ტრანსფერების ისტორია, სტატისტიკა: 100 ფუნტიდან 100 მილიონ ევრომდე

AutoSharing Option
2 სექტემბერს, ზაფხულის სატრანსფერო სეზონის ბოლო დღეს, გარეთ ბეილმა თავისი ხელმოწერა დააფიქსირა მადრიდის "რეალის" 6-წლიან კონტრაქტზე.

თანხა ოფიციალურად არ გახმაურებულა და არც გახმაურდება, თუმცა ევროპელ ჟურნალისტთა უმეტესობა ასახელებს 100 მილიონ ევროს. სამნიშნა რიცხვი მილიონებში პირველად გადაიხადეს ფეხბურთელის სანაცვლოდ, ეს კი ახალი ერის დასაწყისია...

არის რეკორდი თუ არ არის
ბრიტანული წყაროების უმეტესობა (BBC, "სქაი სპორტსი", "დეილი მეილი" და სხვა) შეთანხმდა - "რეალმა" "ტოტენჰემს" გარეთ ბეილში, არც მეტი, არც ნაკლები, 100 მილიონი ევრო გადაუხადა და ამით თავისივე რეკორდი (2009 წელს კრიშტიანო რონალდო
"მანჩესტერ იუნაიტედისგან" 94 მილიონად იყიდა) დაამხო. აი, ესპანეთში კი აზრთა სხვადასხვაობაა - განსხვავებული აზრით ("მარკა"), 24 წლის უელსელში 91 მილიონია გადახდილი. შესაბამისად, რეკორდი არ დამყარებულა.

ესპანეთში ხუმრობენ, რეკორდს კრიშტიანო რონალდოს უმალავენ, არ დაიბოღმოსო. სხვათა შორის, სერიოზული ვერსიაც რონალდოს რეკორდთან არის დაკავშირებული - ფლორენტინო პერესის მისია სწორედ ის ყოფილა, "ტოტენჰემი" როგორმე 94 მილიონ ევროზე ნაკლებზე დაეთანხმებინა.

თუმცა ევროპელ ჟურნალისტთა უმეტესობის აზრს ვენდოთ და მსოფლიოს რეკორდი "ვაღიაროთ".

Sportall.Ge

"სამეფო კლუბის" საუკუნე
რონალდოს რეკორდმა 4 წელიწადი გაძლო. მანამდეც "რეალის" იყო მსოფლიოს რეკორდი - 8 წლის განმავლობაში მსოფლიოს უძვირფასეს შენაძენად ზინედინ ზიდანი იყო მიჩნეული. შემდეგ კი "სამეფო კლუბში" რონალდო მივიდა. მოკლედ, 21-ე საუკუნეში "სამეფო კლუბი" არავის უთმობს მსოფლიოს რეკორდებს.

აი, წინა საუკუნეებში კი...

პირველი ტრანსფერები, პირველი რეკორდები
მართლაც საინტერესოა, როგორ დაიწყო სატრანსფერო ამბები ფეხბურთში. სპორტის ამ სახეობის სამშობლო ინგლისია და ტრანსფერიც, ბუნებრივია, იქ "დაიბადა".

1885 წლამდე ფეხბურთი სამოყვარულო იყო და ვისაც სად უნდოდა, იქ თამაშობდა, შეეძლო 1-2 თამაში სხვა კლუბშიც გაემართა. მოკლედ, ამ მხრივ სრული ქაოსი იყო. შემდეგ კი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა მოთამაშეთა რეგისტრაციის შემოღება. კლუბს სეზონისთვის უნდა დაერეგისტრირებინა ფეხბურთელი, რომელიც იმ სეზონში სხვაგან ვერ ითამაშებდა, მაგრამ სეზონის შემდეგ მას თავისუფლად შეეძლო წასვლა.

სატრანსფერო სისტემა დაახლოებით 1912 წელს ჩამოყალიბდა, რათა შედარებით ღარიბი კლუბები დაეცვათ მდიდრების შემოტევებისგან. ეს სისტემა ძირეულად მხოლოდ "ბოსმანის საქმის" შემდეგ შეიცვალა.

პირველი ფეხბურთელი, ვის ტრანსფერზეც უტყუარი ცნობები მოგვეპოვება, შოტლანდიელი ვილი გრუვსი იყო. გრუვსი პირველი ფეხბურთელია, რომელშიც 100 ფუნტზე ოდნავ მეტი გადაიხადეს. ეს ტრანსფერი "ასტონ ვილამ" 1893 წელს განახორციელა. დიახ, იყო დრო, როცა მსოფლიოს რეკორდი სულ რაღაც 100 ფუნტი იყო.

ფუნტებში (მაშინ ევრო არ არსებობდა) პირველი ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერმაც მილიონს გადააბიჯა, იყო იტალიელი ჯუზეპე სავოლდი, რომელშიც "ნაპოლიმ" 1,2 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ეს იყო 1975 წელს. სავოლდიმ იოჰან კრუიფის რეკორდი მოხსნა ("აიაქსიდან" "ბარსელონაში" 922 ათასი ფუნტი).

Sportall.Ge

2013 წლის ციებ-ცხელება

წლეულს მხოლოდ მსოფლიოს რეკორდი არ დამყარებულა, სატრანსფერო ბაზარზე აშკარა გამოცოცხლება იგრძნობოდა, დაახლოებით ისეთი, როგორც 2009 წელს. ოთხი წლის პაუზის შემდეგ საფეხბურთო სამყაროში დიდი ცვლილებების დრო დადგა და ამას მალე დავინახავთ ახალი საფეხბურთო სეზონის მიმდინარეობისას.

ფეხბურთის ისტორიაში ტოპ-10 ტრანსფერების სიაში 4 წლევანდელ სატრანსფერო სეზონზე მოდის (ბეილი, კავანი, ფალკაო, ნეიმარი).

იცით თუ არა, რომ...
* ყველაზე ძვირი აფრიკელ ფეხბურთელში 2004 წელს გადაიხადეს, როცა "მარსელმა" "ჩელსის" დიდიე დროგბა 36 მილიონ ევროდ მიჰყიდა. კოტდივუარელის ტრანსფერი მხოლოდ 46-ე ადგილზეა.

* რიო ფერდინანდის შემდეგ ყველაზე ძვირად ინგლისელ ფეხბურთელებში, ბედის ირონიით, ენდი კეროლი იყიდეს, რომლის მოშორებაც შემდგომ "ლივერპულს" ძალიან გაუჭირდა. ინგლისელთა სიაში მხოლოდ მე-3 ადგილზეა დევიდ ბექჰემი, რომელიც "რეალში" 37,5 მილიონ ევროდ გადავიდა.

* ყოფილი საბჭოეთის ყველაზე ძვირი ტრანსფერი უკრაინელი ანდრეი შევჩენკოს ტრანსფერია "მილანიდან" "ჩელსიში".

* ყველაზე მეტი მწვრთნელის ტრანსფერში "ჩელსიმ" გადაიხადა - 2011 წელს ანდრე ვილაშ-ბოაშისთვის ლონდონურმა კლუბმა "პორტუს" 15 მილიონი ევრო გადაურიცხა. შემდეგ მოდიან ჟოზე მოურინიო (რეალში) და ფაბიო კაპელო (რეალში).

* ზინედინ ზიდანი 8 წლის განმავლობაში იყო მსოფლიოს რეკორდსმენი, სანამ მას ჯერ კაკამ, რამდენიმე დღეში კი კრიშტიანო რონალდომ არ აჯობა.

* ყველაზე დიდხანს რეკორდული არგენტინელი ბერნაბე ფერეირას ტრანსფერი იყო "ტიგრედან" "რივერ პლეიტში". 1932 წელს მასში დაახლოებით 23 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს. ფერეირას რეკორდი მოიხსნა მხოლოდ 1949 წელს, როცა ინგლისელი ჯონი მორისი "დერბი ქაუნთიმ" 24 ათას ფუნტად იყიდა.

* კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი ზლატან იბრაჰიმოვიჩში გადაიხადეს. შემდეგ მოდის რადამელ ფალკაო, გარეთ ბეილი, კრიშტიანო რონალდო და ნიკოლა ანელკა.

* კოლუმბიელი რადამელ ფალკაო ტოპ-30-ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც სიაში 2-ჯერ მოხვდა. 2011 წელს ის "ატლეტიკომ" 47 მილიონად იყიდა და 2013-ში 60 მილიონად გაყიდა. ჯამში ფალკაო 4-ჯერ გაიყიდა და მის სანაცვლოდ 111 მილიონი ევრო გადაიხადეს. შედარებისთვის, კრიშტიანო რონალდოში ჯამში 109 მილიონია გადახდილი.

* ყველაზე სარფიანად, რა თქმა უნდა, "ტოტენჰემმა" გაყიდა - გარეთ ბეილი ლონდონურ კლუბს დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდა. გარდა იმისა, რომ უელსელმა 6 სეზონი შეალია "ტოტენჰემს", ის ათმაგ ფასშიც გაიყიდა და 90 მილიონი ევრო სუფთა მოგება დატოვა.

Sportall.Ge

ფეხბურთელი	საიდან	სად	თანხა	წელი
1. გარეთ ბეილი ტოტენჰემი რეალი 100 2013
2. კრიშტიანო რონალდო მანჩესტერი რეალი 94 2009
3. ზინედინ ზიდანი იუვენტუსი რეალი 75 2001
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი ინტერი ბარსელონა 69 2009
5. კაკა მილანი რეალი 68 2009
6. ედინსონ კავანი ნაპოლი პსჟ 64 2013
7. ლუიშ ფიგო ბარსელონა რეალი 62 2000
8. რადამელ ფალკაო ატლეტიკო მონაკო 60 2013
9. ფერნანდო ტორესი ლივერპული ჩელსი 58 2011
10. ნეიმარი სანტოსი ბარსელონა 57 2013
11. ერნან კრესპო პარმა ლაციო 56,5 2000
12. კარლოს ტევესი მან. იუნ. მან. სიტი 53 2009
13. მესუთ იოზილი რეალი არსენალი 50 2013
14. გაისკა მენდიეტა ვალენსია ლაციო 48 2001
15. რადამელ ფალკაო პორტუ ატლეტიკო 47 2011
16. ჰალკი პორტუ ზენიტი 45 2012
17. ჯეიმს როდრიგესი პორტუ მონაკო 45 2013
18. კრისტიან ვიერი ლაციო ინტერი 45 1999
19. ჯანლუიჯი ბუფონი პარმა იუვენტუსი 45 2001
20. რონალდო ინტერი რეალი 45 2002
21. სერხიო აგუერო ატლეტიკო მან. სიტი 45 2011
22. რიო ფერდინანდი ლიდსი მან. იუნ. 44,8 2002
23. ლუკას მოურა სან პაულო პსჟ 44,3 2012
24. ანდრეი შევჩენკო მილანი ჩელსი 43,9 2006
25. ხუან ს. ვერონი ლაციო მან. იუნ. 42,6 2001
26. რობინიო რეალი მან. სიტი 42,5 2008
27. ტიაგო სილვა მილანი პსჟ 42 2012
28. პაველ ნედვედი ლაციო იუვენტუსი 41 2001
29. ენდი კეროლი ნიუკასლი ლივერპული 41 2011
30. მარკ ოვერმარსი არსენალი ბარსელონა 40,6 2000
...31. ფერნანდინიო შახტარი მან. სიტი 40 2013
...37. გონსალო იგუაინი რეალი ნაპოლი 39 2013
...38. ასიერ ილიარამენდი სოსიედადი რეალი 39 2013
...45. მარიო გიოტცე დორტმუნდი ბაიერნი 37 2013

შენიშვნა: 2013 წლის ტრანსფერებში მე-11-მე-15 ადგილებზე გავიდნენ: მარკინიოსი, მარუან ფელაინი, ისკო, ერიკ ლამელა, რობერტო სოლდადო (35-30 მილიონი ევრო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არის ახალი მსოფლიოს რეკორდი - გარეთ ბეილი მადრიდელია
მკითხველის კომენტარები / 4 /
გოგა ხანდახან?
dato
16:22 19-12-2013
0
ვაი ვაი რა გეშველებათ, ეს ცხრილი ცოტა კორექტულად რომ დაეწერათ არ შეგეძლოთ!? თუმცა აბა თქვენი ქართველობა როგორ უნდა დაგემტკიცებინათ.
hოპლაააააააააა
17:28 19-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული