ანალიზი: დიადი ტაქტიკები ზეპ ჰერბერგერიდან ხოსეპ გვარდიოლამდე

AutoSharing Option
ძალიან რომ გაუჭირეს საქმე არაპროფესიონალური, უაზრო კითხვებით, ცნობილმა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლუის ვან გაალმა ჟურნალისტებს ერთხელ პირდაპირ, ყოველგვარი მორიდების გარეშე მიახალა, ამიერიდან კითხვები მხოლოდ იმან დამისვას, ვისაც მატჩის ყურებისას ორივე გუნდის ტაქტიკური სქემის გაშიფრვა შეუძლიაო.

დაახლოებით ასეთივე სიტუაციაში, ლეგენდარულმა და უბერებელმა იტალიელმა მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ "ბაიერნში" მუშაობისას ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ფეხბურთის ნაღდი ფანი მხოლოდ ისაა, ვისაც ტაქტიკაზე დისკუსია უყვარს და ტაქტიკურ სქემებზე უფრო მეტს ლაპარაკობს, ვიდრე ნებისმიერ გოლზე, რადგან გოლზე სალაპარაკო ბევრი არაფერია, ტაქტიკაზე კი დაუსრულებლად შეიძლება კამათიო. სანამ მთავარზე გადავიდოდეთ,
კიდევ ერთი ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტის ციტატას მოვიყვანთ:

"ვინც იტალიის ჩემპიონატის მატჩების ყურებით სიამოვნებას ვერ იღებს, მას ფეხბურთი სიღრმისეულად არ უყვარს," - ეს ფაბიო კაპელოს სიტყვებია.

* * *
მიუნხენში და ზოგადად საფეხბურთო გერმანიაში კი აღარავის ახსოვს ის დრო, როცა ტაქტიკურ სქემებზე იმდენს ლაპარაკობენ, რამდენსაც ახლა, მას მერე ლაპარაკობენ, რაც "ბაიერნი" ხოსეპ გვარდიოლამ ჩაიბარა. მიუნხენური გრანდი ახლა არა მარტო საფეხბურთო გერმანიის, არამედ მთლიანად საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრშია, რადგან გუნდს, რომელმაც წინა სეზონში ჰეთთრიკი შეასრულა,

მწვრთნელი შეეცვალა და ახალმა დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ წინამორბედ იუპ ჰაინკესის წარმატებული ტაქტიკური სქემა შეცვალა.

შესაბამსიად დაიბადა კითხვა, რომელიც ყველას აწუხებს: რამდენად ჰქონდა აზრი "ბაიერნის" 4-1-4-1-ზე გადაყვანას? განა უმჯობესი არ იყო, რომ მიუნხენურ გრანდს ისევ ორი საყრდენი ნახევარმცველით ეთამაშა? ამ კითხვებთან ერთად წინა პლანზე წამოიწია და აქტუალურ გახდა სხვა კითხვებიც: რატომ აღარ თამაშობს არავინ ისეთი 4-4-2-ით, სადაც ნახევარდაცვა რომბისებული განლაგებით თამაშობს? ნუთუ იტალიელებმა საბოლოოდ თქვეს უარი კატენაჩოზე?..

ტაქტიკური სქემა და კონკრეტულ სქემაზე მორგებული სტრატეგია ტიტულებს იგებს და ამაში არაერთხელ დავრწმუნებულვართ. რაც ფეხბურთი არსებობს, არსებობს ტაქტიკაც, რომელიც ყოველთვის ვითარდებოდა და იცვლებოდა. მოდაში ხან როგორი სქემა იყო, ხანაც როგორი და ფეხბურთის ისტორიას მხოლოდ რამდენიმე უაღრესად პოპულარული ტაქტიკა ახსოვს.

ზეპ ჰერბერგერის 2-3-5
2-3-5 ერთ-ერთი უპირველესი სისტემა იყო. მანამდე გუნდები თითქმის ყოველთვის ერთნაირად, შვიდი თავდამსხმელით თამაშობდნენ, რომელთაგან შვიდივე თავის ხაზზე, ბურთით თუ უბურთოდ გარბოდა მეტოქის კარისკენ. 2-3-5 კი სადღაც 1880-იან წლებში შემუშავდა და ამ ტაქტიკას გუნდები ყველაზე დიდხანს, ასე განსაჯეთ, 1954 წლის მუნდიალის ჩათვლითაც კი იყენებდნენ.

ამიტომაც ვუწოდეთ ამ სქემას ზეპ ჰერბერგერის ტაქტიკა, რომელიც 54-ში გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ და ბუნდესგუნდს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა. ამ ტაქტიკაში 5 თავდამსხმელი, 2 მცველი და სამი ნახევარმცველია, რომელთაგან შუა ნახევარმცველის ფუნქციები შეტევების გაძღოლის გარდა, მეტოქე გუნდის ცენტრალური თავდამსხმელის აყვანაც იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო გამთამაშებლის პირველი ფენომენი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებში ამ პოზიციაზე ვერნერ ლიბრიხი თამაშობდა, ლეგენდარული ფრიც ვალტერი კი ნახევრად მემარცხენე თავდამსხმელი გახლდათ.

ჩეპმენის 3-2-2-3
ამ სტრატეგიის ფუძემდებლად ინგლისელი ჰერბერტ ჩეპმენია მიჩნეული, რომელმაც ეს სქემა 20-იან წლებში შემოიღო. ეს ტაქტიკა იმაზე მიუთითებს, რომ მწვრთნელები ნელ-ნელა ამატებდნენ მცველებს, რადგან დაცვის ხაზის სიძლიერე უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა. ლონდონის "არსენალის" თავკაცმა ჩეპმენმაც დაცვა გააძლიერა:

მან ცენტრალური ნახევარმცველი უკან დახია და მხოლოდ დაცვითი ფუნქციები დააკისრა. 2-3-5-ისგან განსხვავებით, ჩემპენისეულ 3-2-2-3-ში მხლოდ სამი კლასიკური თავდამსხმელიღა იყო. ხუთიდან ორი შემტევ ნახევარმცველად გადაიქცა, ორ ნახევარმცველს კი პირველ რიგში მეტოქე გუნდის შეტევების ჩაშლა დაევალა. ჩემპენის მიზანი სწრაფი კონტრშეტევების განხორციელება გახლდათ - ის თავის შეგირდებს კონტრშეტევის ზუსტად 8 წამში დაგვირგვინებას ავალებდა. ამასთან,

ჩეპმენი პირველი სპეციალისტი იყო, რომელიც შეგირდებს ტაქტიკას მაგნიტებიან დაფაზე უხსნიდა და ტაქტიკურ ვარჯიშებსა და ფეხბურთელებთან ტაქტიკაზე საუბარს იმ დროისთვის უჩვეულოდ ბევრ დროს უთმობდა.

კატენაჩო
ვისაც დღემდე ჰგონია, რომ კატენაჩო იტალიელებმა მოიგონეს, ცდება! დაცვასა და კონტრშეტევებზე ორიენტირებული ამ ლეგენდარული და ჭკვიანური სტრატეგიის ფუძემდებელი არგენტინელი ელენიო ერერა გახლავთ, რომელმაც კატენაჩო 60-იან წლებში მილანის "ინტერში" დანერგა. კატენაჩოთი "ინტერი" სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი. ერერამ ოთხი მცველის უკან კიდევ ერთი უკანახაზელი დააყენა, რომელსაც ლიბერო ეწოდა და ასე შედგა კატენაჩოს 5-3-1-1, რომელშიც კონტრშეტევების დროს ფლანგის მცველები წინა ხაზზე აქტიურობდნენ.

აქვე დავძენთ, რომ კატენაჩო არ არის ტაქტიკური სქემის განმარტება - კატენაჩო საკუთარი კარის უსაფრთხოებასა და კონტრშეტევებზე ორიენტირებული სტრატეგიის სახელწოდებაა, რომელიც მოედნის ცენტრში აქტიურ პრესინგს გულისხმობს და რომელიც მწვრთნელმა შეიძლება სხვადასხვა ტაქტიკურ სქემებს მოარგოს.

ტოტალური ფეხბურთი
ტერმინი ტოტალური ფეხბურთი თავიდან ინგლისში გამოჩნდა, მაგრამ ამ სტრატეგიას ფრთები პირველად იოჰან კრუიფის დროინდელმა "აიაქსმა" 70-იან წლებში შეასხა და შესაბამისად, ტოტალური ფეხბურთი აბსოლუტურად ლოგიკურად ასოცირდება კრუიფთან, "აიაქსთან" და ზოგადად ჰოლანდიურ ფეხბურთთან.

ტოტალური ფეხბურთი მხოლოდ ერთ ტრაქტიკურ სქემაზე იყო მორგებული: 4-3-3-ზე და მისი იდეა ის გახლდათ, რომ ყველა პოზიცია მუდმივად დაკავებული უნდა ყოფილიყო. ცენტრფორვარდი კრუიფი მოედანზე თავისუფლად მოძრაობდა და გუნდს დირიჟორობდა. მართლაც ყველა პოზიცია ყოველთვის დაკავებული იყო, მაგრამ არა ერთი და იმავე, არამედ სხვადასხვა ფეხბურთელების მიერ. წინა ხაზზე მოთამაშეები ფართოდ იყვნენ განლაგებულნი, უკანა ხაზზე კი - კომპაქტურად.
შედეგი: სამი ევრო-ტრიუმფი 1971-დან 1973 წლამდე.

ბეკენბაუერის 3-5-2
სწორედ ამ ტაქტიკით მოაპოვებინა ფრანც ბეკენბაუერმა გერმანიას მსოფლიოს ჩემპიონობა 1990 წელს. ორი ცენტრალური მცველის უკან ლიბერო იდგა. ამ ტაქტიკის დროს გუნდს შეტევისას ხუთი ნახევარმცველი ჰყავს, რაც მოედნის ცენტრში რიცხვობრივ უპირატესობას ნიშნავს, დაცვისას კი - ხუთი მცველი. ანუ, ფლანგის ფეხბურთელებს უდიდესი და უმთავრესი როლი აკისრიათ - მცველებიც არიან და შეტევებიც.

შესაბამისად, თუ გუნდი ასეთი ტაქტიკით თამაშობს, ფლანგებზე საუკეთესო მოთამაშეები უნდა ჰყავდეს. 1990 წლის მუნდიალზე გერმანიის ნაკრებში ასეთები ანდრეას ბრემე და შტეფან როიტერი იყვნენ. ამ სტრატეგიით თამაშს ბევრი სირბილი და მოძრაობა სჭირდება. სხვათა შორის, გერმანიის ნაკრები 1996 წელსაც სწორედ ამ ტაქტიკით გახდა ევროპის ჩემპიონი და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ფინალში გერმანიამ და ბრაზილიამ (0:2) სწორედ ამ ტაქტიკით ითამაშეს. 3-5-2-ის მინუსი ის არის, რომ ამ ტაქტიკით მოთამაშე გუნდის კონტრშეტევაზე გამოჭერა საკმაოდ ადვილია, რადგან დაცვაზე გადაწყობას დიდი დრო სჭირდება - ფლანგის ფეხბურთელები უკან ჩასვლას ხშირად ვერ ასწრებენ ხოლმე.

სხვათა შორის, ეს ტაქტიკა თანამედროვე ფეხბურთის მოდაშიც დაბრუნდა. ამ სქემას დღეს აქტიურად იყენებს ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე - ოღონდ, ლიბეროს გარეშე, ანუ, სამი ერთ ხაზზე განლაგებული ცენტრალური მცველით.

"ვერდერის" "რომბი"
4-4-2 რომბისებული ნახევარდაცვით ბუნდესლიგაში საკმაოდ დიდხანს იყო პოპულარული. როგორც ჩანს, გერმანელებს განსაკუთრებით უყვართ კლასიკური გამთამაშებლის ფენომენი, "ათიანისა", რომელიც ორი თავდამსხმელის უკან უნდა ირჯებოდეს. შესაბამისად, ეს სისტემა მხოლოდ ერთ კლასიკურ საყრდენ ნახევარმცველს და კიდევ თითო ნახევრად მემარჯვენე და ნახევრად მემარცხენე შუამარბს გულისხმობს, რომლებიც ფლანგებზეც აქტიურობენ და იმ ერთადერთ ჩამშლელსაც ეხმარებიან. სამაგიეროდ, გამთამაშებელს, ანუ, პლეიმეიქერს სრული თავისუფლება აქვს მინიჭებული.

ამ სქემას განსაკუთრებით აქტიურად წლების მანძილზე ბრემენის "ვერდერი" იყენებდა - "მუსიკოსებს" ხომ ჟოან მიკუს, დიეგოსა და მესუთ იოზილის სახით წლების მანძილზე შესანიშნავი "დირიჟორები" ჰყავდათ. რომბისებული ნახევარდაცვის მქონე 4-4-2-ის მთავარი მინუსიც ისაა, რომ კონტრშეტევაზე გამოჭერაა ადვილი, რადგან ფლანგის მცველები დროის უმეტეს ნაწილს შეტევაში ატარებენ.

4-2-3-1 ორი საყრდენით
ეს არის ტაქტიკა, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ხშირად იყენებენ. ეს სქემა პრაგმატული და კრეატიული მიდგომების იდეალური ნაზავია, რადგან გყავს ოთხი მცველი და ორი ჩამშლელი ნახევარმცველი, რაც უკანა ხაზის შესანიშნავი დაზღვევაა, სამი ნახევარმცველი, რომელთაგან გარემარბები სწრაფები და ტექნიკურები უნდა იყვნენ, გყავს გამთამაშებელიც და ცენტრფორვარდი, რომელიც ბურთსაც დაიჭერს და ჩაწოდებებსაც "მიხედავს".

ამიტომაც გახდა 4-2-3-1 ყველაზე გავრცელებული და პოპულარული სქემა. სწორედ ამ ტაქტიკით შეასრულა მიუნხენის "ბაიერნმა" ჰეთთრიკი და იუპ ჰაინკესის ფორმაციის რეკორდმაისტერი ამ სქემისთვის იდეალური ფეხბურთელებით გახლდათ დაკომპლექტებული: საყრდენებად ბასტიან შვაინშტაიგერი და ხავი მარტინესი ბრწინავდნენ (თანაც, შვაინიმ პასი და დარტყმაც იცის), ფლანგებიდან კი ცეცხლს არიენ რობენი და ფრანკ რიბერი ანთებდნენ.

ამავე სქემით თამაშობს დორტმუნდის "ბორუსიაც". იურგენ კლოპის გუნდმა ბუნდესლიგა ზედიზედ ორჯერ სწორედ 4-2-3-1-ით მოიგო.

პეპის 4-1-4-1
ეს ტაქტიკა ფაქტობრივად 4-2-3-1-ის განვითარების მომდევნო ეტაპია და საინტერესოა, რას მოუტანს "ბაიერნს". ფაქტია, რომ ცენტრალური შემტევი ნახევარმცველების დუეტიდან ერთ-ერთს მაინც მოუწევს საყრდენისთვის მიხმარება და ეს ალბათ ტიაგო ალკანტარა უნდა იყოს.

ზოგადად, შემტევი ნახევარმცველების ოთხეულის წარმომადგენლები ბევრს იმოძრავებენ, სწრაფი და მოკლე პასებით შეეცდებიან მეტოქის უკანა ხაზის გარღვევას და ბურთის ფლობის დროს შეტევაში საყრდენ ნახევარმცველსაც ხშირად ჩართავენ. გვარდიოლას იდეა ისიცაა, რომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელმა ხშირად უკან უნდა დაიხიოს და შეტევების ორგანიზებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. რიცხვობრივი უპირატესობა იქ, სადაც ბურთია, ბურთი კი უმეტესად გვარდიოლას გუნდს უნდა ჰქონდეს - ასეთია პეპის საფეხბურთო ფილოსოფია.

4-1-4-1-ის მთავარი პლუსი ის არის, რომ ორი 4-კაციანი ხაზი გუნდის თამაშს სწორხაზოვან სტრუქტურას ანიჭებს, რაც ფეხბურთელების კოლექტიურ გადაადგილებას აადვილებს. 2008 წელს ესპანეთმა სწორედ ამ სქემით მოიგო ევროპის ჩემპიონატი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
10 რამ, რაც ხოსეპ გვარდიოლამ "ბაიერნში" უკვე შეცვალა
მკითხველის კომენტარები / 2 /
Good job :)
Pinturiccio
15:58 05-08-2013
0
ეეეჰ, ეხლა ამას ხალხი არც ამოწმებს, არც თამაშებს უყურებენ, არც ინტერესდებიან, ეგრევე იღებენ და მერე იმეორებენ. არადა, რამდენი შეცდომაა!
და როცა ყველაფერზე თქვეს, პეპის ბარსელონაზე არ უნდა ყოფილიყო არაფერი?
4-1-2-3 ყველაზე შემტევი განლაგება (და არა სქემა! სქემა განლაგებაშიც კი შეიძლება იყოს სხვადასხვა და ნიუანსებს გულისხმობას).
dudu
12:43 05-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული