ახლა პრიმერას გუნდს სათავეში ყველაზე დიდხანს ჟოზე მოურინიო და "სელტას" დამრიგებელი პაკო ერერა უდგანან (880 დღე).
მოურინიოსთვის ტური წარმატებული არ გამოდგა, რადგან "ბარსელონამ" მის გუნდთან სხვაობა 11 ქულამდე გაზარდა.
კატალონიელებმა "ლევანტეს" სტუმრად 4:0 მოუგეს და ესპანეთის ახალი რეკორდი დაამყარეს - აქამდე არც ერთ გუნდს ზედიზედ ოთხ გასვლით შეხვედრაში ოთხი ან მეტი
გარდა ამისა, "ბარსელონამ" მადრიდის "რეალის" 1991/92 წლების სეზონის მიღწევა გაიმეორა და 13 ტურის შემდეგ 37 ქულა მოაგროვა.
ასევე, "ბარსას" ძირითადში "ლა მასიას" ათი აღზრდილი იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც მე-14 წუთზე მარტინ მონტოიამ დანი ალვეში შეცვალა, მოედანზე მყოფი 11-ივე კატალონიელი კლუბის აღზრდილი იყო.
იდილია ადრიანო კორეიამ დაარღვია, რომელიც მოედანზე 75-ე წუთზე, ხორდი ალბას ნაცვლად გამოვიდა.
250 გოლი კლუბში და 200 გოლი სხვადასხვა საფეხბურთო ლიგაში - სწორედ ასეთ ნიშნულებს მიაღწია ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ტრუასთან" შესრულებული დუბლის შემდეგ.
შვედს 14 ტურის შემდეგ 12 გოლი აქვს გატანილი, რაც 1995/96 წლების სეზონიდან მოყოლებული, საუკეთესო შედეგია.
მაშინ ანალოგიური სტარტი სტეფან გივარშს ჰქონდა. "ტრუასთან" გოლი ბლეზ მატუიდიმაც გაიტანა, რაც მიმდინარე ლიგა 1-ის 350-ე გოლი აღმოჩნდა.
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა ამ სეზონში თავი სამჯერ გამოიჩინა და სამივე შემთხვევაში "პარი სენ ჟერმენმა" მატჩი 4:0 მოიგო.
42 წელი ელოდა ქალაქი ჰიროშიმა საჩემპიონო ტიტულს და ლოდინს წერტილი შაბათს დაესვა. "სანფრეჩე ჰიროშიმამ" ბოლო ტურში "სერესო ოსაკას" 4:1 მოუგო და ჯეი-ლიგის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.
ქალაქ ჰიროშიმას გუნდმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული უკანასკნელად 1970 წელს მოიპოვა, როდესაც "ტოიო კოგოიმ", "სანფრეჩეს" წინამორბედმა, მეხუთე საჩემპიონო ტიტული იზეიმა.
ახლა "სანფრეჩე ჰიროშიმა" იაპონიის 6-გზის ჩემპიონია და ყველაზე ტიტულოვან გუნდებში მეორე ადგილზეა. პირველ პოზიციას კი, 7-7 საჩემპიონო ტიტულით "კაშიმა ანთლერსი" და "ტოკიო ვერდი" იყოფენ.
34 ქულა და ბურთების სხვაობა +33 - ასეთი შედეგი ჰქონდა მიუნხენის "ბაიერნს" 13 ტურის შემდეგ, რაც ბუნდესლიგის რეკორდს წარმოადგენდა.
"ბაიერნმა" შაბათს "ჰანოვერს" 5:0 მოუგო და ამ სეზონში 5-ბურთიანი სხვაობით გამარჯვების მოპოვება უკვე მეხუთედ შეძლო, რაც აქამდე მხოლოდ ორ კლუბს, "ჰამბურგს" (1980 წელს) და "შტუტგარტს" (1984 წელს), გაუკეთებიათ.
მიუნხენელებმა ასევე, სხვა ორ გერმანულ კლუბთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გააღწიეს. სამმა გერმანულმა გუნდმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ბოლოს 2004/05 წლების სეზონში გადალახა.
6 გატანილი გოლით ერთ შეხვედრაში, პაბლო ესკობარმა (!) საკუთარი სახელი "სტრონგესტის" და ბოლივიის ჩემპიონატის ისტორიაში ჩაწერა. "სტრონგესტმა" "აურორას" 7:2 მოუგო და სატურნირო ცხრილის პირველი პოზიცია შეინარჩუნა, ხოლო ესკობარმა 18 გოლი მოაგროვა და ბომბარდირთა დავის ლიდერობა გაიმყარა.
34 წლის ფორვარდს ეროვნულ რეკორდამდე ერთი გოლი დააკლდა - 1983 წელს ხუან კარლოს სანჩესმა ერთ შეხვედრაში თავი 7-ჯერ გამოიჩინა.
პარაგვაიში დაბადებული, ბოლივიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი საკუთარი მიღწევით გაოცებული იყო: "აქამდე, ერთ შეხვედრაში 6 გოლი არასდროს გამეტანა, მეგობრებთან თამაშის დროსაც კი".
ამ შეხვედრაში, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, პრესის ყურადღება მხოლოდ ესკობარს არ მიუქცევია - "აურორას" მხრიდან ერთ-ერთი გოლი მაურისიო ბალდივიესომ გაიტანა, რომელიც ამ მომენტისთვის 16 წლის და 126 დღის იყო.
ბალდივიესო გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც წინა შაბათ-კვირას ამა თუ იმ უმაღლეს ლიგაში თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"