"ფიფას ასიანთა კლუბი" და ლევან კობიაშვილი

AutoSharing Option
ევროპაში ეგრეთ წოდებული სანაკრებო პაუზა დადგა, რომლის განმავლობაშიც აქტუალური არა საკლუბო ბატალიები, არამედ სანაკრებო ბრძოლებია. ჩვენც სანაკრებო წიაღსვლები სტატისტიკური კუთხით განვახორციელეთ.

უზუსტობები

ფიფა უკვე ოფიციალურად აწარმოებს "ფიფას ასიანთა კლუბს", რომელშიც ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომელთაც 100 და მეტი ოფიციალური (მათ შორის, ფიფას ეგიდით გამართული ამხანაგური მატჩი) შეხვედრა აქვთ გამართული ეროვნულ გუნდებში.

უნდა ვთქვათ, რომ ძნელად თუ ნახავთ ამაზე დაუზუსტებელ სიას. ფიფამ აპრილის შემდეგ "ასიანთა კლუბი" ივლისის ბოლოს განაახლა, რომელშიც ცვლილებების დიდი ნაწილი სწორედ დაზუსტებების წყალობით შევიდა, თვით მოწინავე ათეულშიც კი!

პრობლემას
ხშირად არაევროპული ქვეყნების, განსაკუთრებით კი, არაბული სამყაროს (საუდის არაბეთი, ეგვიპტე და სხვა) მოუწესრიგებელი სტატისტიკა ქმნის.

დღეისათვის "ფიფას ასიანთა კლუბში" 250-ზე მეტი ფეხბურთელია და მხოლოდ ერთია ქართველი - ლევან კობიაშვილი.

ყოჩაღი ჰასანი
ყველა დროის ყველაზე მეტი კეპი (თამაში ეროვნულ ნაკრებში) ეგვიპტელ ნახევარმცველ აჰმედ ჰასან კამელს აქვს მოხვეჭილი. ვერ დავიწყებთ მტკიცებას, რომ ჰასანს ვერასოდეს დაეწევიან, მაგრამ ეს ძალიან ძნელი იქნება. დღეს 38 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 184 მატჩია ეროვნულ ნაკრებში!

აფრიკული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, "ზამალეკის" ფეხბურთელმა ეროვნულ ნაკრებში 17 წელიწადი გაატარა. მის ანგარიშზე 33 სანაკრებო გოლია. ბოლოს აჰმედ ჰასანმა ეროვნული გუნდის მაისურა შარშან მოირგო, თუმცა მას ჯერ არ გამოუცხადებია კარიერის დასრულება. ასე რომ, არ გამორიცხოთ, რომ სარეკორდო 184-ს ეგვიპტელი კიდევ შემატებს კეპებს.

ჰასანს ეგვიპტური კლუბების გარდა, თურქულშიც უთამაშია (მათ შორის, "ბეშიქთაშშიც") და ბელგიის გრანდ "ანდერლეხტშიც".

აქვე ვიტყვით, რომ ვაჟთა შორის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი ახლოსაც ვერ მივა ქალთა ანალოგიური სიის ლიდერთან - ამერიკელი კრისტინ ლილის ანგარიშზე 352 მატჩია ეროვნულ ნაკრებში!

საუკეთესო ევროპელი და საქართველო
ზემოთ ცხრილის უზუსტობებზე ვთქვით და ერთ ნათელ მაგალითს მოვიყვანთ. "ასიანთა კლუბში" მეორე ადგილზეა 41 წლის გოლკიპერი მოჰამედ აბდულაზიზ ალ-დეაიეა, რომელსაც 178 კეპი აქვს მოპოვებული საუდის არაბეთის ნაკრებში.

დიდი ხნის განმავლობაში მას 181 სანაკრებო მატჩს უთვლიდნენ, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ 1990 წლის აზიის თამაშებზე 3 მატჩი უთამაშია მის მოსახელე და მოგვარე აბდულა ალ-დეაიეას.

ყველაზე მეტკეპიანი ევროპელი კი ლატვიელი ვიტალის ასტაფიევსია - 165 (ფიფა ანგოლასთან 2 ამხანაგურ მატჩს არ უთვლის, მეტისმეტად ბევრი შეცვლა გაკეთდაო). "აუსტრიის", "ბრისტოლ როვერსის", "სკონტოს" და "რუბინის" ყოფილი ნახევარმცველი ეროვნულ გუნდს ჩინეთთან მატჩში 2010 წელს დაემშვიდობა. ეს ამხანაგური შეხვედრა იყო, ასტაფიევსის ბოლო საშეჯიბრო კეპი კი ჩვენს ნაკრებთან მოდის - რიგაში 1:1 დასრულებულ შეხვედრაში.

სხვათა შორის, კარიერის განმავლობაში ასტაფიევსი 5-ჯერ დაუპირისპირდა საქართველოს ნაკრებს, ესეც საინტერესო დეტალია.

საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში "ასიანთა კლუბის" კიდევ ერთი წარმომადგენლის, ასევე ლატვიელი იურის ლაიზანსის გახსენება შეიძლება (108 მატჩი). ლაიზანსის სანაკრებო კარიერა 1998 წელს დაიწყო ჩვენს გუნდთან თამაშით და 2011 წელს დასრულდა ისევ საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებაში.

"ასიანთა კლუბში" მეტს არავის ჰქონია სანაკრებო დებიუტი საქართველოსთან და არც ჩვენთან დაუსრულებია საერთაშორისო კარიერა. ასე რომ, ლაიზანსი რაღაც კუთხით უნიკალური ფეხბურთელია.

იცით თუ არა, რომ...
* "ასიანთა კლუბში" ყველაზე მეტი წარმომადგენელი აშშ-ს ჰყავს - 13 ფეხბურთელი. 9-9 წარმომადგენელი ჰყავთ მექსიკას და შვედეთს. 8-8 - ეგვიპტეს, ესპანეთს, გერმანიას და სამხრეთ კორეას.

* სულ მალე კლუბს მე-14 ამერიკელი შეუერთდება - კლინტ დემპსი (99 კეპი).

* პირველი ფეხბურთელი, ვინც 100 კეპი მოიპოვა, იყო "ვულვერჰემპტონის" ბილი რაიტი. მან ინგლისის ნაკრებში მე-100 შეხვედრა 1959 წელს ითამაშა. საბოლოოდ მას 105 კეპი დაუგროვდა, რომელთაგანაც 90-ში ის კაპიტანი იყო!

* სერხიო რამოსს სულ რაღაც 8 წელიწადი და 141 დღე დასჭირდა ესპანეთის ნაკრებში 109 კეპის მოსახვეჭად.

* ჩრდილოირლანდიელი მეკარე პეტ ჯენინგსი (119) ყველაზე მეტხანს თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში "ასიანთა" კლუბის წევრთაგან - 22 წელიწადი და 58 დღე.

* "ასიანთა კლუბის" მოქმედ წევრთაგან ყველაზე დიდი ხანი ნაკრებში თამაშობენ მარკ შვარცერი (ავსტრალია) - 19 წელი და 307 დღე და მარიო ფრიკი (ლიხტენშტეინი) - 19 წელი და 292 დღე.

* ყველაზე ცნობილი ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან ახლოს გაჩერდნენ "ასიანთა კლუბთან" და მასში ვერ მოხვდნენ, არიან მიხაელ ბალაკი (გერმანია) და რონალდო (ბრაზილია) - 98-98 კეპი.

* "ასიანთა კლუბში" 65 ფეხბურთელია, რომელიც კიდევ აგრძელებს ეროვნულ გუნდებში თამაშს და მათი შედეგები ყოველთვიურად უმჯობესდება.

* ლევან კობიაშვილს "ასიანთა კლუბში" მოსახვედრად 15 წელი და 40 დღე დასჭირდა.

* 106 უზბეკური კეპი აქვს ტიმურ კაპაძეს, რომელიც ეგრეთ წოდებული თურქი მესხია.

Sportall.Ge

ტოპ-30 (მსოფლიო)
კეპი ფეხბურთელი ნაკრები წლები
184 აჰმედ ჰასანი ეგვიპტე 1996-2012
178 მოჰამედ ალ-დეაიეა ს. არაბეთი 1993-2006
177 კლაუდიო სუარესი მექსიკა 1992-2006
169 ჰოსამ ჰასანი ეგვიპტე 1985-2006
166 ივან ურტადო ეკვადორი 1992-2012
165 ვიტალის ასტაფიევსი ლატვია 1992-2000
164 კობი ჯონსი აშშ 1992-2004
161 ადნან ალ-ტალიანი საემიროები 1984-97
157 სამი ალ-ჯაბერი ს. არაბეთი 1992-2006
156 მარტინ რეიმი ესტონეთი 1992-2009

151 ლენდონ დონოვანი აშშ 2000-13
150 ლოთარ მათეუსი გერმანია 1980-2000
149 იკერ კასილიასი ესპანეთი 2000-13
148 ალი დაეი ირანი 1993-2006
145 პაველ პარდო მექსიკა 1996-2009
145 ხერარდო ტორადო მექსიკა 1999-2013
145 მოჰამედ ალ ხილაივი ს. არაბეთი 1990-2001
144 სალმან ისა ბაჰრეინი 2001-12
143 თომას რაველი შვედეთი 1981-97
142 მარკო კრისტალი ესტონეთი 1992-2005

142 ანდერს სვენსონი შვედეთი 1999-2013
142 კაფუ ბრაზილია 1990-2006
142 ლილიან ტურამი საფრანგეთი 1994-2008
141 ხავიერ ძანეტი არგენტინა 1994-2011
138 ესამ ელ ჰადარი ეგვიპტე 1996-2013
137 რიგობერტ სონგი კამერუნი 1993-2010
137 ამადეო გევარა ჰონდურასი 1994-2010
137 იარი ლიტმანენი ფინეთი 1989-2010
136 ჰონ მიუნ ბო ს. კორეა 1990-2002
136 ფაბიო კანავარო იტალია 1997-2010

ტოპ-10 (ევროპა)
კეპი ფეხბურთელი ნაკრები წლები
165 ვიტალის ასტაფიევსი ლატვია 1992-2000
156 მარტინ რეიმი ესტონეთი 1992-2009
150 ლოთარ მათეუსი გერმანია 1980-2000
149 იკერ კასილიასი ესპანეთი 2000-13
143 თომას რაველი შვედეთი 1981-97
142 მარკო კრისტალი ესტონეთი 1992-2005
142 ანდერს სვენსონი შვედეთი 1999-2013
142 ლილიან ტურამი საფრანგეთი 1994-2008
137 იარი ლიტმანენი ფინეთი 1989-2010
136 ფაბიო კანავარო იტალია 1997-2010

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: ყოჩაღ დევდარიანს! გორის "დილამ" გამაოცა!
სამაგალითო პროფესიონალი - რას წერენ გერმანიაში ლევან კობიაშვილზე
ფოტოფაქტი: კობ-ი-აშვილი
ლევან კობიაშვილი: გამოსათხოვარ მატჩს თავად გავმართავ!
მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს
ლევან კობიაშვილი: დიდი ხანია, ვფიქრობ, წავიდე თუ არა ნაკრებიდან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული