აფრიკის ერთა თასი: ჩემპიონმა ეთიოპიას ვერ მოუგო

AutoSharing Option
აფრიკის თასზე პირველი მატჩი ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა, ზამბიამ ჩაატარა და პროგნოზების საპირისპიროდ, ეთიოპიის დამარცხება ვერ შეძლო. არადა, მისი მეტოქე, შეხვედრის 35-ე წუთიდან მოყოლებული, კაცნაკლული იყო.

როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, გოლის გატანის პირველი შანსი ეთიოპიელებს ჰქონდათ, მაგრამ სალადინ საიდმა პენალტი ვერ გამოიყენა (25-ე წუთზე). ამ მომენტიდან ზუსტად 10 წუთში შეხვედრის არბიტრმა ეთიოპიელთა მეკარე ჯემალ ტასევი გააძევა და აუტსაიდერად მიჩნეული გუნდი მოედანზე 10 კაცით დატოვა.

აფრიკის ჩემპიონმა მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შეძლო – გოლი “ორლანდო პაირეტსის” ფორვარდმა კოლინს მბესუმამ
გაიტანა.

შეხვედრის მეორე ტაიმში ეთიოპიამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. გოლამდე და გოლის შემდეგაც უპირატესობას ზამბიელები ფლობდნენ, მაგრამ მეტოქის კარის აღება ვერაფით მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ზამბიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ადამიანმა, ვინც ამ გუნდს შარშან აფრიკის თასი მოაგებინა, ერვე რენარმა, ძირითად შემადგენლობაში არც ჯეიკობ მულენგა დააყენა და არც ემანუელ მაიუკა – ორი ყველაზე ცნობილი ზამბიელი ფორვარდი.

როგორც ჩანს, მწვრთნელს ეთიოპია იოლად წასაქცევი მეტოქე ეგონა, რის გამოც დაისაჯა კიდეც.

აქვე ვთქვათ, რომ ძირითადში იყო ზუგდიდის "ბაიას" ყოფილი ფეხბურთელი ჩისამბა ლუნგუ, რომელმაც მინდორზე 90 წუთი გაატარა და ყვითელი ბარათი მიიღო.

აფრიკის თასი. სამხრეთ აფრიკა 2013. ჯგუფური ეტაპი.

C ჯგუფი

ზამბია-ეთიოპია 1:1
გოლები: 1:0 მბესუმა (45), 1:1 ადანე გირმა (65).
გაძევება: ტასევი (35. ეთიოპია).
გამოუყენებელი პენალტი: ს. საიდი (25. ეთიოპია)

ნიგერია-ბურკინა ფასო 1:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აფრიკაში ჯერჯერობით მშვიდობაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული