აშშ. MLS. პლეი-ოფი. კონფერენციების 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი ნახევარფინალისტი გაირკვა. საინტერესოა, რომ პლეი-ოფის პირველი ეტაპზე ორივე კონფერენციის გამარჯვებული დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა.

ადრეც აღვნიშნეთ, რომ რეგულარულ სეზონში გამარჯვება პლეი-ოფში არაფრის გარანტიაა და ჩვენი სიტყვები ამ ორმა შეხვედრამაც დაადასტურა.

აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული "სპორტინგ კანზას სიტი" საკუთარ მოედანზე "ჰიუსტონ დინამოს" მასპინძლობდა. "სპორტინგ პარკი" ბოლომდე გაივსო და საკუთარი ქომაგებით გამხნევებული "კანზასელები" მეტოქეს ეკვეთნენ.

უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული ფლობდა, მაგრამ ერთ გოლზე მეტი ვერ გაიტანა.

იმის გამო, რომ "კანზასს" პირველი შეხვედრა 0:2 ჰქონდა წაგებული, გუნდი
"ემ-ელ-ეს"-ის თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა, აშშ-ის ორგზის ჩემპიონი, ჰიუსტონის "დინამო" კი მესამე საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.

კიდევ უფრო დიდი სენსაცია სანტა კლარაში, კალიფორნიულ დერბიში დაფიქსირდა. არა მარტო დასავლეთ კონფერენციის, არამედ მთლიანად რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდი, "სან ხოსე ერთქვეიქსი" საპასუხო მატჩში "ლოს ანჯელეს გელექსის" მასპინძლობდა და თან ერთბურთიანი უპირატესობაც ჰქონდა.

ამ წყვილში ფავორიტად თავიდანვე "სან ხოსე" მიიჩნეოდა, ხოლო ლოს ანჯელესში გამარჯვების შემდეგ ეჭვიც კი არავის ეპარებოდა იმაში, თუ ვინ გავიდოდა დასავლეთ კონფერენციის ფინალში; მხოლოდ ერთი ადამიანი, დევიდ ბექჰემი აცხადებდა მატჩის წინ, რომ საკუთარი გუნდის საბოლოო გამარჯვებაში დარწმუნებული იყო.

საბოლოოდ ბექჰემის წინასწარმეტყველება ახდა და ამაში უდიდესი წვლილი რობი კინმა და ლენდონ დონოვანმა შეიტანეს. ირლანდიელმა 34-ე წუთისთვის დუბლი შეასრულა და ორი მატჩის ჯამში საკუთარი გუნდი დააწინაურა.

პირველი გოლი განსაკუთრებით ლამაზი გამოვიდა - კინმა მოედნის ცენტრიდან დრიბლინგი წამოიწყო და დაახლოებით 25 მეტრიდან აუღებელი დაარტყა, მეორე გოლის დროს კი დონოვანისგან მიიღო პასი და მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა დუბლი შეასრულა. 39-ე წუთზე ლენდონ დონოვანმა მეორე საგოლე პასი გააკეთა და ამჯერად მაიკ მაგის გაატანინა.

შეხვედრის ერთ-ერთი გადამწყვეტი ეპიზოდი 0:1-ზე მოხდა: ბოლო სამი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა, "სან ხოსეს" კაპიტანმა კრის ვონდოლოვსკიმ ცარიელ კარში ვერ გაიტანა, რასაც ცოტა ხანში კინის მეორე გოლი მოჰყვა. 

საბოლოოდ შეხვედრა 1:3 დამთავრდა და მოქმედი ჩემპიონი დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე "რეალ სოლტ ლეიკის" და "სიეტლ საუნდერსის" წყვილში გაირკვევა. პირველი შეხვედრა, რომელიც სიეტლში გაიმართა, 0:0 დასრულდა.

აღმოსავლეთ კონფერენციას რაც შეეხება - "ნიუ იორკ რედ ბულსი"-"დი სი იუნაიტედის" მატჩი ნიუ იორკში მოსული დიდი თოვლის გამო ერთი დღით გადაიდო და 8 ნოემბერს, გვიან ღამით გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით - 1:0 დასრულდა. პირველი შეხვედრა კი, რომელიც აშშ-ის დედაქალაქში გაიმართა, ფრედ, 1:1 დასრულდა.

აშშ. MLS. პლეი-ოფი. კონფერენციების 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები
კანზას სიტი-ჰიუსტონი 1:0
(პირველი მატჩი 0:2)
გოლი: 1:0 სინოვიჩი (64).

სან ხოსე-ლოს ანჯელესი 1:3
(პირველი მატჩი 1:0)
გოლები: 0:1 რობი კინი (21), 0:2 რობი კინი (34), 0:3 მაგი (39), 1:3 გორდონი (82).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული