საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: ფინალი - ჩელსი VS რეალი! [VIDEO]

AutoSharing Option
"ჩელსიმ" მილანური გრანდები სამი დღის ინტერვალით ერთნაირი ანგარიშებით დაამარცხა და საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა, სადაც "რეალს" დაუპირისპირდება.

ჟოზე მოურინიო "ნერაძურის" შემდეგ კიდევ ერთ ყოფილ კლუბს შეხვდება. რას შეიძლება ნიშნავდეს პორტუგალიელისთვის პრინციპულ მეტოქესთან დაჯახება, თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. არანაკლებ დამაინტრიგებელია კარლო ანჩელოტისა და "ჩელსის" შებმაც. იტალიელმა ხომ "სტემფორდ ბრიჯზე" 2009/11 სეზონები გაატარა და გუნდს 2010-ში ინგლისის ჩემპიონობა მოაპოვებინა.

გადამწყვეტი მატჩი ზეგ მაიამის 80-ათასიან "სან ლაიფ სტედიუმზე" გაიმართება.
"ინტერისგან" განსხვავებით "მილანმა" ლონდონელებთან ბევრად უფრო შინაარსიანად ითამაშა, თუმცა სხვაობა გუნდების დონეებს შორის მაინც
თვალში საცემი იყო. იტალიელები ფონს გასვლას ინდივიდუალურად ცდილობდნენ, რადგან გუნდური მოქმედებებისთვის სამოქმედო არეალი ჰქონდათ გადაკეტილი.

ინგლისელები კი სწორედ ამ მხრივ ბრწყინავდნენ. მოურინიოს შეგირდებს გოლები ერთი მეორეზე ეფექტური გამოუვიდათ. ედენ აზარმა კონტრიერიშზე წაიღო ბურთი, საჯარიმოსთან მიახლოებულმა სამი მეტოქის გარემოცვაში მარტოდ დარჩენილი კევინ დე ბრუინი მონახა, ვინც კრისტიან აბიატი ერთი შეხებით დაიჭირა მოძრაობაზე და საწინააღმდეგო კუთხეში დაურტყა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე კი ვიქტორ მოზესმა მცველებისგან მიტოვებული ანდრეა შიურლე დაინახა. გერმანელმა მოასწრო რეაგირება და აკრობატული მოძრაობით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მატჩის შემდგომ
ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "როგორც ველოდით ზუსტად ისეთი რთული შეხვედრა გამოვიდა. ჩვენ ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელების წინააღმდეგ მოგვიხდა თამაში, ისეთების როგორებიც არიან მონტოლივო, მუნტარი და ბოატენგი. მასიმო ალეგრის ხელმძღვანელობით "მილანი" ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს თამაშობს, განსაკუთრებით დაცვაში. მატჩმა ჩვენი რამდენიმე სუსტი წერტილი გამოავლინა.

"რეალთან" კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას მივიღებთ. იმედია, ეს ტურნირი პრემიერლიგის სტარტისთვის უკეთ მომზადებაში დაგვეხმარება. მოსამზადებელ ეტაპზე ხუთიდან ხუთი თამაში მოვიგეთ, თუმცა, გავიმეორებ, ამხანაგურებში ქულებს არავინ არიგებს.

წლების წინ "ჩელსიში" კარიერის პიკში მყოფი შემადგენლობა მყავდა. ისინი მზად იყვნენ დიდი გამარჯვებებისთვის. მაშინ მხოლოდ აწმყოზე ვფიქრობდით და არა მომავალზე. ახლა სულ სხვა სიტუაციაა. მარკ შვარცერის წლოვანებას თუ გამოვაკლებთ, გუნდის საშუალო ასაკი ძალიან მცირეა. ამ გუნდს ყოველ წელს შეუძლია პროგრესისკენ თითო ნაბიჯის გადადგმა.

"ჩელსი" მხოლოდ გამარჯვებებზე ფიქრობს. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ მე უფრო მეტს ვფიქრობ სამომავლო პერსპექტივაზე და არამხოლოდ მიმდინარე პრობლემებზე. წინ "რეალთან" მატჩია. ამ თამაშს დიდი ხანია ველოდი, რადგან მადრიდელთა ამერიკულ ტურნეში მონაწილეობა ჩემს დროს შეთანხმდა"
.

მასიმილიანო ალეგრი (მილანი): "ჩელსის" პირველ ტაიმში მთელი რიგი მომენტების შექმნის შანსი მივეცით, მაგრამ ჩემი ფეხბურთელების თამაშით საერთო ჯამში უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. ჩვენ ძალიან ძლიერ გუნდთან კარგად ვითამაშეთ. კარგი გამოცდა გამოგვივიდა. ვფიქრობ,

რომ წინა შეხვედრებთან შედარებით ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგით წინ. ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით აშკარად წინ მივიწევთ, ისევე როგორც რიგ სათამაშო კომპონენტებში"
.

მილანი-ჩელსი 0:2
გოლები: 0:1 დე ბრუინი (29), 0:2 შიურლე (90+2)
მილანი (3-5-2): აბიატი - საპატა (69. პოლი), სილვესტრე, ანტონინი (46. ძაკარდო) - კ.პ. ბოატენგი (79. კ. ბოატენგი), მუნტარი, მონტოლივო (57. ნოჩერინო), დე იონგი (77. პასიფიკო), ემანუელსონი (69. კონსტანტი) - ბალოტელი (46. პეტანია), ელ შაარავი (56. ნიანგი)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი (46. შვარცერი) - ასპილიკუეტა (46. ტერი), კეჰილი, ივანოვიჩი, ბერტრანი (46. კოული) - ესიენი (46. რამირესი), ვან გინკელი (65. მიკელი), დე ბრუინი (46. მოზესი), ოსკარი (46. მატა), აზარი (65. შიურლე) - ბა (46. ტორესი - 85. ლუკაკუ)

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ინტერის" დაცემა
ნამდვილად ვერ გეტყვით, თუ რა გახდა "ინტერის" ასეთი საშინელი ასპარეზობის მიზეზი. ფაქტია ერთია: "ნერაძურიმ" ოთხივე გოლი ფეხბურთელთა წარმოუდგენლად უხეში შეცდომების შემდეგ გაუშვა. პირველი ორი ბურთი შორიდან გავიდა.

სად იყვნენ ამ დროს ცენტრალური ნახევარმცველები, უბრალოდ, აუხსნელია. შემდეგ უშუალოდ უკანახაზელები ჩავარდნენ. მეკარემ და მცველმა ერთმანეთს ვერაფერი გაუგეს და ჟონასმა ცარიელ კარებში შეაგორა. ბოლოს მილანელებმა მეტოქეს ორჯერ ახლო მანძილიდან წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაარტყმევინეს. მარკო კასტელაციმ ერთხელ კი მოიგერია, მაგრამ მეორედ ამის შანსი უკვე აღარ ჰქონია.

მატჩის შემდეგ
ვალტერ მაცარი (ინტერი): "ალბათ შეამჩნიეთ, რომ "ვალენსია" ბევრად უფრო ცოცხლად თამაშობდა. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ესპანელებმა ბოლოს 27 ივლისს ითამაშეს, ჩვენ კი სულ რაღაც 3 დღის წინ. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, ეს მხოლოდ მომავალია.

წაგებით შეიძლება ყველასთან წააგო, მაგრამ "ინტერს", ჩემი აზრით, უფრო ღირსეული ანგარიშით მართებდა მატჩის დასრულება. თუნდაც პირველი გოლის შემდეგ გაიხსენეთ, როცა მართლა კარგად ვთამაშობდით და რამდენჯერმე გვქონდა გატანის შანსი. სამაგიეროდ ამაზრზენი იყო პირველი 10 წუთი.

მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ფეხბურთელებს ფეხებზე სიმძიმეები ეკიდათ. ეს ალბათ ჩემი ბრალია, რადგან ბოლო დღეებში ინტენსიური ვარჯიშები გვქონდა. "იუვენტუსთან" ყველაფერს გავაკეთებთ მოგებისთვის. დღევანდელ გაკვეთილს კი აუცილებლად გავითვალისწინებთ.

"ინტერი" ვალდებულია, ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბოს. საბოლოო ანგარიშის მიუხედავად მაინც ვხედავ გარკვეულ პროგრესს იმასთან შედარებით, რაც სეზონის დასაწყისში იყო. "ნაპოლისგან" განსხვავებით ახლა ისეთ გუნდს ვხელმძღვანელობ, სადაც თამაშის მოდელი ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელია"
.

ვალენსია-ინტერი 4:0
გოლები: 1:0 ბანეგა (7), 2:0 ვიერა (33), 3:0 ჟონასი (55), 4:0 ვიერა (88)
ვალენსია: ალვეში - ჟ. პერეირა, რამი, კოშტა, ბერნატი - ფეგული, ბანეგა, ფუეგო, მიკელი, ვიერა - ალკასერი (46. ჟონასი)
ინტერი: ჰანდანოვიჩი (79. კასტელაცი) - ჟეზუსი, ანდრეოლი, კივუ (49. რანოკია) - გუარინი (65. ოლსენი), კუზმანოვიჩი, კამბიასო (65. ჯონათანი), ა. პერეირა (47. ალვარესი), ნაგამოტო (76. მბაიე) - ბელფოდილი, პალასიო (65. იკარდი)

დარჩენილი მატჩები

8 აგვისტო
მე-7 ადგილისთვის
ინტერი-იუვენტუსი

მე-5 ადგილისთვის
ვალენსია-ევერტონი

მე-3 ადგილისთვის
გალაქსი-მილანი

ფინალი
რეალი-ჩელსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მადრიდის "რეალი" ფინალშია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული