კვირა ციფრებში: გოლეადორები, სენსაციები და მორიგი რეკორდი

AutoSharing Option
193
გოლი "ჩელსის” რიგებში. ეს მართლაც საოცარი მიღწევა არა რომელიმე ფორვარდს, არამედ "არისტოკრატთა” ლეგენდა ფრენკ ლემპარდს ეკუთვნის. "საუთჰემპტონთან”, ასოციაციის თასზე მოგებულ შეხვედრაში (5:1) გატანილი გოლის წყალობით, 34 წლის ნახევარმცველი კერი დიქსონს წამოეწია და "ჩელსის” ყველა დროის ბომბარდირებში მეორე ადგილზე გადავიდა. პირველ ადგილზე მყოფი ბობი ტემბლინგის გადასასწრებად ლემპარდს მხოლოდ და მხოლოდ 10 გოლი სჭირდება, მაგრამ ვეტერანს დიდი დრო არ აქვს, რადგან ლონდონელთა ხელმძღვანელები მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებენ, ხელშეკრულებას კი ვადა სეზონის ბოლოს გასდის.

"ჩელსის” მე-8 ნომერმა ინგლისის თასის ბოლო 30
შეხვედრაში უკვე მე-20 გოლი გაიტანა და გარდა ამისა, ამ ტურნირზე მთლიანად ლონდონური გუნდი თამაშობს საოცრად: "ჩელსის” თასზე უკვე 24 მატჩია, არ წაუგია და ბოლო 4 გათამაშებიდან 3 აქვს მოგებული (2009, 2010 და 2012 წლებში).

39
ქულა პირველი წრის შემდეგ – ასეთი შედეგი "ლაციოს” აქამდე მხოლოდ ორჯერ ჰქონდა და რომაულმა გუნდმა ორივე სეზონში სკუდეტო მოიგო. 1999/2000 წლების სეზონში სვენ გორან ერიქსონის გუნდმა ამდენივე ქულა მოაგროვა, ხოლო 1973/74 წლების სეზონში ტომაზო მაესტრელის "ლაციოს” ანგარიშზე ერთით მეტი ქულა იყო. აღსანიშნავია, რომ რომაელებს ისტორიაში მეტი სკუდეტო არც მოუგიათ.

გარდა ამისა, ვლადიმირ პეტკოვიჩს შეუძლია იამაყოს იმით, რომ ჟოზე მოურინიოს შემდეგ დებიუტანტი მწვრთნელისთვის საუკეთესო სტარტი აიღო. პორტუგალიელმა, თავის პირველ სეზონში, მილანის "ინტერს” პირველი წრის შემდეგ 41 ქულა მოაგროვებინა.

"ლაციოს” მეკარე ფედერიკო მარკეტის მშრალი სერია კი 606-ე წუთზე დასრულდა. "ლაციალეს” მეკარე ყოფილმა გუნდმა, "კალიარიმ” დაამწუხრა.

მარკეტიმ ამ შედეგით ფელიჩე პულიჩის აჯობა, ვინც 1974 წლის სკუდეტოს მომგები გუნდის წევრი იყო. სამაგიეროდ, 29 წლის მეკარეს ცოტა დააკლდა ლუკა მარკეჯანის რეკორდამდე, რომელიც 744 წუთს შეადგენს.

მიუხედავად გაშვებული გოლისა, "ლაციომ” ის შეხვედრა მაინც მოიგო და რომაელებს უკვე 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ.

15
წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც საფრანგეთის თასის მოქმედი მფლობელი ბოლოს გამოეთიშა ტურნირს 1/16-ფინალურ ეტაპამდე. კვირას კი ამ არასაპატიო მიღწევის ავტორი "ლიონი” გახდა, რომელმაც პენალტების სერიაში მესამე დივიზიონის აუტსაიდერ "ეპინალთან” წააგო.

"ოლიმპიკი” არ იყო ერთადერთი გრანდი, რომელსაც ქვედა დივიზიონის კლუბთან გაუჭირდა – "პარი სენ ჟერმენმა” შვიდგოლიან თრილერში შეძლო მეხუთე დივიზიონის ბინადრის, "არასის” დამარცხება (4:3). სხვათა შორის, პარიზელებმა ამ სეზონში ერთ შეხვედრაში სამი გოლი პირველად გაუშვეს.

4
ოქროს ბურთი ზედიზედ – ლეო მესის კიდევ ერთი რეკორდი. არგენტინელი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვისაც ეს პრიზი 4-ჯერ აქვს მოგებული. მესიმ ხმათა 41 პროცენტი დააგროვა, მეორეზე გასულმა კრიშტიანო რონალდომ 23, ხოლო ანდრეს ინიესტამ, რომელიც მესამე იყო, მხოლოდ 10.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მესიმ 2012 წელს 91 გოლი გაიტანა და 22 საგოლე პასი გააკეთა. ეს ყველაფერი კი 69 შეხვედრაში მოახერხა.

"ბარსელონას” 10-იანმა, მორიგი ოქროს ბურთის მიღებამდე, 2013 წლის ანგარიშის გახსნაც მოასწრო –"ესპანიოლთან” მოგებულ შეხვედრაში (4:0) ერთი გოლი გაიტანა. მესიმ პრიმერაში თავის გამოჩენა უკვე ზედიზედ მერვე შეხვედრაში შეძლო, რაც მისი პირადი რეკორდია.

3
გოლი "რეალის” კარში – "სოსიედადის” ნახევარმცველი ჩაბი პრიეტო გახდა პირველი ფეხბურთელი ვალტერ პანდიანის შემდეგ, ვინც "სანტიაგო ბერნაბეუზე” მეტოქის რანგში ჰეთ თრიქის შესრულება შეძლო. ურუგვაელმა პანდიანიმ "რეალს” სამი გოლი 2007 წელს გაუტანა.

გარდა ამ სამი გოლისა, პრიეტოს "ბერნაბეუზე” 2005 წელს დუბლიც აქვს შესრულებული და ბოლო 15 წელიწადში ის გახლავთ ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც "რეალის” საშინაო არენაზე ორი ან მეტი გოლის გატანა ორჯერ მოახერხა.

მიუხედავად 3 გაშვებული გოლისა და მეკარე ადანის ნაადრევად (მე-6 წუთზე) გაძევებისა, "რეალმა” ეს მატჩი მაინც მოიგო, თუმცა სიხარულის საბაბი მადრიდში ნაკლებად აქვთ, რადგან მათი მთავარი მეტოქე "ბარსელონა” რეკორდს რეკორდზე ამყარებს.

კატალონიელებმა ზედიზედ 36-ე შეხვედრაში გაიტანეს გოლი, რაც ლა ლიგის ახალი რეკორდია.

გარდა ამისა, თუ მომავალ ტურში "ბარსა” "მალაგასთან” არ წააგებს, ტიტო ვილანოვას გუნდი კიდევ ერთ რეკორდს დაამყარებს, კერძოდ, "ბარსელონა” პრიმერას ისტორიაში, პირველი წრის შემდეგ, საუკეთესო შედეგის მფლობელი გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
2012 წელი ციფრებში: გიგზის მიღწევა, იკერის მშრალი სერია, მესის გოლები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული