კალუშა ბვალია (ზამბია-იტალია, 1988 წელი)
ზამბიური ფეხბურთის ლეგენდამ, მსოფლიოს მასშტაბით სახელი 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე გაითქვა, როდესაც იტალიასთან შეხვედრაში ჰეთთრიქი შეასრულა და საკუთარ ნაკრებს 3:2 მოაგებინა. ამ გამარჯვების წყალობით ზამბიამ საკუთარ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
კალუშა ბვალია ეროვნულ ნაკრებში 21 წლის განმავლობაში თამაშობდა, რომლის რიგებშიც
ფაბიო კანავარო (გერმანია-იტალია, 2006 წელი)
2006 წლის მუნდიალის ეს ნახევარფინალური დაპირისპირება, მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ და მაღალი დონის შეხვედრად ითვლება.
ამ მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი ფაბიო კანავარო იყო, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში შესანიშნავად მოქმედებდა და გერმანელ შემტევებს შანსს არ აძლევდა.
დამატებით დროში სწორედ კანავარომ წამოიწყო ის შეტევა, რომელსაც დელ პიეროს გოლი მოჰყვა.
ჯეფრი ჰერსტი (ინგლისი-გფრ, 1966 წელი)
ჯეფ ჰერსტი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჰეთთრიქის შესრულება შეძლო. მატჩის ძირითად დროში ჰერსტმა თავი ერთხელ გამოიჩინა, როდესაც ჰელმუტ ჰალერის გოლი გაქვითა.
აი დამატებით 30 წუთში კი ინგლისი ნაკრების ფორვარდი მატჩის გმირი გახდა. სწორედ ჰერსტმა გაიტანა გოლი, რომელიც დღემდე დავის საგანია და სპეციალისტები ჯერაც ვერ შეთანხმდნენ (ალბათ ვერც შეთანხმდებიან) გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი.
ამ გოლის წყალობით ანგარიში 3:2 გახდა, 120-ე წუთზე კი "ვესტ ჰემის" შემტევმა შეხვედრას წერტილი დაუსვა და ჟიულ რიმეს თასი ფეხბურთის სამშობლოში დატოვა.
დიეგო მარადონა (არგენტინა-ინგლისი, 1986 წელი).
არგენტინა-ინგლისის 1986 წლის შეხვედრა ისტორიაში დიეგო მარადონას ორი გოლის წყალობით შევიდა. ჯერ ე.წ. "ღმერთის ხელი" იყო, როდესაც დიეგომ პიტერ შილტონს დაასწრო და ინგლისის ნაკრების კარში გოლი ხელით გაიტანა. ამ გოლის გამო ინგლისელებს მარადონა დღემდე სძულთ.
მოგვიანებით კი იყო მეორე გოლი, რომელიც 2000 წელს საუკუნის საუკეთესო გოლად აღიარეს და მსოფლიოს ჩემპიონატებზე დღემდე საუკეთესოდ მიიჩნევა. მარადონამ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და კარისკენ დაიძრა. არგენტინელმა გზად ექვსი ინგლისელი მოატყუა, ბოლოს შილტონსაც გაცდა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.
პელე (ბრაზილია-შვედეთი, 1958 წელი)
1958 წელს ბრაზილია პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და სწორედ ამ წელს გაიცნო მთელმა მსოფლიომ პელე. თინეიჯერმა ფეხბურთელმა განსაკუთრებით კარგად ფინალში ითამაშა, სადაც დუბლი შეასრულა და "სელესაოს" 5:2 მოაგებინა.
პელეს პირველი გოლი სამუდამოდ შევიდა ფეხბურთის ისტორიაში - 17 წლის მოთამაშემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში, მკერდზე მიიღო და მოწინააღმდეგეს თავზე გადაუდგო, რის შემდეგაც, ისე რომ მიწაზე არ დაუშვია, შვედთა კარში გადაგზავნა.
ფერენც პუშკაში (ინგლისი-უნგრეთი, 1953 წელი)
ინგლისურმა პრესამ ეს შეხვედრა "საუკუნის მატჩად" მონათლა, რადგან ერთმანეთის წინაშე ფეხბურთის სამშობლო ინგლისი და იმ დროისთვის ყველაზე ძლიერი გუნდი, უნგრეთის ნაკრები წარდგნენ. უნგრელები მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები იყვნენ და 24-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ.
ამ შეხვედრაში მათი უპირატესობა აშკარა იყო და საბოლოოდ "დიდმა გუნდმა" 6:3 მოიგო. ეს გამარჯვება დიდწილად ფერენც პუშკაშის (დუბლი) და ნანდორ ჰიდეგკუტის (ჰეთთრიქი) შესანიშნავმა ასპარეზობამ განაპირობა.
მადრიდის "რეალის" ლეგენდის პირველი გოლი სამუდამოდ შევიდა ფეხბურთის ისტორიაში - პუშკაშმა ინგლისელთა საჯარიმოში ბილი რაიტი მოატყუა და აუღებელი დარტყმით გაიტანა.
"ტაიმსის" სპორტულმა ჟურნალისტმა, ჯეფრი გრინმა, რაიტის მიერ პუშკაშის მეურვეობის მცდელობა ასე დაახასიათა: "მეხანძრე, რომელიც სხვა ხანძარზე მივიდა".
პაოლო როსი (იტალია-ბრაზილია, 1982 წელი)
პაოლო როსი, ციხეში გატარებული ორი წლის შემდეგ, 1982 წლის ჩემპიონატს ცუდ ფორმაში შეხვდა, მაგრამ ბრაზილიასთან, მეორე ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში, გოლი უკვე მე-5 წუთზე გაიტანა და იტალია დააწინაურა.
სოკრატესის გამთანაბრებელი გოლის შემდეგ, როსიმ ტონინო სერეზოს შეცდომით ისარგებლა და იტალია ისევ წინ გაიყვნა.
"სელესაომ" წონასწორობა მეორედაც აღადგინა - თავი ფალკაომ გამოიჩინა. ამ სიტუაციში 1/2 ფინალში ბრაზილია გადიოდა, მაგრამ შეხვედრის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე, როსიმ მარკო ტარდელის დარტყმულს მიმართულება შეუცვალა და მომდევნო ეტაპზე იტალია გაიყვანა.
"სკუადრა აძურას" ფორვარდი, 6 გოლით ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
არჩი ტომპსონი (ავსტრალია-ამერიკის სამოა, 2001 წელი)
ავსტრალიის ნაკრებმა ამ შეხვედრაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და ამერიკის სამოას 31:0 მოუგო. კიდევ ერთი მსოფლიოს რეკორდი კი არჩი ტომპსონის კუთვნილება გახდა, რომელმაც ამ მატჩში 13 გოლი გაიტანა.
ტომპსონის თანაგუნდელმა დავიდ ზრდილიჩმა თავი 8 გოლით გამოიჩინა და ყველა დროის სიაში მეორე ადგილზეა.
მსგავს შემთხვევას ადგილი რომ აღარ ჰქონოდა, ამ თამაშის შემდეგ, ფიფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ოკეანეთის ზონაში გუნდები ორად დაეყო და შედარებით სუსტებს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ეთამაშათ.
იან ტომაშევსკი (ინგლისი-პოლონეთი, 1973 წელი)
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი მატჩის წინ, ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა, ბრაიან კლაფმა, მეტოქე გუნდის მეკარე იან ტომაშევსკის "კლოუნი" უწოდა.
გაბრაზებულმა ტომაშევსკიმ საოცარი მატჩი ჩაატარა და ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის გმირი გახდა. ამ ქულის წყალობით პოლონეთი მუნდიალზე მოხვდა, სადაც მესამე ადგილი დაიკავა, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები კი მსოფლიოს ჩემპიონატს ტელევიზორში უყურებდნენ.
ზინედინ ზიდანი (ბრაზილია-საფრანგეთი, 2006 წელი)
ბევრი სპეციალისტის აზრით, ზინედინ ზიდანმა, კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი, 2006 წლის მუნდიალის 1/4 ფინალში, ბრაზილიასთან ჩაატარა.
ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ზიდანი საკუთარი ნაკრების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო, მაგრამ გუნდისთის მისი მნიშვნელობა ყველაზე მეტად სწორედ ამ შეხვედრაში გამოჩნდა.
"ზიზუ" მთელი 90 წუთის განმავლობაში უაღრესად პროდუქტიული გახლდათ და მისი ყურება ერთი სიამოვნება იყო.
საბოლოოდ სწორედ მან გაუკეთა საგოლე პასი ტიერი ანრის, რომელმაც ამ მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"