რეკორდები და იდეალური გამომშვიდობება

AutoSharing Option
16 წელი და 88 დღე - სწორედ ამ ასაკში ითამაშა ერედივიზიეს შეხვედრაში რიჩაირო ზივკოვიჩმა და ჰოლანდიის პირველობის ისტორიაში მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

"გრონინგენის" უნიჭიერესი ფორვარდი მინდორზე "ჰერაკლესთან" 2:0 მოგებული მატჩის 84-ე წუთზე გამოვიდა. ერედევიზიეს რეკორდი დღემდე ვიმ კრასს ეკუთვნის, რომელმაც 1959 წელს "ვოლენდამის" შემადგენლობაში "აიაქსის" წინააღმდეგ 15 წლის და 290 დღის ასაკში ითამაშა.

13 წელი, ერთი თვე და 22 მადრიდული დერბი - სწორედ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც "ატლეტიკომ" უკანასკნელად შეძლო "რეალის" დამარცხება. "როხიბლანკომ" სამეფო კლუბს ბოლოს 1999
წლის 30 ოქტომბერს სძლია.

უკანასკნელ დერბიში ანგარიში საჯარიმო დარტყმით კრიშტიანო რონალდომ გახსნა და ესპანეთში გადასვლის შემდეგ სტანდარტულიდან მე-10 გოლი გაიტანა.

პორტუგალიელი ამ კომპონენტში ესპანეთის პირველობის ლიდერია, მისი უახლოესი მდევარი კი 6 გატანილი საჯარიმოთი ლეო მესი გახლავთ, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ "რეალში" გადასვლის დღიდან რონალდომ ყველა ესპანურ გუნდზე მეტი, 159 საჯარიმო დარტყმა შეასრულა.

7 გოლი გავიდა "რედინგის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრის პირველ 34 წუთში. ეს იყო მესამე შემთხვევა, როდესაც პრემიერლიგურმა გუნდებმა ერთ ტაიმში 7 გოლი გაიტანეს. საინტერესოა, რომ სამივე შეხვედრაში, მეორე ტაიმებში სულ ერთი გოლი გავიდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა ორშაბათს - დემბა ბამ პრემიერლიგის ისტორიაში 21 000-ე გოლი გაიტანა.

"უიგანის" კარი გაელ ბიგირიმანამაც დალაშქრა და გახდა პირველი ბურუნდელი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგაში გოლი გაიტანა. ახლა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში გოლი 89 ეროვნების ფეხბურთელს აქვს გატანილი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

6 სხვადასხვა კლუბი გახდა მექსიკის ბოლო ექვსი პირველობის გამარჯვებული. "ტიხუანამ", რომელიც 2007 წელს დაარსდა, ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო და "ტოლუკას" მიერ დაწყებული სერია გააგრძელა. მექსიკის ბოლო ექვსი ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ: "ტოლუკა", "მონტერეი", "პუმასი", "ტიგრესი", "სანტოს ლაგუნა" და "ტიხუანა".

ისტორიულ მოვლენას ჰქონდა ადგილი ეკვადორშიც - გუაიაკილის "ბარსელონამ" საკუთარ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი უტიტულო სერია დაასრულა და 1997 წლის შემდეგ პირველად გახდა ჩემპიონი. ეს ტიტული "ბარსასთვის" სარეკორდო, მე-14 იყო. აქამდე ეკვადორის "რეკორდმაისტერები" 13-13 ჩემპიონობით "ბარსელონა" და "ელ ნასიონალი" იყვნენ.

4 საჩემპიონო ტიტული აქვს მოგებული "ლოს ანჯელეს გელექსის", რომელმაც კვირას ფინალში "ჰიუსტონ დინამო" დაამარცხა და ჩემპიონობების რაოდენობით "დი სი იუნაიტედს" გაუთანაბრდა. ფინალური მატჩით აშშ-ს დევიდ ბექჰემი გამოემშვიდობა, რომელსაც კარიერის განმავლობაში ცხრა ოქროს მედალი დაუგროვდა (6 ინგლისში, 1 ესპანეთში და 2 აშშ-ში).

შეხვედრა ასევე მნიშვნელოვანი იყო ლენდონ დონოვანისთვის, რომელმაც პლეი ოფის ეტაპზე 22-ე გოლი გაიტანა (რეკორდი) და მეხუთედ (ასევე რეკორდი) შეძლო ფინალურ შეხვედრებში თავის გამოჩენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული