ესპანეთი VS იტალია - ფინალი, როგორც დიდებში

AutoSharing Option
ევრო 2013-ის ფინალი ისეთივეა, როგორიც ევრო 2012-ის: ესპანეთი იტალიის წინააღმდეგ. განსხვავება მხოლოდ ერთია - ახლა საქმე ახალგაზრდულ ნაკრებებთან გვაქვს.

შაბათს ესპანეთის ნაკრებმა 3:0 გაანადგურა ნორვეგია, მასთან ფინალურ რანდევუზე კი იტალიამ ლივერპულელი ფაბიო ბორინის ერთადერთი გოლის წყალობით გააღწია.

ესპანეთის ნაკრები ფინალში ტიტულის დაცვას შეეცდება. ამისთვის "ფურია როხიტამ" ნორვეგიას როდრიგოს, ისკოს და მორატას გოლებით სამი მომაკვდინებელი ჭრილობა მიაყენა.

მართალია, ხულიენ ლოპეტეგის ბიჭები მეტოქის ნახევარზე "დასახლდნენ", მაგრამ მეტოქე მხოლოდ ტაიმის მიწურულს გატეხეს, როცა როდრიგომ ახლო მანძილიდან დაასწრო გოლკიპერს.

მეორე ტაიმში ესპანეთის ნაკრები ისეთივე
დინამიკური არ იყო, თუმცა მატჩის ბოლოსკენ მეტოქის საბოლოო გატეხვა შეძლო. 87-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა რეალელმა ალვარო მორატამ და მალაგელმა ისკომ შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რომელსაც არანაკლები დასრულება ჰქონდა, ისკომ ერთი მცველი "მოტეხა" და მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი.

მატჩის ბოლოს მორატამ კონტრშეტევაზე იხეირა. მართალია, მეკარესთან დუელი თითქოს წააგო, მაგრამ ბურთს კარის ხაზზე მიუსწრო და თითქმის ნულოვანი კუთხიდან გაიტანა.

მორატამ მე-4 მატჩში მე-4 გოლი გაიტანა.

ხულიენ ლოპეტეგი (ესპანეთი):
"ძალიან რთული თამაში იყო ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ. ანგარიშმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. პირველ ტაიმში ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ მათი მეკარე ფანტასტიკურად თამაშობდა.

საბედნიეროდ, ერთი გოლის გატანა შესვენებამდე მაინც შევძელით. ამის შემდეგ ცოტა კარის უსაფრთხოებაზეც დავფიქრდით.

გუნდმა ითამაშა, როგორც ერთიანმა ორგანიზმმა და ეს ძალიან მახარებს. ახლა ცოტას დავისვენებთ, ცოტას ვივარჯიშებთ და ფინალისთვისაც მზად ვიქნებით"
.

ბორინის გადამწყვეტი შესვლა
მეორე ნახევარფინალური მატჩის კულმინაცია 78-ე წუთზე დადგა, როცა "ლივერპულის" ფორვარდი ფაბიო ბორინი ოსტატურად შეიჭრა ჰოლანდიელთა საჯარიმოში და ანგარიში გახსნა.

მეტი გოლი ამ შეხვედრაში არ გასულა. იტალია სარეკორდო, მე-6 ტიტულს უმიზნებს ახალგაზრდულ ტურნირში.

პირველ ტაიმში "იონგ ორანიეს" უპირატესობას აშკარა ეთქმოდა, თუმცა ამისგან ჰოლანდიელებმა ვერ იხეირეს.

ყველაზე დასამახსოვრებელი ადამ მაჰერის დარტყმა იყო, რომელიც ძელმა აისხლიტა.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. 1/2-ფინალებ
ესპანეთი-ნორვეგია 3:0
გოლები: 1:0 როდრიგო (45), 2:0 ისკო (87), 3:0 მორატა (93)
ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - მონტოია, ბარტრა, ი. მარტინესი, მორენო - კოკე, ილიარამენდი, ტ. ალკანტარა - ტელიო (73. მუნიაინი), როდრიგო (58. მორატა), ისკო (89. სარაბია).
ნორვეგია (4-3-3): ნილანდი - ელაბდელაუი, ბერგი, სტრანდბერგი, ჰედენსტადი - ჰენრიკსენი, იოჰანსენი (ბერიშა), ეიკრემი (75. ნორდტვეიტი) - ბერგეტი, პედერსენი, კინგი (46. ნილსენი).

იტალია-ჰოლანდია 1:0
გოლი: 1:0 ბორინი (78)
იტალია (4-4-2): ბარდი - დონატი, ბიანკეტი, კალდიროლა, რეჯინი - ფლორენცი, როსი (90. კრიმი), ვერატი, ინსინიე (85. სანსონე) - ბორინი, იმობილე (62. გაბიადინი).
ჰოლანდია (4-3-3): ზოეტი - ვან რეინი, დე ვრეი (75. ვან დერ ჰოორნი), ინდი, ბლინდი (84. ფერი) - ვან გინკელი, მაჰერი, სტროოტმანი - ვეინალდუმი, ლ. დე იონგი, ჯონი (68. დეპაი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იქნებ მიხვდეს რომელიმე არხი და გვაჩვენონ ფინალი
შაკო
21:55 17-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული