კვირა ციფრებში: რეკორდებით დაწყებული სეზონი

AutoSharing Option
ლიონელ მესი, კევინ ფილიპსი, ემანუელ რივიერი და გონსალო იგუაინი - ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ ფეხბურელებმა მიიპყრეს...

350 - გოლი კარიერაში. კვირას, ლიონელ მესიმ ლა ლიგის პირველ ტურში ითამაშა, "ბარსელონა"-"ლევანტეს" შეხვედრაში 2 ბურთი გაიტანა და ამ მართლაც საოცარ რიცხვს 26 წლის ასაკში მიაღწია. არგენტინელმა კლუბში და ნაკრებში სულ 462 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე ასევე 139 საგოლე გადაცემაა, 2013 წელს კი მესიმ ლა ლიგაში 25 მატჩი გამართა და 27 გოლი გაიტანა.

"ბარსელონამ" "ლევანტეს" 7:0 მოუგო და ახალი
საკლუბო რეკორდი დაამყარა - 7-ბურთიანი სხვაობით, ჩემპიონატის პირველ ტურში კატალონიელებს არასდროს ემარჯვათ. აქამდე, ყველაზე დიდი სხვაობა 1950/51 წლების სეზონის სტარტზე დაფიქსირდა, როდესაც "ბარსამ" "სოსიედადი" 8:2 დაამარცხა. ლა ლიგის ყველა დროის რეკორდის მფლობელი კი "სევილიაა", რომელმაც 1940 წელს თავად "ბარსელონას" 11:1 მოუგო, მომდევნო სეზონის პირველ ტურში კი "ოვიედო" გაანადგურა - 10:0.

24 - დღე იყო გასული კევინ ფილიპსის 40 წლის იუბილედან, როდესაც "კრისტალ პალასის" ფეხბურთელი პრემიერლიგის ისტორიაში მესამე ყველაზე ასაკოვანი მინდვრის მოთამაშე გახდა. მასზე წინ მხოლოდ ტედი შერინგემი (40 წლის და 272 დღის) და გორდონ სტრაჩანი (40 წლის და 83 დღის) არიან, თუმცა ფილიპსს ამ სეზონში ორივეს გადასწრების შანსი აქვს.

ფილიპსის და "კრისტალ პალასის" დაბრუნება იღბლიანი არ აღმოჩნდა - ლონდონელებმა, რომლებიც პრემიერლიგის წინა 4-ვე სეზონში დაქვეითდნენ, დერბში "ტოტენჰემთან" 0:1 წააგეს, რაც ნიშნავს იმას, რომ გაგრძელდა მათი წარუმატებელი სერია, რომლის მიხედვითაც "პალასი" აგვისტოში საშინაო შეხვედრას ვერ იგებს. პრემიერლიგაში, აგვისტოს თვეში, "კრისტალ პალასმა" მე-10 საშინაო მატჩი ჩაატარა და გუნდს ჯერ არ მოუგია.

უკეთეს ხასიათზე არიან "მანჩესტერ იუნაიტედში", სადაც ორმა ფეხბურთელმა, პირველ ტურში ორი ან მეტი გოლის გატანა 1958 წლის შემდეგ პირველად მოახერხა. 55 წლის წინ, ბობი ჩარლტონმა ჰეთთრიქი შეასრულა, ალექს დუოსონმა კი დუბლი გაიფორმა.

"სუონსისთან" გამართული მატჩის გმირები რობინ ვან პერსი და დენი უელბეკი გახდნენ. ამ უკანასკნელმა, მთელი წინა სეზონის მონაგარზე ორჯერ მეტი გოლი პირველივე შეხვედრაში გაიტანა.

21 - გოლი 32 შეხვედრაში. ამ შთამბეჭდავი შედეგის ავტორი გონსალო იგუაინია, რომელიც არგენტინის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირებში მეშვიდე ადგილზე გადავიდა, მას შემდეგ, რაც იტალიასთან ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა. "ნაპოლის" ფორვარდმა მარიო კემპესს (20 გოლი) გაუსწრო და ძალიან მიუახლოვდა დანიელ პასარელასა (23) და ლუის არტიმეს (24). პირველ სამეულს "პიპიტა" ჯერ კიდევ საკმაოდ ჩამორჩება. მეორე-მესამე ადგილებს ერნან კრესპო და ლიონელ მესი ინაწილებენ (35 გოლი), პირველზე კი ლეგენდარული გაბრიელ ბატისტუაა, რომელმაც "ალბისელესტეს" რიგებში 56 გოლი გაიტანა.

ასევე, ოთხშაბათს კვლავ შედგა ყველაზე ძველი სანაკრებო დაპირისპირება. გლაზგოში გამართული პირველი მატჩიდან 51 500 დღის გასვლის შემდეგ, ინგლისი და შოტლანდია ერთმანეთს "უემბლიზე" შეხვდნენ და დაძაბულ მატჩში ინგლისმა 3:2 მოიგო. ბოლო 46 წელიწადში პირველად მოხდა, რომ ორივე გუნდმა ორი ან მეტი გოლი გაიტანა - 1967 წელს, ანალოგიური ანგარიშით შოტლანდიამ იმარჯვა.

3 - გოლი 4 წუთსა და 41 წამში - ამ საოცარი მონაკვეთის გამო, "იუვენტუსმა" იტალიის სუპერთასის მატჩში "ლაციო" გაანადგურა (4:0) და ტიტულს დაეუფლა. სუპერთასზე ამაზე დიდი სხვაობა არასდროს დაფიქსირებულა, 4 ბურთით კი მხოლოდ "ნაპოლიმ" მოიგო, როდესაც 1990 წელს "იუვენტუსი" გაანადგურა - 5:1.

ტურინელებმა ეს ტიტული მეექვსედ მოიპოვეს და ამ მხრივ აქამდელ რეკორდსმენ "მილანს" გაუთანაბრდნენ. ანგარიში პოლ პოგბამ გახსნა, ვინც თამაში სათადარიგოთა სკამზე კი დაიწყო, მაგრამ გოლის გატანა მინდორზე შემოსვლიდან 2 წუთსა და 35 წამში შეძლო.
4:0 მოიგო "ინტერმაც". ვალტერ მაცარის გუნდმა იტალიის თასზე "ჩიტადელა" გაანადგურა და ბოლო 20 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა.

1 - გოლი ყოველ 26 წუთში - ემანუელ რივიერი შესანიშნავ ფორმაშია. "მონაკოს" ფორვარდი ლიგა 1-ის პირველ ტურში ცვლილებაზე გამოვიდა და "ბორდოს" კარი დალაშქრა, მეორე ტურის შეხვედრა კი ძირითადში დაიწყო და "მონპელიესთან" კარიერაში პირველი ჰეთთრიქი შეასრულა.

რივიერმა ამ სეზონში კარისკენ სულ 4-ჯერ დაარტყა და ყველა დარტყმით გოლი გაიტანა. "მონაკოს" უკანასკნელი ფეხბურთელი, ვინც ლიგა 1-ის შეხვედრაში სამი ბურთი გაიტანა, ხავიერ ჩევანტონი იყო - ურუგვაელმა ეს 2005 წელს მოახერხა.

ზეიმის საბაბი იყო რივიერის ყოფილ კლუბ "სენტ ეტიენშიც", რომელმაც პირველი ორი მატჩი ისე მოიგო, რომ კარი მშრალად შეინახა. ასეთი რამ კი "მწვანეებს" 1973 წლის შემდეგ არ ჰქონდათ გაკეთებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული