ყველაფერი ესპანეთს: ოქროს ფეხბურთელი - ისკო, ოქროს ბუცი - მორატას

AutoSharing Option
ევროპის მორიგი ახალგაზრდული პირველობა ფეხბურთში უკვე ისტორიის კუთვნილებაა - 5-18 ივნისს ისრაელმა უმასპინძლა 21-წლამდელთა ტურნირს. გამარჯვებული დარჩა ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები, ხულიენ ლოპეტეგის ხელმძღვანელობით, რომელმაც ფინალში ტიაგო ალკანტარას ჰეთ თრიკის წყალობით 4:2 დაამარცხა იტალიის გუნდი.

იტალიას თითქმის დაეწივნენ
ფინალური მატჩის შესახებ უკვე ვწერდით, ახლა კი ტურნირის ნომინანტებზე ვისაუბრებთ.

ესპანეთის ნაკრებისთვის ეს გამარჯვება მე-4 იყო ახალგაზრდულ ასპარეზზე. "როხიტამ" აქამდე 1986, 1998 და 2011 წლებში იმარჯვა. ესპანელები ორჯერ ფინალში დამარცხდნენ, 1984 და 1996 წლებში.

მარცხის მიუხედავად, იტალიის ახალგაზრდული ნაკრები ყველაზე ტიტულოვან გუნდად რჩება.
"აძურინიმ" ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 5-ჯერ მოიგო: 1992, 1994, 1996, 2000 და 2004 წლებში. იტალიელებიც ორჯერ დამარცხდნენ ფინალში: ახლა და 1986 წელს (ორივეჯერ ესპანელებთან).

ამ ორი ქვეყნის შემდეგ ორ-ორი ტიტულით მოდიან: ინგლისი (1982, 1984), ჰოლანდია (2006, 2007) და ქვეყანა, რომელიც დღეს (საბედნიეროდ) აღარ არსებობს - საბჭოთა კავშირი (1980, 1990). თითოჯერ ჩემპიონები იყვნენ: საფრანგეთი (1988), ჩეხეთი (2002), გერმანია (2009) და აღარარსებული იუგოსლავია (1978).

ისკო, მორატა, ტიაგო...
ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ალვარო მორატა გახდა, მადრიდის "რეალის" 20 წლის შემტევმა, ფინალის გარდა, ყველა მატჩში თითო გოლი გაიტანა და 4 გოლით "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა. ვერცხლის და ბრინჯაოს ბუცებიც ესპანელებს შეხვდათ: ტიაგო ალკანტარას და ისკოს. 22 წლის ბარსელონელმა 3 გოლი გაიტანა, 21 წლის მალაგელმაც ამდენივე, მაგრამ ტიაგოს "ვერცხლი" ერთი საგოლე პასის გამო შეხვდა.

"ამის მიღწევა ძალიან ძნელი იყო, მით უმეტეს, როცა ხშირად მიწევდა შეცვლაზე შესვლა, მაგრამ გამიმართლა. ამ ტურნირიდან შინ ბედნიერი მივდივარ, "ოქროს ბუცისთვის" კი მადლობას მთელ გუნდს ვუხდი. უმაგათოდ არაფერი გამომივიდოდა", - განაცხადა ალვარო მორატამ, რომელიც მართლაც უფრო თადარიგის ფეხბურთელი იყო, მეორე ტაიმში შემოდიოდა და მარცხენა ფლანგიდან იკლებდა მეტოქეებს.

ამ თამაშით ალვარომ სერიოზული განაცხადი გააკეთა "სამეფო კლუბის" პირველ გუნდში დამკვიდრებაზე.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურნირის ბომბარდირი ესპანელი იყო - ადრიან ლოპესმა 5 გოლი გაიტანა. თუ საკვალიფიკაციო მატჩებსაც ჩავთვლით, ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი ასევე ესპანელი როდრიგოა - 12 გოლი (3 გოლი ჩვენი ნაკრების კარში).

ტურნირის საუკეთესო (ოქროს) ფეხბურთელად ისკო დასახელდა, მიუხედავად იმისა, რომ კაპიტანმა ალკანტარამ ფინალში ჰეთ თრიკი შეასრულა. წინა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიც ესპანელი იყო - ხუან მატა.

იქნებ ჩეხეთში წავიდეთ...
ევრო 2015 ჩეხეთის რესპუბლიკაში გაიმართება. იქამდე ორი წელიწადია, თუმცა ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი უკვე დაწყებულია და 11 აგვისტოს ყაზახეთის და სომხეთის მატჩით განახლდება. ამ გუნდებს, ისევე, როგორც საქართველოს, ფინალურ ეტაპზე მოხვედრის იმედი აქვთ.

ჩვენთვის კი ჩემპიონატი 5 სექტემბერს ლუქსემბურგელებთან საგარეო მატჩით დაიწყება. ამ შეხვედრაში ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე გაიყვანს. ჩვენი ახალგაზრდული გუნდი მე-3 ჯგუფშია, სლოვაკეთთან, შოტლანდიასთან, ჰოლანდიასთან და ლუქსემბურგთან ერთად. სხვათა შორის, ლუქსემბურგელებმა უკვე ორი მატჩი გამართეს: სტუმრად 0:3 დამარცხდა შოტლანდიასთან, ხოლო ახლახან (11 ივნისს) შინ 1:7 განადგურდა სლოვაკეთთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასოდეს უთამაშია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული