ამხანაგური მატჩები. გამოხმაურება: მოთელვა მსოფლიოს ჩემპიონატამდე [VIDEO]

AutoSharing Option
საოცნებო დებიუტი ინგლისის ნაკრებში 31 წლის ასაკში
როდესაც ლაპარაკია ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებებზე, პირველი, რაც გულშემატკივარს შეიძლება გაახსენდეს, არის ის, რომ ფეხბურთის ისტორიაში პირველი თამაში ეროვნულ გუნდებს შორის სწორედ ამ ორ ქვეყანას შორის შედგა შორეულ 1872 წელს და ნულოვანი ფრით დასრულდა.

პრინციპული მეტოქეები 14 აგვისტოს 111-ედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ სტატისტიკა ინგლისელების უპირატესობაზე მეტყველებს - 46 მოგება, 41 ფრე და 24 მარცხი.

როი ჰოჯსონის გუნდმა სკოტებთან 14-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა და ლოგიკური გამარჯვება მოიპოვა.

"სამი ლომის"
ძირითადში გამოჩნდა უეინ რუნი, ვისაც, დევიდ მოიესის მტკიცების მიუხედავად, ტრავმირებულისა არაფერი ეტყობოდა. "იუნაიტედის" თავდამსხმელმა პირველ ტაიმში შეძლო კიდეც გატანა, თუმცა გერმანელმა არბიტრმა ფელიქს ბრიხმა ერთ-ერთ ინგლისელზე პასიური თამაშგარე დააფიქსირა და უეინს გარჯა წყალში ჩაუყარა.

არადა, ეფექტური მომენტი კი იყო. როგორც ყოველთვის, არადამაჯერებლად გამოიყურებოდა ინგლისის უკანა ხაზი. პირველ გოლზე ერთბაშად ოთხმა ინგლისელმა ვერ შეძლო ჯეიმს მორისონის დაბლოკვა. სამაგიეროდ, მათ იმდენი მოახერხეს, რომ ჯო ჰარტს ეპიზოდი გამოეპარა და ნახტომი დაუგვიანდა, ბურთი მასვე მოხვდა და გავიდა.

შემდეგ კი გარი კეჰილმა იკადრა უკადრებელი, კარისკენ ზურგით მდგომ კენი მილერს შემოტრიალება და დარტყმა დაანება. ჰარტი ამჯერადაც უმწეო იყო, რამე ეღონა.

მატჩში გადამწყვეტი დებიუტანტი რიკი ლამბერტის გამოსვლა გამოდგა, რომელმაც უეინ რუნი შეცვალა. სწორედ ლამბერტმა გაიტანა შოტლანდიელთა კარში გადამწყვეტი გოლი. 31 წლის ლამბერტმა ბეინესის კუთხური თავით გოლად აქცია.

მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ჰოჯსონმა ბრძანა:

"დაცვაში ჩვენი პრობლემები აშკარაა და ის როგორმე უნდა გადავჭრათ. შოტლანდიელებმა ჩვენი სუსტი წერტილები ნათლად დაგვანახვეს, ასე რომ, მეტოქე ზუსტად აგვირჩევია. ის, რომ ორჯერ მოვახერხეთ ჩამორჩენის აღმოფხვრა, გამარჯვებას კიდევ უფრო მეტ ფასს სძენს. ფეხბურთელები ბევრს და გაუმართლებლად რისკავდნენ, თუმცა ამის წყალობით მეტოქის კართან იმაზე მეტი მომენტი შევქმენით, ვიდრე წინა შეხვედრებში.

კონკრეტულ ფეხბურთელებზე კი იმას ვიტყვი, რომ რუნი უკვე საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. ცალკე თემაა ლამბერტი. მოედანზე მისი გასვლის წინ გარი ნევილი მარწმუნებდა, რომ ის აუცილებლად გაიტანდა. ბედნიერი ვარ, რომ მისი წინათგრძნობა გამართლდა. რიკი სხვებისგან შეკრების პირველი დღიდანვე გამოირჩეოდა ენთუზიაზმით. ისეთ ბავშვს ჰგავდა, რომელსაც ახალი სათამაშო უყიდეს. ჩვენ გვჯერა მისი".

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



ლიოვი სიმშვიდეს კარგავს
გერმანიამ უკანასკნელ სამ ამხანაგურ შეხვედრაში (ეკვადორი 4:2, აშშ 3:4, პარაგვაი 3:3) ცხრა გოლი გაუშვა. ამის შემდეგ ალბათ ზედმეტია იმის მტკიცება, რომ ბუნდესგუნდს კრიზისი აქვს და რომ მომავალ წელს ასეთი ხარისხის ფეხბურთი მას მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური ფავორიტის სახელისთვის ეყოფა.

წარმატებისთვის იოახიმ ლიოვმა და მისმა შეგირდებმა რადიკალურად უნდა გამოასწორონ ვითარება. დარჩა თუ არა საკმარისი დრო ამისთვის ბუნდესმწვრთნელს, მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს.

ლიოვზე ამბობენ, რომ ის იოგას მასწავლებელივით მშვიდი და გაწონასწორებულია. პარაგვაისთან შეხვედრის შემდეგ მას ეტყობა, უკვე ნერვებმაც უღალატა. აი, რა თქვა მან:

"ასეთ თამაშში გუნდის შეფასება ძალიან რთულია. პირველ ტაიმში რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დავუშვით, თუმცა მეორეში უკვე არა გვიშავდა. უკანა ხაზის ფეხბურთელების თამაშში ნერვიული ფონი აშკარა იყო, რისი წყალობითაც მეტოქეს ჩვენს საჯარიმოში დიდი სივრცე გამოუთავისუფლდა. შეცდომების გამოსწორების დრო ჯერ კიდევ გვაქვს. შესარჩევ მატჩში ავსტრიასთან ამის უფლებას საკუთარ თავს უკვე ვეღარ მივცემთ. სექტემბრის დასაწყისში ფეხბურთელები უკეთეს ფორმაშიც იქნებიან".

კომენტარი გააკეთა კაპიტანმა ფილიპ ლამმაც. 30 წლის ფეხბურთელმა უკანა ხაზის კოშმარული თამაში მოსამზადებელ ეტაპზე არასაკმარის დროს დააბრალა, თუმცა იქვე დაამატა, რომ ნერვიულობის საბაბს, უბრალოდ, ვერ ხედავს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კატასტროფა ალპებში
ივნისში ბრაზილიის ნაკრებმა კონფედერაციის თასზე იდეალური ფეხბურთი ითამაშა და დამსახურებულად იმარჯვა ტურნირში. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ფინალი ესპანეთის წინააღმდეგ (3:0), სადაც პენტაკამპეონებმა მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონებს პირველივე ტაიმში წაართვეს წარმატებაზე ფიქრის უფლება.

ორი თვის თავზე ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდმა ბაზელში "სენტ იაკობს პარკზე" ითამაშა და დამარცხდა, რადგან აშკარად იღბალმა უღალატა. მასპინძლები ძირითადად შორეული დარტყმების იმედად იყვნენ, თუმცა კი გოლი კონტრშეტევაზე გაიტანეს. უფრო სწორად, დანი ალვეშს გაატანინეს.

"ბარსას" მარჯვენა მცველმა ბოტაფოგოელ ჟეფერსონს ბლერიმ ჯემაილის ჩაწოდების შემდეგ აუღებელი თავური დაურტყა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ლუიშ ფელიპე სკოლარიმ თამაშის შედეგს სამართლიანი უწოდა:

"ჩემი ფეხბურთელები დამძიმებული ფეხებით თამაშობდნენ. მათ ჩემპიონატი ჯერ არ დაუწყიათ და ბუნებრივია, რომ კონფედერაციის თასზე ნაჩვენებს დღეს ვერ გავიმეორებდით. შედეგი ლოგიკურია, რადგან შვეიცარიელები უკეთესად იყვნენ ფიზიკურად მომზადებულები. ვინმეს ჩვენს პოტენციალში თუ ეჭვი ეპარება, მისი საქმეა. ამავეს ლაპარაკობდნენ თებერვალში, როცა ინგლისთან წავაგეთ (1:2), თუმცა მერე ჩვენ კონფედერაციის თასი მოვიგეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014 და ამხანაგური მატჩები: ირლანდიური ხაფანგი მაესტროსთვის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
მსოფლიო-სსსსსს ჩემპიონატი არ არის ის, ოროსნებო. ისწავლეთ ქართული. world's championship ჰქვია ინგლისურად ან championship of the world? ეძახიამ მარტივად world championship ან world cup.
odala
11:13 16-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული