დრიბლინგი ევროპაში: Impossibile

AutoSharing Option
"დრიბლინგისთვის" უმთავრესი მომმარაგებელი ისევ იტალიაა: ჯერ ვალენტინო როსიმ გაგვანებივრა "ჰედლაინებით" (სად ვალენტინო და სად ფეხბურთი? როსი "ინტერის" თავგადაკლული ფანია), მერე კი "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გამოვიდა წყობიდან და ჟურნალისტები ლანძღა - თან, სიტყვებიც იდეალურად შეარჩია და აზრი ლირიკულობის მხრივაც აკურატულად დაალაგა.

ინგლისში მიხვდნენ, რომ ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე კატის მოაზრება ზედმეტად ინგლისური იუმორია და ფსონების მიღება ახლა იმაზე დაიწყეს, თუ რომელი ცხოველი იქნება შემდეგი "ენფილდზე". ესპანეთში დიდი ვერაფერი, გერმანიაში კი ტრადიციულად ითვლიან.

იტალია
მილანის "ინტერი" მიმდინარე სეზონში დიდი "გოთვერანი" გუნდია.
პირველ წრეში წარმოდგენილი საშინელებათა სუპერ-შოუ-პროგრამის შემდეგ, თითქოს ყველაფერი გამოსწორდა - "ნერაძური" თამაშს თამაშზე იგებდა, გოლების კორიანტელიც გაჰქონდა და ბოლოს "მილანის" დამარცხებაც კი შეძლო, მაგრამ გამოხდა ხანი და აი, კლაუდიო რანიერის გუნდი ისევ გაშტერდა!

გაშტერდა და მერე როგორ: "ინტერმა" მართლა, ყოველგვარი ხუმრობის გარეშე მოახერხა ის, რომ საკუთარ მოედანზე უსუსურ "ნოვარასთან" დამარცხდა - გუნდთან, რომელსაც იტალიაში ყველაზე სუსტი დაცვა ჰყავს. მეტიც: მანამდე "ნოვარას" გასვლით მატჩებში ოდენ ორი ქულა ჰქონდა მოპოვებული. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც რაღაც ქნა, ვესლი სნეიდერი გახლდათ: ჰოლანდიელმა მატჩის მიწურულს "ნოვარას" კარის ძელი შეაზანზარა... ეგეც საქმეა!

"ინტერის" ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ფანმა ვალენტინო როსიმ ეს ყველაფერი ვეღარ მოითმინა და სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" სევდანარევ ცინიკოსობას მოჰყვა:

"აჰ, ახლა მივხვდი, რაშია საქმე... თეთრ ფორმაში დღეს "ნოვარა" კი არა, მადრიდის "რეალი" თამაშობს."

ოდნავ მოგვიანებით: "ეტო’ოს გაშვება და მის ნაცვლად ფორლანის მოყვანა ზუსტად ისეთივე იდიოტური საქციელი იყო, როგორც ერთ დროს რობერტო კარლოსის გაშვება და პისტონეზე დაყრდნობა."

(შეგახსენებთ, 90-იანების შუაში მილანელთა იმდროინდელმა თავკაცმა როი ჰოჯსონმა ლეგენდარულ ბრაზილიელს ტაქტიკურად უდისციპლინო უწოდა, გუნდიდან მოკვეთა და მის ნაცვლად, მარცხენა მცველის პოზიციაზე ალესანდრო პისტონეს დაეყრდნო. მაშინ "ინტერმა" რობერტო კარლოსი "რეალს" სულ რაღაც 3.5 მილიონ ევროდ დაუთმო. ამ ისტორიის გაგრძელება და დასასრული ყველასათვის ცნობილია.)

სულ ბოლოს ვალენტინო როსიმ ესეც დაწერა: "არ მინდა, რომ დღეს მასიმო მორატის საფერფლე ვიყო!"

ფაქტია, "ინტერის" პატრონი იმ საღამოს ორ კოლოფ "მალბოროს" მაინც მოწევდა. რამდენიმე დღის წინ მასიმომ თქვა, ამ სეზონში კარგად დავაკვირდები, რომელი ფეხბურთელები იმსახურებენ "ინტერში" თამაშს და ვინც არ იმსახურებს, ზაფხულში ყველას გავყრიო.

ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, გამორიცხული არც ისაა, რომ "ინტერს" მთავარმა სპონსორმა "პირელიმაც" ზურგი აქციოს - "ნერაძურის" ოფიციალურ ფორუმზე, "ინტერის" ფანმა გახსნა თემა ასეთი სათაურით: "ძვირფასო სპონსორო, დღევანდელი მატჩის შემდეგ, ზამთრის საბურავების ტირაჟის შემცირება მოგიწევს. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე "იოკოჰამას" საბურავებზე გადავდივარ."

