უეფა 19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგას ჩაატარებს

AutoSharing Option
2013/14 წლების სეზონიდან უეფა 19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგის ჩატარებას გეგმავს, რომელშიც იმ კლუბების 19-წლამდელები ითამაშებენ, ვინც ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

32 გუნდი, ისევე, როგორც "დიდების" ჩემპიონთა ლიგაში, 8 ჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც მომდევნო ეტაპზე პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები გავლენ.

პლეი ოფის ეტაპი ერთმატჩიანი იქნება, გამარჯვებული კი 2014 წლის გაზაფხულზე გაირკვევა.

"ჩვენ გვწამს, რომ ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდებისთვის, უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა საკმაოდ საინტერესო დამატება იქნება.

ეს ტურნირი უნიკალურ საშუალებას მისცემს ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომ საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ",
- განაცხადა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ,
რომელიც ისე საუბრობდა, თითქოს "ახალი თაობის სერია" არ არსებობდეს.

ახალგაზრდული გუნდების მატჩები იმავე დღეებში და იმ სტადიონების სიახლოვეს გაიმართება, სადაც ჩვეულებრივი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები.

ამ ფაქტორის გამო კლუბების დანახარჯები არ გაიზრდება, რადგან პროფესიონალთა და ახალგაზრდების გუნდებს მგზავრობა ერთად შეეძლებათ.

მსგავსი ტურნირის შექმნის იდეით კლუბებმა უეფას სამი წლის წინ მიმართეს, მაგრამ მაშინ იდეა განუხორციელებელი დარჩა. სამაგიეროდ, 2011 წელს დაიწყო "ახალი თაობის სერიის" გათამაშება, სადაც 19-წლამდელი ფეხბურთელები თამაშობენ.

როგორც ჩანს, უეფაში დაინახეს, რომ პროექტი წარმატებულია და მართვის სადავეების ხელში აღება მოინდომეს. თუ გავითვალისწინებთ იმ ბერკეტებს, რომლებიც ევროპული ფეხბურთის მამებს გააჩნიათ, მიზნის მიღწევა, წესით, არ უნდა გაუჭირდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული