არსენ ვენგერის დანაპირები: მესუთ იოზილი "მეთოფეა"

AutoSharing Option
2 სექტემბერს, შუაღამისას, ამოიწურა ზაფხულის სატრანსფერო სეზონი, რომელიც აგვისტოს ბოლოს, შაბათ-კვირის დამთხვევის გამო, 2 დღით შემოდგომისკენ გადმოიწია.

როგორც ხდება ხოლმე, "დედლაინზე" რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელდა.

არსენ ვენგერი "არსენალის" გულშემატკივრებს ბოლოსკენ ხმაურიან ტრანსფერ(ებ)ს ჰპირდებოდა, მაგრამ "მეთოფეთა" ფანებს უკვე იმედი გადაეწურათ, როცა მათმა საყვარელმა კლუბმა სატრანსფერო რეკორდი დაამყარა - ინგლისური პრესის მტკიცებით, 42,5 მილიონ ფუნტ სტერლინგად მადრიდის "რეალიდან" გერმანელი მესუთ იოზილი შეიძინა. აქამდე არასოდეს "არსენალს" ფეხბურთელში ამხელა თანხა არ გადაუხდია.

2 სექტემბერს იოზილმა მიუნხენში (სადაც ეროვნული ნაკრების შეკრებაზეა) გაიარა სამედიცინო შემოწმება. როგორც
ჩანს, გარეთ ბეილის სარეკორდო ტრანსფერის შემდეგ "რეალში" იოზილისა და კაკას ("მილანში" დაბრუნდა) ადგილი აღარ დარჩა.

"დეილი მეილის" ექსკლუზიური ინფორმაციით, გერმანელმა 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იოზილი კვირაში 140 ათას ფუნტს მიიღებს.

გვიან ღამემდე 24 წლის იოზილის ტრანსფერი "არსენალს" ოფიციალურ ვებსაიტზე დადასტურებული არ ჰქონდა, თუმცა ემილიანო ვივიანოს ტრანსფერზე ოფიციალურად ეწერა - იტალიელი გოლკიპერი "პალერმოდან" ითხოვა არსენ ვენგერის გუნდმა და ამით მეკარის პრობლემაც ნაწილობრივ გადაჭრა.

***
ბოლო დღეს აქტიური იყო "ლივერპული", რომელმაც 3 ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის მთავარი შენაძენი კი მამადუ სახოა "პარი სენ-ჟერმენიდან" - 23 წლის მცველში "მერსისაიდელებმა" 18 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

***
მოკლედ გაგაცნობთ "დედლაინზე" განხორციელებულ რამდენიმე ტრანსფერს: მორგან ამალფიტანო (28 წლის) "მარსელიდან" "ვესტ ბრომვიჩში" იჯარით გადავიდა; პრემიერლიგის გზას დაადგა მარკო არნაუტოვიჩიც (24), რომელიც "ვერდერიდან" "სტოკ სიტიში" აღმოჩნდა; სტივენ აირლენდი (27) "ასტონ ვილამ" "სტოკ სიტის" ათხოვა.

24 წლის ჩეხი ფორვარდი ლიბორ კოზაკი 7 მილიონ ფუნტად "ლაციოდან" "ასტონ ვილაში" გადაბარგდა. 32 წლის პეტერ ოდემვინგიე "ვესტ ბრომვიჩიდან" უელსურ "კარდიფ სიტიში" 2,2 მილიონ ფუნტად გადავიდა.

"ხეტაფემ" ალვარო ვასკესი (22) "სუონსის" ათხოვა. ის უელსელთა შეტევის ხაზში ვილფრიდ ბონისა და მიგელ მიჩუს შეუამხანაგდება. "ჰალ სიტიმ" 5 მილიონ ფუნტად იყიდა შეინ ლონგი "ვესტ ბრომვიჩიდან".

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჟოზუა გილავოგიმ თბილისში ჩამოსვლამდე კლუბი შეიცვალა - "სენტ ეტიენიდან" მადრიდის "ატლეტიკოში" გადაბარგდა. 22 წლის საყრდენი მადრიდელებს დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდათ.

***
ამასობაში ვერშემდგარ ტრანსფერებზეც ვთქვათ - "არსენალს" არ გამოუვიდა დემბა ბას შეძენა, "მანჩესტერ იუნაიტედს" - ბასკი ანდერ ერერას ყიდვა.

მარუან ფელაინიმ "ევერტონის" ბაზაზე ნამდვილი დებოში მოაწყო - მან მწვრთნელს განუცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა სურს.

გვიან ღამემდე შეუძლებელი იყო იმის დასკვნა, შედგა თუ არა ეს ტრანსფერი, რადგან ბრიტანული წყაროები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდიდნენ.

"ჩელსიმ" იჯარით გაშვებაზე უარი უთხრა ფერნანდო ტორესს. ყიდვით კი, ესპანელში 50 მილიონი ფუნტის გადახდა არავის მოუნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული