კვირა ციფრებში: გოლები, გოლები და კიდევ ერთხელ გოლები

AutoSharing Option
დღესაც მთავარ ყურადღებას ფორვარდებს დავუთმობთ. კრიშტიანო რონალდოს, მარიო ბალოტელის, კრის კომონსის და ფრენკ ლემპარდის გარდა, ახალი ზელანდიის რეკორდსმენ ჩემპიონზეც ვისაუბრებთ.

350 - გოლი კლუბსა და ნაკრებში – კრიშტიანო რონალდომ ამ ნიშნულს 28 წლის ასაკში მიაღწია. შაბათს, "მალიორკასთან" (5:2) მოგებულ შეხვედრაში, პორტუგალიელმა ერთი გოლი გაიტანა. გატანილი ბურთების ლომის წილი მადრიდის "რეალზე" მოდის - 189 გოლი. 118 ბურთი რონალდომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გაიტანა, 5 ლისაბონის "სპორტინგში", 38 კი ეროვნულ ნაკრებში.

რონალდომ თავისი გოლი იმ 6-წუთიანი მონაკვეთის დასაწყისში შეაგდო, რომლის დროსაც "რეალმა" 1:2 4:2-ად
აქცია. ასეთი რამ "რეალმა" ბოლოს 2004 წელს გააკეთა – მაშინ 6 წუთში სამი გოლი ლუიშ ფიგუმ, დევიდ ბექჰემმა და მაიკლ ოუენმა გაიტანეს. გარდა ამისა, იმ შეხვედრაში დუბლი "სამეფო კლუბის" კიდევ ერთმა ლეგანდარულმა რონალდომ შეასრულა.

200 - გოლი "ჩელსის" რიგებში. ფრენკ ლემპარდმა კვირას "ვესტ ჰემს" გაუტანა და ახლა "არისტოკრატების" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობამდე ლემპარდს მხოლოდ ორი გოლი აშორებს. შეგახსენებთ, რომ "ჩელსის" ყველა დროის ბომბარდირ ბობი ტემბლინგს 202 გოლი აქვს გატანილი.

ლემპარდს არ უთამაშია ხუთშაბათს, როდესაც "ჩელსიმ" "სტიაუას" სძლია (3:1) და ევროპალიგის 1/4-ფინალში გავიდა. ინგლისს ამ ტურნირის ამ ეტაპზე სამი წარმომადგენელი ჰყავს, რაც რეკორდია. სამაგიეროდ ინგლისურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ვერ ვხედავთ. ასეთი რამ კი ბოლოს 1995/95 წლების სეზონში მოხდა.

12.2 - წამი დასჭირდა კრის კომონსს "აბერდინთან" ანგარიშის გასახსნელად. "სელტიკის" ფორვარდის ეს გოლი სარეკორდოა და შოტლანდიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია. ძალიან საინტერესოა ის ფაქტია, რომ საგოლე გადაცემა შეასრულა ენტონი სტოუქსმა, ფეხბურთელმა ვისაც წინა რეკორდი ეკუთვნოდა – "ჰიბერნიანის" რიგებში თამაშის დროს სტოუქსმა "რეინჯერსის" კარი 12.4 წამში აიღო. გატანილი გოლის გარდა, კომონსმა საგოლე პასიც ჩაიწერა და გეორგიოს სამარას გამარჯვების მომტანი ბურთი გაატანინა ("სელტიკმა" საოცარი მატჩი 4:3 მოიგო, არადა, 68-ე წუთამდე 1:3-ს აგებდა).

კომონსის გარდა, გამოსაყოფია "სენტ მირენის" მიღწევა, რომელმაც ლიგის თასის ფინალში "ჰართსს" 3:2 მოუგო და 136-წლიან ისტორიაში ეს თასი პირველად მოიპოვა.

7 - გოლი ექვს შეხვედრაში – მარიო ბალოტელის "მილანში" იდეალური სტარტი გამოუვიდა. ასეთი შედეგი "როსონერის" რიგებში ბოლოს ანდრეი შევჩენკოს ჰქონდა. ბოლო ტურში ბალოტელიმ "პალერმოს" დუბლი შეუსრულა, "მილანმა" კი 2:0 მოიგო. ერთ-ერთი ბურთი მარიომ პენალტით შეაგდო, რაც ნიშნავს იმას, რომ მას კვლავ 100-პროცენტიანი შედეგი აქვს – იტალიასა და ინგლისში "სუპერმარიომ" 9 პენალტი შეასრულა და ყველა გამოიყენა. პალერმოში დაბადებულ ფორვარდს "პალერმოს" კარში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი – ამდენი ბურთი მარიოს სხვა არავისთან გაუტანია.

4 - საჩემპიონო ტიტული ზედიზედ ახალი ზელანდიის ახალი რეკორდია, რომელიც "უაითეკერ იუნაიტედს" ეკუთვნის. სულ ამ გუნდს 5 საჩემპიონო ტიტული აქვს – ერთით მეტი, ვიდრე "ოკლენდ სიტის", რომელსაც "უაითეკერმა" დრამატულ ფინალში 4:3 სძლია. გადამწყვეტი ბურთი შეხვედრის მე-100 წუთზე ალან პირსმა გაიტანა. არადა, შეხვედრა თითქოს 90 წუთში უნდა დამთავრებულიყო, რადგან ბოლოსწინა წუთზე კრის ბეილმა 10-კაციან "ოკლენდს" მესამე გოლი გაუტანა, რის შემდეგაც ანგარიში 3:2 გახდა.

ყველაფრის მიუხედავად, კაცნაკლულმა "ოკლენდმა" დარჩენილ წუთებში ანგარიშის გათაბრება მოახერხა, თავი კი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირმა როი კრიშნამ გამოიჩინა.

შვიდი გოლი ახალი ზელანდიის ლიგის ფინალური შეხვედრის რეკორდია და ეს მიუხედავად იმისა, რომ ფინალები, როგორც წესი, საკმაოდ შედეგიანია – აქამდე ჩატარებულ 9 შეხვედრაში მაყურებელმა 42 გოლი იხილა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 4.7 გატანილ ბურთს ნიშნავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: პირველი, მეორე და უამრავი გოლი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული