წლევანდელი ჩემპიონატი, შარშანდელის მსგავსად, დაძაბული უნდა გამოდგეს, რადგან პირველობისთვის ერთბაშად რამდენიმე გუნდი იბრძვის. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ერედივიზიეში ჩემპიონობისთვის ერთმანეთს მხოლოდ დიდი სამეული (პსვ, "აიაქსი", "ფეიენოორდი") ებრძოდა.
პირველობა 18 იანვარს განახლდება, იქამდე კი ერთად ვნახოთ, ვინ მოახერხა ჩემპიონატის პირველ ნაწილში თავის გამოჩენა.
ლიდერები
18 ტურის შემდეგ პირველ-მეორე ადგილებს "პსვ ეინდჰოვენი" და "ტვენტე" იყოფენ. ბურთების უკეთესი სხვაობის გამო პირველ ადგილს "ეინდჰოვენი" იკავებს, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან
დიკ ადვოკაატის გუნდმა სეზონი სენსაციური მარცხით დაიწყო (ვაალვაიკთან), რასაც მეხუთე ტურში კიდევ ერთი წარუმატებლობა (წაგება "უტრეხტთან") მოჰყვა, თუმცა ამის მერე პსვ-მ ჩემპიონატში ზედიზედ 8 მატჩი მოიგო, სადაც ჯამში 33 გოლი გაიტანა.
ლიდერს იმდენი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, რომ მიუხედავად ასეთი შედეგიანობისა, არც ერთ მოთამაშეს 10-ზე მეტი გოლი არ გაუტანია. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, 8 შედეგიანი დარტყმით, ტიმ მატავჟი გახლავთ.
"პსვ ეინდჰოვენი" ქვეყნის ჩემპიონი უკანასკნელად 2008 წელს გახდა. თუ გუნდმა არ მოუკლო, საკმაოდ დიდი შანსია, 2013 წელს "ფილიპსის" ქალაქში საჩემპიონო ზეიმი გაიმართოს.
არის კიდევ ოთხი გუნდი, რომელიც ზეიმის თავისთან გადატანას ეცდება. ჩვენდა გასაოცრად და სასიამოვნოდ, ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატი არნემის "ვიტესიც" გახლავთ.
მერაბ ჟორდანიას კლუბმა ბოლო 3 მატჩი ჩააგდო და მეხუთე პოზიციამდე ჩამოქვეითდა, თუმცა თუ გუნდი ლიდერებს შეინარჩუნებს, მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის უნდა იბრძოლოს. ლიდერებში კი, პირველ რიგში, ვილფრედ ბონის და გურამ კაშიას ვგულისხმობთ.
კოტდივუარელი ბონი ყველას გაოცებას აგრძელებს. შარშან ამ ფეხბურთელმა 32 თამაშში 17 გოლი გაიტანა, წელს კი მის ანგარიშზე უკვე 16 შედეგიანი დარტყმაა.
კაშია კი, მოგეხსენებათ, გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერია. ქართველმა ფეხბურთელმა ყველა შეხვედრაში ითამაშა და გარდა იმისა, რომ უშუალოდ საკუთარი მოვალეობები შესანიშნავად შეასრულა, ორი გოლის გატანაც მოახერხა.
ასევე უნდა გამოვყოთ ვეტერანი თეო იანსენის და ახალგაზრდა (20 წლის) მარკო ვან გინკელის კარგი თამაში.
როგორც იქნა, გამოცოცხლდა "ფეიენოორდი" - როტერდამელებმა ჩაგდებული 2010/11 სეზონის შემდეგ, როდესაც გუნდი კინაღამ გავარდა, შარშან მეორე ადგილი დაიკავეს, წელს კი ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტები არიან, რაც ძირითადად ორი შემტევის, გრაციანო პელეს და ლექს იმერსის დამსახურებაა.
რონალდ კუმანის გუნდმა სულ 37 გოლი გაიტანა. აქედან 24 ამ ორის ანგარიშზეა. ასევე, ბრუნო მარტინს ინდის და იორდი კლასის თამაში უნდა გამოვარჩიოთ - ახალგაზრდა ფეხბურთელებს უკვე ლუის ვან გაალიც ენდობა და ჰოლანდიის ნაკრებში მუდამ იძახებს.
ჩემპიონატის თანალიდერი "ტვენტე" სტაბილურად კარგად თამაშობს. გუნდმა მხოლოდ ორი მარცხი განიცადა, ისიც ლიდერებთან (პსვ და "აიაქსი"). სხვა მხრივ, სტივ მაკლარენის გუნდი მოწოდების სიმაღლეზეა. ერთადერთი შავი ლაქა, რომელიც გუნდს ამ სეზონისგან შემორჩება, ევროპის ლიგაზე ცუდი ასპარეზობაა: "ტვენტემ" ჯგუფში ვერცერთი მატჩი მოიგო და ბოლო ადგილი დაიკავა.
არაფერი გვითქვამს ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებულ "აიაქსზე"... მიუხედავად ლიდერების წასვლისა, ამსტერდამელები ყოველ წელს იბრძვიან ჩემპიონობისთვის და ამას უნიჭიერესი ახალგაზრდა ფეხბურთელებით აკეთებენ.
წელს ფრანკ დე ბურის სამწყსო ჩემპიონთა ლიგის "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდა, სადაც თავი ნამდვილად არ შეურცხვენია და ევროპის ლიგის საგზურიც მოიპოვა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ასპარეზობამ ამსტერდამელებს ერედივიზიონში წარმატებით გამოსვლაში ხელი ვერ შეუშალა.
იმედგაცრუება
ამ ნომინაციას ორი გამარჯვებული ჰყავს: "ალკმაარი" და "ჰერენვენი". შოთა არველაძის ყოფილი გუნდი ბოლო წლებში მუდამ ლიდერებში იყო, მიმდინარე სეზონში კი აზ-ს სერიოზული პრობლემები აქვს.
მე-12 ადგილი და მხოლოდ 18 ქულა ნამდვილად არ არის ის შედეგი, რასაც ამ გუნდის ქომაგები ელოდნენ.
ერთადერთი ფეხბურთელი, ვისზეც აუგი არ ითქმის, ჯოზი ალტიდორი გახლავთ, თუმცა ბოლო პერიოდში ამერიკელმაც მოუკლო - სეზონის ბრწყინვალედ დაწყების შემდეგ ჯოზიმ ბოლო 6 ტურში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა (დუბლი "ზვოლესთან").
"ჰერენვენისგან" წელს ძალიან ბევრს ელოდნენ, რადგან გუნდს სათავეში მარკო ვან ბასტენი ჩაუდგა, თუმცა ლეგენდარული ჰოლანდიელი ჯერჯერობით ვერ ამართლებს.
ვან ბასტენის გუნდი სატურნირო ცხრილში "ალკმაარის" მეზობელია, მასაც 18 ქულა აქვს და მე-13 პოზიციას იკავებს. აქაც არის ერთი გამორჩეული ფიგურა: ისლანდიელი ალფრედ ფინბოგასონი, რომელმაც 16 თამაშში 14 გოლის გატანა შეძლო.
აუტსაიდერები
ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბოლო ხუთ პოზიციაზე მყოფმა გუნდმა უნდა იბრძოლოს. "ზვოლეს", "ვენლოს" და "ვილემ II"-ის აქ ხილვა გასაკვირი ნამდვილად არ არის, მაგრამ "როდას" და "ბრედას" ასეთი მდგომარეობა ნამდვილად გაკვირვებას იწვევს.
ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ეს ორი გუნდი ერედივიზიეს ერთ-ერთი დამაარსებელი იყო (1956-57 წლებში) და ორივეს ჰოლანდიის უმაღლეს დივიზიონში 46 სეზონი აქვს გატარებული, რაც მე-6 შედეგია.
ამ გუნდებზე მეტი სეზონი ერედივიზიეში მხოლოდ "აიაქსს", "პსვ ეინდჰოვენს", "ფეიენოორდს" (სამივეს 57), "ტვენტეს" (51) და "გრონინგენს" (47) აქვთ გატარებული.
აღსანიშნავია, რომ "ბრედა" ამ სეზონში ერთადერთი გუნდია, რომელმაც მწვრთნელი შეიცვალა, თანაც ეს ორჯერ გააკეთა.
კლუბის ხელმძღვანელებმა ჯერ ჯონ კარელსე მოხსნეს, შემდეგ კი დროებითი მწვრთნელი ადრი ბოგერსი.
ამჟამად ბრედელთა მთავარი მწვრთნელი წარსულში "ბრადას" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, სერბი ნებოისა გუდელია, რომელსაც კლუბში საკუთარი შვილი, 21 წლის ნემანია გუდელი დახვდა.
სიმბოლური ნაკრები
ჰოლანდიურმა "დე ტელეგრააფმა" პირველი წრე შეაჯამა და სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა.
სამწუხაროდ, ნაკრებში ვერ მოხვდა გურამ კაშია, რომელსაც მართლაც კარგი პირველი წრე ჰქონდა.
მეკარე: კრისტოფერ ნორდფელდტი (ჰერენვენი)
მცველები: ატიბა ჰატჩინსონი (პსვ ეინდჰოვენი), ტობი ალდერვეირელდი (აიაქსი), ვირგილ ვან დაიკი (გრონინგენი), ბრუნო მარტინს ინდი (ფეიენოორდი).
ნახევარმცველები: ადამ მაერი (ალკმაარი), ფილიპ ჯურიჩიჩი (ჰერენვენი), თეო იანსენი (ვიტესი).
თავდამსხმელები: ჯოზი ალტიდორი (ალკმაარი), გრაციანო პელე (ფეიენოორდი), ვილფრედ ბონი (ვიტესი).
სატურნირო ცხრილი
ბომბარდირები: 16 - ბონი (ვიტესი); 14 - ფინბოგასონი (ჰერენვენი), პელე (ფეიენოორდი); 11 - ალტიდორი (ალკმაარი); 10 - იმერსი (ფეიენოორდი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"