გაგაცნობთ ხუთ ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომლებმაც, სპეციალისტების აზრით, რამდენიმე წელიწადში ვარსკვლავის სტატუსი უნდა მოიპოვონ. ამ სიაში ვერ ნახავთ მარკო ვერატის, ისკოს, ტიაგო ალკანტარას ან სხვა აღიარებულ ვუნდერკინდს; საუბარი ჯერ კიდევ უცნობ, მაგრამ უაღრესად ნიჭიერ მოთამაშეებზე გვექნება...
ალენ ჰალილოვიჩი (ხორვატია, "დინამო ზაგრები")
"ახალი ლუკა მოდრიჩი" - მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 17 წლის არის, ალენ ჰალილოვიჩს უკვე მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის შემცვლელად მიიჩნევენ. ცაცია გამთამაშებელი, რომელიც
დუბროვნიკში დაბადებული ფეხბურთელი ზაგრებიდან აუცილებლად წავა, მაგრამ როდესაც ეს მოხდება, მისი აღმზრდელი კლუბი საკმაოდ მსუყე თანხას მიიღებს. "დინამომ" ალენი კინაღამ 12 წლის ასაკში დაკარგა - მაშინ ხორვატს მადრიდის "რეალი" ეპატიჟებოდა, მაგრამ ჰალილოვიჩმა სამშობლოში დარჩენა არჩია.
სერხი სამპერი (ესპანეთი, "ბარსელონა")
ფეხბურთელი, რომელიც "ბარსელონას" გულშემატკივრებს ტიაგო ალკანტარას დაავიწყებს - სწორედ ასე ახასიათებენ 18 წლის ნახევარმცველს, რომელიც "ბარსელონა B"-ს რიგებში ირიცხება.
ახალგაზრდა ფეხბურთელი საკუთარ წიგნში, "ბარსა - როგორ იქმნებოდა უდიდესი გუნდი მსოფლიოში", გრემ ჰანტერმაც მოიხსენია და დაახასიათა, როგორც ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც ოდესმე "ლა მასიაში" უთამაშია.
სპეციალისტების აზრით, სამპერმა უფრო ხშირად უნდა აიღოს თამაში საკუთარ თავზე, მაგრამ იმაში ეჭვი არავის ეპარება, რომ მალე მას "ბარსელონას" ძირითად გუნდში ვიხილავთ.
ანდრეა ბერტოლაჩი (იტალია, "ჯენოა")
22 წლის იტალიელი ხუთეულში ყველაზე ცნობილია. "ჯენოასა" და "რომას" საკუთრებაში მყოფმა ნახევარმცველმა 2013 წელს გენუური კლუბის რიგებში ძალიან კარგად ითამაშა და შედეგად, იტალიის 21-წლამდელთა ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზა. აპენინელთა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი დავიდე მანჯა მას რამდენიმე პოზიციაზე ათამაშებდა, რაც ბერტოლაჩის უნივერსალიზმს უსვამს ხაზს.
ანდრეას ერთნაირად კარგად გამოსდის როგორც გრძელი, ასევე მოკლე პასები. აქვს საკმარისი სისწრაფე იმისთვის, რომ მეტოქე ჩამოიტოვოს და შემდეგ უკეთეს პოზიციაში მყოფი პარტნიორი გადაცემით მოამარაგოს.
იტალიის ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად ბერტოლაჩიმ უდიდესი კონკურენცია უნდა დაძლიოს. 2013/14 წლების სეზონი მართლაც მნიშვნელოვანი იქნება ამ ნიჭიერი ფეხბურთელისთვის.
ოლივერ ტორესი (ესპანეთი, "ატლეტიკო")
მადრიდის "ატლეტიკოს" 18 წლის ნახევარმცველმა 20-წლამდელთა მუნდიალზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, შარშან კი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იმარჯვა. ოლივერ ტორესი ფიზიკურად არც ისე ძლიერია, მაგრამ მოედნის შესანიშნავი ხედვის და ნათელი გონების წყალობით, ამ მინუსის კომპენსირებას ახდენს.
ტორესმა "ატლეტიკოს" ძირითად შემადგენლობაში 8 თამაშის ჩატარება მოასწრო, თუმცა გოლი ჯერ არ გაუტანია. მისი სახით, დიეგო სიმეონეს უნიჭიერესი ფეხბურთელი ჰყავს და ახლა არგენტინელმა სპეციალისტმა უნდა გადაწყვიტოს, რა იქნება ტორესისთვის უკეთესი: კიდევ ერთი სეზონი მეორე გუნდში, იჯარა თუ პირველ გუნდში გადაყვანა.
დანი დე სილვა (ავსტრალია, "პერთ გლორი")
დანი დე სილვა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც "პერთ გლორის" შემადგენლობაში უთამაშია. მის შესახებ "ლელო" რამდენიმე თვის წინ, რუბრიკაში - "კვირა ციფრებში" წერდა. საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ დე სილვა 20-წლამდელთა მუნდიალზე გაემგზავრა და 16 წლის ბიჭმა თავისზე 3-4 წლით უფროს მეტოქეებთან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
კოლუმბიასთან გამართულ პირველ შეხვედრაში დე სილვამ გოლი გაიტანა და იმდენად კარგად ითამაშა, რომ მეორე ტურის მატჩში სალვადორის ნაკრების მწვრთნელმა საკუთარ ფეხბურთელებს მისი პერსონალურად მეურვეობა დაავალა. საბოლოოდ, მეტოქემ დე სილვა თამაშიდან გამოთიშა, ავსტრალიამ კი წააგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"