ბრაზილია-იტალია 4:2 - სამხრეთამერიკელთა 30-წლიანი სერია გრძელდება! [VIDEO]

AutoSharing Option
22 ივნისს, კონფედერაციათა თასზე მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ლუიშ ფელიპე სკოლარის შეგირდებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს.

შეხვედრაში ანგარიში 45-ე წუთზე დანტემ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის დაწყებიდან 6 წუთში ჯაკერინიმ გათანაბრება შეძლო.

55-ე წუთზე ბრაზილია წინ ნეიმარის გოლმა გაიყვანა, ხოლო 66-ზე ფრედმა თავისი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა - 3:1.

"სკუადრა აძურამ" გაიბრძოლა და 71-ე წუთზე კიელინის გატანილი გოლით სხვაობის შემცირებაც შეძლო, თუმცა მეტი ვეღარ შეძლო. მატჩის საბოლოო ანგარიში ბრაზილიელებმა
ფრედის მეორე გოლით, 89-ე წუთზე დააფიქსირეს - 4:2.

აღსანიშნავია, რომ იტალიას უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში არ მოუგია ბრაზილიისთვის. ბოლოჯერ "სკუადრა აძურამ" ეს 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შეძლო. მას შემდეგ მეტოქეები ერთმანეთს ექვსჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც ოთხჯერ სამხრეთამერიკელებმა იმარჯვეს, ორი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

კონფედერაციათა თასის ჯგუფური ეტაპის შედეგების შემდეგ ბრაზილია 9 ქულით A ჯგუფში პირველ ადგილზეა, ხოლო იტალია 6 ქულით - მეორე. შესაბამისად, ტურნირის ნახევარფინალში ასპარეზობას ეს ორი გუნდი გააგრძელებს.

A ჯგუფში მესამე ადგილი მექსიკამ დაიკავა, რომელმაც 22 ივნისს იაპონიას ანგარიშით 2:1 სძლია. "ამომავალი მზის ქვეყნის" წარმომადგენლებმა ტურნირში ქულის აღება ვერ შეძლეს და ჯგუფში ბოლო ადგილს დასჯერდნენ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული