს ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია შემოელანძღა. მიზეზი: ჯონ ტერის კაპიტნის სამკლავური სასამართლოს გადაწყვეტილებამდე და უფრო მეტიც, კაპელოს დაუკითხავად ჩამოართვეს. ახლა ინგლისური ფეხბურთის ბოსები თავად 65 წლის იტალიელ სპეციალისტსაც ალმაცერად უყურებენ.
* * *
ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯო ბარტონსაც აქვს საკუთარი აზრი, რაც მან სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ღიად გამოხატა. პრობლემა ის არის, რომ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით, სანამ სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს, ამ პროცესზე განცხადებები მინიმუმ შეზღუდულია. ბარტონს კი ზედმეტი მოსვლია, რის გამოც შეიძლება დასაჯონ.
"თუკი საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის გამო დამიჭერენ, ციხეში სიამოვნებით ჩავჯდები," - თქვა ბარტონმა.
* * *
ლონდონის "არსენალის" გულშემატკივართა ერთმა დაჯგუფებამ ბილეთებზე ფასის გაზრდა და "მეთოფეების" სატრანსფერო პოლიტიკა გააპროტესტა. ამ ფანებმა "ბლექბერნთან" მატჩის დასწრებაზე უარი თქვეს და თავისუფალ სკამებზე ნაგვის პარკები ჩამოაცვეს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: "არსენალმა" მაინცდამაინც ამ საკმაოდ საინტერესო ინიციატივის ფონზე ითამაშა იდეალურად და "ბლექბერნი" 7:1 გაანადგურა.
ესპანეთი
თუკი "ნოუ კამპზე" შავმა კატამ გაირბინა და ბევრის რწმენით, სერხიო ბუსკეტსს ტრავმა მიაღებინა, კრიშტიანო რონალდოს კვირას სრულყოფილი დაბადების დღე ჰქონდა. აწ უკვე 27 წლის პორტუგალიელი თავის დაბადების დღეს პრიმერადივიზიონის ლიდერის რანგში პირველად შეხვდა.
ამას დაემატა ისიც, რომ მადრიდელებს მართალია, გასვლითი მატჩი ჰქონდათ, მაგრამ შორს არ იყვნენ წასასვლელები ("ხეტაფეს" სტუმრობდნენ და 1:0 მოიგეს). თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო სრულყოფილი დაბადების დღისთვის, კრიშტიანოს ბრაზილიელმა კოლეგამ, ნეიმარმა, რომელიც ასევე 5 თებერვალსაა დაბადებული, სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" საუკეთესო ეპითეტები უძღვნა.
"მორიგი მატჩის წინ მინდა, ჩემთვის მისაბაძ ფეხბურთელს, კრიშტიანო რონალდოს იუბილე მივულოცო. ჩემთვის უდიდესი პატივია ის, რომ იმავე დღეს ვარ დაბადებული," - წერდა ბრაზილიელი "პალმეირასთან" მატჩის წინ.
სამწუხაროდ, ნეიმარს არ გახსენებია ლიტველი ფეხბურთელი ედგარას ჩესნაუსკისი, რომელიც ასევე 5 თებერვალსაა დაბადებული. ასე რომ, ამ უკანასკნელს ჩვენ ვულოცავთ! მართალია, დაგვიანებით, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ, ედგარას!
გერმანია
ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებულმა ული ჰიონესმა ამ უქმეებზე ენას კბილი ვეღარ (ან აღარ) დააჭირა და ზუსტად იმ დროს წამოაყრანტალა წლების მანძილზე შენახული საიდუმლო, როცა ეს მას და მის "ბაიერნს" ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ფანებთან შეხვედრისას მიუნხენური კლუბის 60 წლის პრეზიდენტმა თქვა, დორტმუნდის "ბორუსიას" რომ უყურებთ, 2003 წელს მაგათთვის ფული რომ არ მიგვეცა, დღეს შეიძლება სულაც ობერლიგაში ყოფილიყვნენო.
"მაშინ "დორტმუნდი" გაკოტრების პირას იყო მისული და როცა აღარ იცოდნენ, როგორ უნდა გაესტუმრებინათ ხელფასები და სხვადასხვა გადასახადები, ჩვენ მათ რამდენიმე თვით, უპროცენტოდ ვასესხეთ 2 მილიონი ევრო!" - თქვა ულიმ.
დორტმუნდელთა დღევანდელმა ბოსმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ დაადასტურა, რომ მისმა ავადსახსენებელმა წინამორბედებმა 2003 წელს "ბაიერნისგან" მართლაც ისესხეს 2 მილიონი.
თუ რატომ გაახმაურა ეს ამბავი ჰოინესმა მაინცდამაინც ახლა, ვფიქრობთ, ამის გამოცნობა ძნელი არ უნდა იყოს. გუტენ მორგენ, ული!..
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"