* * *
გასულ უქმეებზე მარტო მორატი როდი იყო ნერვებდაწყვეტილი. თავს ცუდად გრძნობდა "ნაპოლის" ბოსი აურელიო დე ლაურენტისიც.

წინა კვირაში ჟურნალისტებმა მას კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხეს იმის გამო, რომ ნეაპოლელები იტალიის ჩემპიონატში ვერ ჯირითობენ.

ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში დე ლაურენტისი ისე გაწიწმატდა, რომ აი, ასეთ წინადადებებს ყვიროდა:

"ეს არის ისეთი სეზონი, რომელიც უნიტაზში უნდა ჩარეცხოთ? იდიოტებო! მაინც რა გაქვთ ნეაპოლში მოგებული? ორი "სკუდეტო", ერთი თასი და ერთი უეფას თასი? არსებობენ გუნდები, რომლებსაც ვიტრინაში ათჯერ მეტი თასი უდევთ! აქ, ამ ქალაქში, ფეხბურთის კუთხით 20 წლის მანძილზე არაფერი ხდებოდა. და თუ კიდევ გამანერვიულებთ, აქედან ავითესები! მაგრამ თუ დავრჩი, ყველანი უნდა დამემორჩილოთ!

...და საერთოდ, თქვენ, ჟურნალისტები ფეხებზე მკიდიხართ - მე მხოლოდ ხალხის, ფანების წინაშე ვარ ვალდებული. ცაში ფრენას შეეშვით და რეალობას შეეგუეთ, რადგან ნეაპოლში აბსოლუტურად არაფერი ფუნქციონირებს. არ არსებობს სულიერი, ვინც იტყვის, რომ ამ ქალაქში რაღაც მაინც კეთდება კარგად. და ამ ყველაფრის ფონზე, ნეაპოლს აქვს ფეხბურთი, დიდი ფეხბურთი, რომელიც მე დავუბრუნე! ნეაპოლში დღეს მხოლოდ ფეხბურთი არსებობს! ჰოდა, გამოიჩინეთ მეტი მადლიერება! თუ არა და, მაკოცეთ უკანალზე!"

ჩვენ რაღა უნდა დავამატოთ? დასკვნის სახით, მხოლოდ ყველასათვის გასაგები იტალიური ჟესტი და ყველასათვის გასაგები სიტყვები: იკრედიბილე! იმპოსიბილე!..

ინგლისი

"ენფილდის კატა", კაპელოს წასვლა, ლუის სუარესის სკანდალი - წინა კვირა ინგლისურ ფეხბურთში უკიდურესად გადატვირთული გამოდგა. ყველაზე სახალისო მაინც კატის ამბავია - იმ კატისა, რომელიც წინა ორშაბათს "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" მატჩის დროს ენფილდზე შეიჭრა.

ბრიტანელები არ იქნებოდნენ ბრინატელები, ეს ფისუნია მაშინვე პოპ-ვარსკვლავად რომ არ ექციათ. სოციალურ ქსელებზე თემას Anfield cat ათიათასობით ადამიანი გამოეხმაურა, ბუკმეიკერებმა კი ეს კატა სულაც ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატად მონათლეს - მართალია, კოეფიციენტი სასაცილოა (5000/1), მაგრამ მაინც. საინტერესოა ისიც, რომ ინგლისურ ტოტალიზატორებში ამიერიდან იმაზეც შეიძლება ფულის დადება, რომელი ცხოველი შეაბიჯებს კატის შემდეგ "ენფილდის" მინდორზე. სია კოეფიციენტებითურთ ასე გამოიყურება: თაგვი (2/1), კატა (4/1), ციყვი (5/1), ზაზუნა (6/1), ქამელეონი (33/1), რომლის დაფიქსირება კამერებს ძალიან გაუჭირდებოდათ და მაიმუნი (66/1).

სხვათა შორის, ინგლისელებს დიდი სიფრთხილე მართებთ, ემანდ, ეს თემა ხორვატულმა მაფიამ არ აიტაცოს. ხორვატ ჩამწყობებს სტადიონზე პატარა მაკაკას შეყვანა არ გაუჭირდებათ...

* * *
ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ინგლისის ნაკრებს ჰარი რედნაპი ეყოლება, ოღონდ მანამდე, ფაბიო კაპელოს მიერ მიტოვებულ ეროვნულ გუნდს 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცი სტიუარტ პირსი მიხედავს.

ვერაფერს იტყვი, საინტერესო ლოგიკაა, რადგან:

ოფიციალური ვერსიით, კაპელო იმის გამო წავიდა, რომ ჯონ ტერის რასისტული საქციელის გამო დეგრადირება ვერ აიტანა. რა გამოვიდა? ახლა, ინგლისის ნაკრების დამრიგებელი (დროებით, მაგრამ მაინც) პირსია. სწორედ ის პირსი, რომელმაც 1994 წელს "ნოტინგემ ფორესტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის შემდეგ ოფიციალურად მოიხადა ბოდიში იმის გამო, რომ პოლ ინსს რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენა.

ესპანეთი
ესპანეთში ერთ-ერთი უმთავრესი სადისკუსიო თემა დღეს თასის ფინალის ჩატარების ადგილია. ფინალის მადრიდში ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან "ბარსელონა" და "ბილბაო" "სანტიაგო ბერნაბეუზე" სასურველი სტუმრები არ არიან.

სხვათა შორის, ესპანეთის თასის ფინალში 2009 წელსაც "ბილბაო" და "ბარსა" იყვნენ და ის მატჩი ვალენსიაში, "მესტალიაზე" ჩატარდა და ვისაც არ ახსოვს, გავახსენებთ, რომ ბასკმა და კატალონიელმა ფანებმა ესპანეთის ჰიმნს მაგრად უსტვინეს. ფინალის ვალენსიაში ჩატარება თავის მხრივ "ბარსას" და "ბილბაოს" არ აწყობთ, რადგან სტადიონის ტევადობა არ აკმაყოფილებთ.

ჟოზე მოურინიომ ამ თემასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა: "ჩემთვის სულერთია, სად ითამაშებენ, ჩვენთან, "სანტიაგო ბერნაბეუზე" თუ ჩინეთში..."

ისე, ჩინეთის იდეა ცუდი ნამდვილად არ არის: პეკინის მთავარი არენა ხომ 91 000 მაყურებელს იტევს...

გერმანია
გერმანელებს თვლა ძალიან უყვართ. ითვლიან ყველას და ყველაფერს, ანგარიშობენ საშუალო არითმეტიკულებს და გამოჰყავთ ისეთი სტატისტიკები, რომ ხანდახან ყბა ჩამოგივარდება. აბა, ისე როგორ იქნებოდა, რომ "ჰერტას" მენეჯერის მიერ "უდიდეს შეცდომად" მონათლული მიხაელ სკიბეს დანიშვნა და მერე გაშვებაც კარგად არ გადაეხარშათ და არ გამოეანგარიშებინათ.

ერთი სიტყვით, თქვენ წინაშეა "ჰერტას" სამწვრთნელო ქაოსი ციფრებში:

46 წლის სკიბე დანიშვნიდან ზუსტად 43 დღეში გაუშვეს; "შტუტგარტთან" 0:5 მისთვის მე-5 მატჩში მე-5 მარცხი (4 ბუნდესლიგაში, 1 თასზე) გახლდათ; საერთო ჯამში, ბერლინულ კლუბს შეცდომა სახელწოდებით "მიხაელ სკიბე" 900 000 ევრო დაუჯდა, რაც, პირდაპირ ვთქვათ, წყალში გადაყრილი ფულია.

ამ ფულიდან 250 000 ევრო თურქულმა კლუბმა "ესქიშეჰირმა" მიიღო (საიდანაც სკიბეს კონტრაქტი გამოისყიდეს), 150 000 მიხაელის ხელფასი გახლდათ იმ 43 დღისთვის, რაც სკიბემ "ჰერტაში" იმუშავა, ხოლო 500 000 ევრო კი კომპენსაციაა, რასაც მიხაელი კონტრაქტის ნაადრევი გაწყვეტისთვის ბერლინელებისგან მიიღებს. გამოდის, რომ მიხაელ სკიბე "ჰერტაში" მუშაობისთვის დღეში 15 000 ევროს იღებდა.

"ჰერტას" შედეგები მისი ხელმძღვანელობით კი ასე გამოიყურება: 5 თამაში, 5 წაგება, ბურთების შეფარდება 1:12.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა ელის იმას, ვინც სკიბე მიიყვანა და ვინც ეს ფული წყალში გადაყარა? მენეჯერი მიხაელ პრეეტცი თანამდებობაზე რჩება! სხვათა შორის, პრეეტცმა სკიბეს წინამორბედ მარკუს ბაბელსაც სულ ტყუილად გადაუხადა 500 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია.

პრეეტცს კიდევ რა უჭირს, ისიც დაქირავებულია. აი, "ჰერტას" პრეზიდენტი ვერნერ გეგენბაუერი კი ნაღდად მაზოხისტია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული