დრიბლინგი ევროპაში: მართლაც R.I.P! ანდრემ მოისვენა!

AutoSharing Option
"დრიბლინგს" ამჯერად ინგლისიდან ვიწყებთ; იმიტომ კი არა, რომ პრემიერლიგა სერია A-ს ჯობია - უბრალოდ, ანდრე ვილაშ-ბოაშის გაგდებას ვზეიმობთ. გასაგებია, რომ ეს ამბავი ქართველებს ფეხებზე გვკიდია, მაგრამ "ჩელსის" ფანებს ხომ უნდა მივუჭახუნოთ ჭიქა?

ინგლისი
"იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, რომ ეს ურთიერთობა ასე მალე დამთავრდა," - წერდა "ჩელსის" ოფიციალური ვებ-გვერდი კვირას, ნაშუადღევს. ასე მალე? აბა, ხალხს ჰკითხონ!

ჩვენ, რა თქმა უნდა, ხალხის მხარეს დავიჭერთ და ვიტყვით, რომ უფრო ადრე უნდა დამთავრებულიყო. მოკლედ, როგორც იქნა, ანდრე ვილაშ-ბოაშის ტანჯვა-წვალებას ბოლო მოეღო.

"ვესტ ბრომვიჩთან" წაგებამ
(0:1) და გაუბედურებული პორტუგალიელი მწვრთნელის სიტყვებმა, გუნდმა 300 პროცენტით უნდა მოუმატოს, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოსო, რომან აბრამოვიჩს მოთმინების ფიალა ბოლოს და ბოლოს აუვსო. რუსმა ოლიგარქმა კვირას "ჩელსის" ბაზას მიაშურა, სადაც 34 წლის ვილაშ-ბოაში ელოდა - ანდრემ შაბათს ძალიან გვიანობამდე იმუშავა (ნეტავ, რას აკეთებდა?) და ღამეც ბაზაზევე გაუთენებია.

ჩვენი ინგლისელი კოლეგები წერენ, ბოლო დროს პორტუგალიელი სპეციალისტი სულ ბაზაზე აღამებდა და ათენებდაო...

კარლო ანჩელოტის კომპენსაცია, პლუს "პორტუსთვის" გადახდილი 15 მილიონი ევრო, ვილაშ-ბოაშის 257-დღიანი მუშაობა - აბრამოვიჩს "ანდრეს პაკეტი" საერთო ჯამში 53-იდან 60 მილიონ ევრომდე დაუჯდა. ცოტაც და, ეს წყალში გადაყრილი ინვესტიცია თავისი ღირებულებით ფერნანდო ტორესის "ფლოპს" (60 მილიონი) გადაუჯოკრავდა. ტორესზე ახალი ისაა, რომ 2011 წლის იანვრიდან დღემდე ესპანელის მონაგარი თითო მწვრთნელთან ორი პრემიერლიგური გოლია.

"მირორი" წერს, მომდევნო სეზონში "ჩელსის" ან ისევ ჟოზე მოურინიომ უნდა მიხედოს, ანაც პეპ გვარდიოლამ, რომელსაც აბრამოვიჩი "ჩელსის" "ლურჯ ბარსელონად" გადაქცევას დაავალებსო. მანამდე კი, "არისტოკრატების" მწვრთნელი რობერტო დი მატეო იქნება. ტაბლოიდი "სანი" კარგს არაფერს წინასწარმეტყველებს: ამ გაზეთის ცნობით, "ჩელსის" ფეხბურთელები დი მატეოს ვილაშ-ბოაშზე მეტად ვერ იტანენ...

* * *
წინა კვირის დასაწყისში "მანჩესტერ სიტის" თავკაც რობერტო მანჩინის წარმოუდგენელი სიტყვები აღმოხდა - მარიო ბალოტელი დაჭკვიანდა და უნდა ნახოთ, მოედნის მიღმაც რა კარგად იქცევაო. ცხადია, "მანჩოს" სიტყვების სისწორეში მაშინვე ყველას ეჭვი შეეპარა და აჰა: "ბოლტონთან" მატჩამდე (2:0) ორი დღით ადრე ბალოტელი ლივერპულის ერთ-ერთ სტრიპტიზ-კლუბს სტუმრობდა, სადაც ღამის სამ საათამდე დარჩენილა.

მანჩინი, რა თქმა უნდა, განრისხდა და ნახევრად ხუმრობით და ნახევრად გაბრაზებით თქვა, ბალოტელი ჩემი ვაჟი რომ იყოს, ერთს კარგად მივტყეპავდიო. რაკი ეს ფეხბურთელის უფლებების დარღვევაა, რობერტომ მარიო ვერ მიტყიპა. სამაგიეროდ, ბალოტელის გუნდის შიდა განაწესის დარღვევისთვის 300 000 ევროს გადახდა დააკისრეს. მოკლედ, მოუთოკავ მარიოს პირადი ცხოვრება ძალიან ძვირი უჯდება. ამიტომაც მანჩინიმ მას დაქორწინება ურჩია!..

იტალია
დერბის მოგება გარკვეულ პრობლემებს ყოველთვის აგვარებს - რომში კი ერთბაშად ყველა პრობლემას "აყომარებს" ხოლმე! "რომასთან" უკიდურესად მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ "ლაციოში" ისევ იდილიაა, ნამდვილი სამოთხე.

ყველას დაავიწყდა, რომ რამდენიმე დღის წინ ედი რეია ჩემოდნებზე იჯდა, ფანები ფეხბურთელებს ცემით ემუქრებოდნენ და იტალიური პრესა კი წერდა, რომ პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ ჯანფრანკო ძოლა დაითანხმაო. რომაულ დერბიში გამარჯვებამ კი ძოლას ჩემოდნები ისევ დააცლევინა!

"ძოლა ნამდვილად დაინიშნება "ლაციოს" მწვრთნელად, ოღონდ 10 წლის შემდეგ!" - ლამის ყვიროდა გახარებული რეია მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე და იქვე კიდევ ერთი ძალიან ოპტიმისტური განცხადებაც გააკეთა - იმედი მაქვს, რომ უახლოესი ორი თვის განმავლობაში მშვიდად მუშაობის საშუალება მომეცემაო.

სამაგიეროდ, ახლა "რომას" თავკაც ლუის ენრიკეს აქვს სერიოზული პრობლემები. "მოვიგებ ოთხ თამაშს და ფენომენს მიწოდებენ, ფეხქვეშ მეგებიან; მაგრამ მერე საკმარისია, ერთი თამაში წავაგო, რომ ყველასათვის უკანალის ხვრელი ვხდები. ეს რა უბედურებაა?" - ხასიათწამხდარი იყო ესპანელი მწვრთნელი.

ნუთუ ახლა გაიგო, რომ "ლაციოსთან" წაგება "რომასთვის" ზედიზედ 10-15 თამაშის წაგების ტოლფასია? ასეა თუ ისე, ლუის ენრიკე ახლა ისევ "უკანალის ხვრელია" და ამ სტატუსის მოსაშორებლად მინიმუმ 4-მატჩიანი მოგებათა სერია დასჭირდება...

* * *
არა, ამ ხალხის გამოსწორება არ იქნება! ევროპაში მაიმუნებს ისევ ერჩიან!

ამჯერად "ლაციოს" ფანებმა აიმყრალეს პირი და მაიმუნთა მოდგმისთვის დამახასიათებელი ჟესტ-შეძახილები "რომას" შავკანიან მცველ ჟუანს მიუძღვნეს. ბრაზილიელი შეეცადა, თავი დაეცვა და "ლაციოს" ფანების ტრიბუნას ამის შეწყვეტისკენ მოუწოდა. გამოიცანით, რა მოხდა ამ დროს? ცხადია, ცხადია: ჟესტ-შეძახილები კიდევ უფრო გაძლიერდა. მოკლედ, ეს ფსევდო-რასიზმი მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც სტადიონზე გამოაცხადეს, თუ არ გაჩერდებით, მსაჯი მატჩს შეწყვეტსო.

რატომ ვუწოდეთ ამ ყველაფერს ფსევდო-რასიზმი? იმიტომ, რომ ნახევარი რომი მართლა რასისტი რომ იყოს, "ლაციოს" შემადგენლობაში არც ჯიბრილ სისე იქნებოდა და არც მობიდო დიაკიტე. სხვათა შორის, მოგვიანებით ეს თეორია "რომას" ფანებმა გააშარჟეს და ასეთივე გამოხდომებით დიაკიტე აიკლეს. ყველაზე სასაცილო კი მაინც ის იყო, რომ მანამდე ჟუანს დანიელე დე როსიმ და მიროსლავ კლოზემ დაუყვავეს - მაგათ ნუ უსმენ, ჩვენ დაგვიჯერე, მაიმუნს ნაღდად არ ჰგავხარო.

თამაშის შემდეგ ამ ფსევდო-რასისტულ ფონზე დაძაბული სიტუაცია სწორედ კაცურმა კაცმა, ჯიბრილ სისემ განმუხტა. "ლაციოს ფანებს უბრალოდ მოწინააღმდეგის გაბრაზება უნდოდათ.

ჟუანი კი ამაზე წამოეგო. როგორც ჩანს, კომპლექსიანი კაცია და აიჭრა. "მეც შავკანიანი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ "ლაციოს" ფანებს ვუყვარვარ. რაც შეეხება მთავარს: ჩემთან სექსზე ულამაზესი გოგონები ოცნებობენ და თუ ვგავარ, დაე ვგავდე მაიმუნს. ასე რომ, უმჯობესი იქნება, თუ ამ ყველაფერს უფრო მარტივად შევხედავთ," - თქვა მან.

აგაშენა ღმერთმა, ჯიბრილ! ჩვენც მანდ ვართ.

* * *
როგორც იცით, "მილანი"-"იუვენტუსის" ყველასათვის კარგად ცნობილი და უკვე ათასჯერ გადაღეჭილი ამბის შემდეგ იტალიაში მთავარი სალაპარაკო თემა მთელი კვირის მანძილზე მსაჯები იყვნენ. "რომამ" "ლაციოს" ანგარიში რომ გაუთანაბრა, ბურთმა კარის ხაზი 56 სანტიმეტრით გადაკვეთა, რაც ლაინსმენმა კარგად დაინახა.

თუმცა საუკეთესო ლაინსმენის წოდება ჩვენი ენაკვიმატი იტალიელი კოლეგებისგან სხვა მსაჯმა, "ლეჩე"-"ჯენოას" (2:2) ლაინსმენმა დაიმსახურა: გენუელებმა ანგარიში რომ გახსნეს, ბურთმა კარის ხაზი სულ რაღაც 2 სანტიმეტრით გადაკვეთა! შესაბამისად, ეს ლაინსმენი დიდ პატივისცემას იმსახურებს და ალბათ პრემიაც გამოუწერეს.

მაგრამ მსაჯობის ამბავში ყველაფერმა კარგად მაინც არ ჩაიარა. "პარმასა" და "ნაპოლის" ნერვიულ მატჩში ესეკილ ლავეციმ გამარჯვების გოლი უდიდესი ოფსაიდიდან გაიტანა, მანამდე კი "პარმას" ასპროცენტიანი პენალტი არ დაუდეს. ყველაზე საინტერესო ამ მატჩში მაინც ნეაპოლელი ფანების ერთ-ერთი ტრანსფარანტი გახლდათ, რომელზეც ეწერა: "დედა, ჩაყარე მაკარონი და მე ნუ დამელოდები, მარტომ ივახშმე. ჩვენ აქ პარმელებს ჭკუას ვასწავლით და ეჭვი მაქვს, ეს ამბავი დიდხანს გასტანს..."

ესპანეთი
"ბარსელონა" "სპორტინგს" ეთამაშებოდა. რასაკვირველია, კატალონიელთა დიად გამარჯვებას ველოდით - 4:0-ს, 5:0-ს, 10:1-ს ან რაღაც ამდაგვარს. 3:1-მა კი იმედები გაგვიცრუა და ეს სულ ჟერარდ პიკეს ბრალია, რომელმაც მსაჯს თავი გააგდებინა, მატჩის შემდეგ კი თქვა, ეს კაცი ძალიან მონდომებული იყო, რომ რომელიმე ჩვენგანი გაეძევებინაო. პიკეს ამ სიტყვებისთვის სასჯელი ელის.

შესაძლოა, პიკე იმის გამო იყო აჟიტირებული, რომ ინტერნეტში ვირუსის მატარებელი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც პიკეს გერლფრენდი შაკირა ვითომ ალექსის სანჩესთან ნებივრობს...

* * *
მოურინიო მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელად? ეს, რა თქმა უნდა, სისულელეა. ყოველ შემთხვევაში, არაფერი სერიოზული. არადა, ორშაბათს მოურინიო მიუნხენში ჩავიდა... წინა კვირას ჟოზე ლონდონში იმყოფებოდა და ცხადია, მაშინვე ერთი ამბავი ატყდა, "ჩელსიში" ინიშნებაო.

"არავის წინაშე არ ვარ ვალდებული, მოვყვე, რას და რატომ ვაკეთებ თავისუფალ დროს. მით უმეტეს, ჟურნალისტებს არ ვეტყვი არაფერს," - თქვა მოურინიომ შაბათს.

ოფიციალური ინფორმაციით, ჟოზემ სწორედ თავისუფალი დრო გამოიყენა იმისთვის, რომ მიუნხენი მოენახულებინა. ესპანური მედია წერს, თუ "ბაიერნის" შეფებთან არ აწარმოებდა მოლაპარაკებებს, ნაღდად სასტუმროს შესარჩევად იყო ჩასულიო - 19 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხომ სწორედ მიუნხენში უნდა ჩატარდეს.

ჟოზე განსაკუთრებული კაცია და შეიძლება, მართლაც სასტუმროს შესარჩევად იყო ჩასული, მაგრამ იქნებ მაინც ერიოს თუნდაც სიმართლის მარცვალი იმაში, რომ "ბაიერნის" ბოსებს, ული ჰიონესსა და კარლ-ჰაინც რუმენიგეს გაესაუბრა? წყალი მხოლოდ იმას არ გაუვა, რომ მოურინიოს პირადი პრესატაშე გერმანულს სწავლობს: "გუტენ მორგენ!" - წერდა ამ სპეკულაციების შემდეგ ელადიო პარამესი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".

გერმანია
შესაძლოა, დამთხვევა იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ უქმეებზე "ბაიერნში" იუპ ჰაინკესის იმუნიტეტი მკვეთრად გაუარესდა, რაც მიუნხენური კლუბის "ლევერკუზენთან" წაგებას და რეკორდმაისტერის მხრიდან ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კაპიტულაციის გამოცხადებას მოჰყვა. იუპი კარგი კაცია, მაგრამ ეს ბევრს აღარაფერს ნიშნავს...

ზოგადად გუნდსაც ბევრი რამ აკლია, პირველ რიგში კი - ისეთი კაცი ან კაცები, რომლებიც ასეთ დროს იღრიალებდნენ, კვერცხები გვჭირდება, კვერცხებიო. ოლივერ კანი, მაგალითად! ან - შტეფან ეფენბერგი. თუნდაც მწვრთნელი - სახელდობრ ჟოზე მოურინიო. ჰაინკესმა კი მართალია, რაღაც ამგვარი თქვა (გოგონები ხომ არ ვართო), მაგრამ ისე უმარილოდ გამოუვიდა, მეტი რომ არ შეიძლება.

და იცით, ვინ გაგზავნა ასეთ სიტუაციაში ჟურნალისტებთან სალაპარაკოდ? ჟერომ ბოატენგი, რომელსაც "კოკერ სპანიელის" გამოხედვა და საწყლად წინ გამოწეული ქვედა ტუჩი აქვს!

* * *
"კაიზერსლაუტერნისა" და "ვოლფსბურგის" მატჩი 0:0 დამთავრდა, ვოლფსბურგელთა მენეჯერ-მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა კი ყველა გააოცა, როცა თქვა, მას მერე, რაც ამ გუნდში დავბრუნდი, ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ, უბრალოდ, ვერ მოვიგეთო.

გერმანელები გერმანელები არ იქნებოდნენ, მაშინვე ანალიზი რომ არ დაედოთ: "ვოლფსბურგს" ამ შეხვედრაში არაზუსტი პასების 43-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა.

* * *
მოჰამედ ზიდანმა "მაინცის" ფორმით მეხუთე მატჩში მეხუთე გოლი გაიტანა და გერმანელები ამაყად წერენ, იანვრის ტრანსფერებში ბუნდესლიგამ ყველას აჯობა, ყველა გუნდმა სწორი ნაბიჯები გადადგა, საუკეთესო მაგალითი კი "მაინციაო".

ნუთუ? ინგლისში, "უიგანისა" და "სუონსის" დაპირისპირებაში, რომელიც 0:2 დამთავრდა, სტუმართაგან ორივე გოლი "ჰოფენჰაიმში" დაწუნებულმა კაცმა, გილფი სიგურდსონმა გაიტანა, ხოლო "ფულჰემისა" და "ვულვერჰემტონის" ჯახში კი, 5:0 რომ მორჩა, "შტუტგარტიდან" გაშვებულმა პაველ პოგრებნიაკმა სულაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. ასე რომ, რა ზიდანი, რის ზიდანი... მით უმეტეს, მოჰამედი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული