ევროპის ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი ახალ სეზონში

AutoSharing Option
სესკ ფაბრეგასი - ამ სახელისა და გვარის მალე დავიწყებას შეეცდებიან "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები.

რამდენჯერ არ სცადა მათმა საყვარელმა კლუბმა 26 წლის ესპანელის შეძენა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მას მერე, რაც ტიაგო ალკანტარა "ბაიერნში" გადაბარგდა, სესკის კატალონიიდან წასვლის ყოველგვარი შანსი მოისპო. სანაცვლოდ, ბოლო სატრანსფერო წუთებში "იუნაიტედმა" ბელგიელი მარუან ფელაინი შეიძინა. სეზონი დაიწყო და თუკი ალკანტარას "ალიანს არენაზე" ადაპტაცია გაუგრძელდა, სესკს პრობლემა არ ჰქონია "ბარსას" ახალ თავკაც ხერარდო მარტინოსთან და მის სქემებთან.

ფაბრეგასმა ლა ლიგის 3 ტურში 260 წუთი ითამაშა ჯერაც უძლეველი გრანდის
რიგებში, რომლის ნახევარდაცვაც ვარსკვლავებით არის გადაჭედილი. ტატა სესკს ენდო და მოიგო კიდევაც, "ბარსა" ძირითადად ფაბრეგასის კრეატიული თამაშის წყალობით იგებს.

მართალია, ლა ლიგას ლიონელ მესი უდგას ბომბარდირთა თავში 5 გოლით, მაგრამ სწორედ სესკის შედეგი - 4-შედეგიანი პასი არის არათუ ლა ლიგის, არამედ ტოპ-5 ევროპული ლიგის საუკეთესო შედეგი სანაკრებო პაუზისათვის.

3 შეხვედრაში სესკ ფაბრეგასმა თანაგუნდელებს 10 საგოლე შანსი შეუქმნა (4 გამოიყენეს). ეს უბრალო რიცხვი არ გეგონოთ - გასულ სეზონში ხუთივე ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი, რომელიც მაშინ "რეალის", ახლა კი "არსენალის" ნახევარმცველ მესუთ იოზილს ჰქონდა, 24 საგოლე შანსია. სესკმა თუ ასე გააგრძელა, იოზილის სეზონის შედეგს 7-8 ტურში დაამხობს!

აი, რატომ უნდოდა "იუნაიტედს" ასე ძლიერ ფაბრეგასის ყიდვა და რატომ არ გაყიდა ნახევარმცველი "ბარსამ" არაფრის დიდებით. "იუნაიტედს" პრემიერლიგის პირველ სამ ტურში სულ 2 საგოლე შანსი შეექმნა. გუნდმა წაიფორხილა "ჩელსისთან" (0:0) და წააგო "ლივერპულთან" (0:1). დარწმუნებულნი ვართ, ფაბრეგასთან ერთად ინგლისის ჩემპიონი სულ სხვანაირად დაიწყებდა ტიტულის დაცვას.

სესკ ფაბრეგასმა 3 ტურში 12 მნიშვნელოვანი პასი გააკეთა. გამოდის, რომ მისი ყოველი მესამე ასეთი პასისგან პარტნიორები ხეირობენ. "მარსელისა" და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის, მატიო ვალბუენას საუბედუროდ, მას ისეთი დონის პარტნიორები არ ჰყავს შეტევაში, როგორც სესკს, თორემ ფრანგს ესპანელზე მეტი მნიშვნელოვანი პასი აქვს გაკეთებული - 20 (მართალია, 4 თამაშში). "მარსელის" ფორვარდებმა აქედან მხოლოდ ერთი გოლი "გამოადნეს".

რა თქმა უნდა, 28 წლის ვალბუენა მთავარი იარაღი იქნება ლიგა 1-ის ტიტულისთვის ბრძოლაში, რომელშიც სამხრეთულ კლუბს პსჟ-სთან ერთად უკვე "მონაკოც" შეეცილება. "ოლიმპიკმა" გასულ სეზონში სულ რაღაც 42 გოლი გაიტანა. ასე რომ, ვალბუენას სიყოჩაღე მისმა პარტნიორმა ანდრე-პიერ ჟინიაკმა უნდა გამოიყენოს, თორემ ყველაფერი წყალში გადაიყრება.

მეტოქის ნახევარზე ზუსტი პასების რაოდენობით ფაბრეგასი (151) და ვალბუენა (145) იწონებენ თავს, თუმცა მათ "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველი ტიაგო მოტა სჯობნით - 168 ზუსტი პასი მეტოქის ნახევარზე, ანუ შეტევაში.

მას მერე, რაც მარკო ვერატიმ პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, 31 წლის იტალიელს პერიფერიულ როლს უწინასწარმეტყველებდნენ პსჟ-ში, მაგრამ იტალიელმა 4-დან 3 შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. რა თქმა უნდა, მოტა უფრო სიღრმიდან უტევს, ასე რომ, მის ანგარიშზე ერთი საგოლე პასიც არ არის.

სესკ ფაბრეგასის ანგარიშზე ამ სეზონში 6 პასია მეტოქე მცველის ზურგსუკან და ამ მაჩვენებლითაც ის საუკეთესოა ევროპაში. მოკლედ, სათაურში დასმული კითხვის პასუხი ასეთია - 2013/14 წლების ახლად დაწყებულ სეზონში ევროპის ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასია.

ტოპ-5-ის სტატისტიკა

გოლები

გოლი	ფეხბურთელი	კლუბი	ლიგა	თამაში
5 ლიონელ მესი ბარსელონა ლა ლიგა 2
5 ემანუელ რივიერი მონაკო ლიგა 1 4
5 ნიკოლაი მიულერი მაინცი ბუნდესლიგა 4
5 ვედად იბიშევიჩი შტუტგარტი ბუნდესლიგა 4
4 მარეკ ჰამშიკი ნაპოლი სერია A 2

საგოლე პასები

4	სესკ ფაბრეგასი	ბარსელონა	 ლა ლიგა	3
3 ჯონათან შმიდი ფრაიბურგი ბუნდესლიგა 4
3 რობერტო ფირმინო ჰოფენჰაიმი ბუნდესლიგა 4
3 შტეფან კისლინგი ლევერკუზენი ბუნდესლიგა 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სესკ ფაბრეგასი: "ბარსელონა" მხოლოდ ნეიმარი და მესი არაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული