ბრაზილია-მექსიკა 2:0 - ნეიმარმა მექსიკა დაძირა [VIDEO]

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრებმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და 1/2-ფინალში გასვლა გაინაღდა.

შეხვედრა თავიდანვე "სელესაოს" შეტევებით დაიწყო, რასაც შედეგი მე-9 წუთზე მოჰყვა - ჰალკის ჩაწოდების შემდეგ მექსიკელმა მცველებმა არადამაჯერებლად ითამაშეს, ბურთი კი ნეიმართან მივიდა, რომელმაც ბურთს მიწაზე დაუშვებლად დაჰკრა და ხოსე კორონას შანსი არ დაუტოვა.

პირველი შეხვედრის მსგავსად, "ბარსელონას" ახალწვეულის გოლი ამჯერადაც ლამაზი იყო.

მექსიკას ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია - ჯოვანი დოს სანტოსმა და კომპანიამ რამდენიმე მომენტი შექმნეს და ბრაზილიელი ქომაგიც ანერვიულეს, თუმცა გოლის გატანა ხოსე მანუელ დე ლა ტორეს შეგირდებმა ვერ შეძლეს.

მატჩის მეორე ნახევარში "სელესაომ" ორი გოლი გაიტანა. პირველი ტიაგო სილვას ანგარიშზე იყო, თუმცა ეს ბურთი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. აი, მეორე გოლი კი წესების დაცვით გავიდა - 93-ე წუთზე ნეიმარმა ფლანგზე დრიბლინგი წამოიწყო და ცვლილებაზე შემოსულ ჟოს საგოლე პასი გაუკეთა.

"ატლეტიკო მინეიროს" ფორვარდს, რომელიც კონფედერაციათა თასზე ლეანდრო დამიაოს ტრავმის გამო მოხვდა, შესაშური სტატისტიკა აქვს: 2 მატჩი - 2 გოლი. მეტიც, ჟომ მინდორზე მხოლოდ 17 წუთი გაატარა.

ბრაზილიის ნაკრებმა კონფედერაციათა თასზე ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირზე ბოლო მარცხი "სელესაომ" სწორედ მექსიკასთან, 2005 წელს განიცადა. ამის გარდა, ლუიშ ფელიპე სკოლარის შეგირდებმა "აცტეკებთან" შარშან, ლონდონის ოლიმპიადის ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღეს.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი
ნეიმარი (ბრაზილია)
იაპონიასთან გამართული მატჩის მსგავსად, ბრაზილიის ნაკრების მეორე შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად კვლავ ნეიმარი დასახელდა.

"სანტოსის" ყოფილმა ლიდერმა საკმაოდ ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა, ბოლო წამებზე კი ლამაზი დრიბლინგი შემოგვთავაზა, რასაც საგოლე გადაცემაც მოაყოლა.

გარდა ამისა, ბრაზილიელთა მე-10 ნომერმა არაერთი ლამაზი ეპიზოდი გვაჩუქა.

კონფედერაციათა თასი 2013. A ჯგუფი. II ტური
ბრაზილია-მექსიკა 2:0
გოლები: 1:0 ნეიმარი (9), 2:0 ჟო (90+3)

ბრაზილია (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო - პაულინიო, ლუის გუსტავო - ჰალკი (78. ლუკას მოურა), ოსკარი (62. ერნანესი), ნეიმარი - ფრედი (82. ჟო)
მექსიკა (4-4-1-1): კორონა - მიერი, ფ. როდრიგესი, ე. მორენო, ხ. ტორესი (70. ბარერა) - ხ. ფლორესი (58. ე. ერერა), ტორადო (88. რ. ხიმენესი), სალსიდო, გუარდადო - ჯოვანი დოს სანტოსი - ხ. ერნანდესი
გაფრთხილება: ტიაგო სილვა, დანი ალვეში - გუარდადო, ე. ერერა, ფ. როდრიგესი.
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 24-17; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 12-8 (7-4); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 50 791

ბოლო ტური
22 ივნისი, 23:00:
იაპონია-მექსიკა, იტალია-ბრაზილია

მატჩის შემდგომი კომენტარები
ლუიშ ფელიპე სკოლარი: მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან კარგად ვითამაშეთ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული