სერიოზული დარტყმა საფეხბურთო კრიმინალს

AutoSharing Option
"ასოშიეიტედ პრესის" ცნობით, სინგაპურის პოლიციამ გარიგებული თამაშების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 15 ადამიანი დააკავა. მათ შორის 13 მამაკაცია და 2 ქალი.

რაც მთავარია, დაკავებულთა შორის არის ჯგუფის ორგანიზატორი, მავანი ტატ სენ ენი, ვისზეც იტალიასა და უნგრეთში აქამდე ძებნა იყო გამოცხადებული. სენ ენის გარდა, წინასწარი დაკავების იზოლატორში დარჩება 5 ადამიანი, 9 კი გირაოს სანაცვლოდ სასამართლომდე გათავისუფლდება.

პოლიციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, აღნიშნულ ჯგუფს ბრალად ედება 680 თამაშის ჩაწყობა, რომელთაგან 380 ევროპის 15 ქვეყანაშია გამართული. მათ შორის, ლაპარაკია იტალიის, გერმანიის, ავსტრიის, უნგრეთის, სერბეთის, მაკედონიის, ხორვატიის, ფინეთის,
საბერძნეთის, ბულგარეთის, სლოვენიის, სლოვაკეთისა და შვეიცარიის ჩემპიონატებზე, ასევე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრებზე.

BBC-ის მტკიცებით, გამოძიება ძირითადად 2008/11 წლებში ჩადენილ უკანონო ქმედებებზე მიმდინარეობს. ერთია საფეხბურთო თამაშებით მანიპულირება და მეორე ის, რომ ჯგუფის კრიმინალური დოსიე მხოლოდ საფეხბურთო "საქმიანობით" არ შემოიფარგლება.

გამოძიება მიმდინარე წლის თებერვალში ინტერპოლმა დაიწყო. სულ გამოვლენილია 425 ადამიანის სახელი და გვარი, ვინც ამა თუ იმ ფორმით იყო ჩართული ამ საქმეში. მათ შორის - ფეხბურთელები, მსაჯები და საფეხბურთო ჩინოვნიკები. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დაკავებულთა და სხვა ეჭვმიტანილთა არათუ ვინაობა, მოქალაქეობაც კი არ სახელდება.

რუსული წყაროები კი წერენ, რომ კრიმინალები აქტიურად თანამშრომლობდნენ მათი ქვეყნის შავ სამყაროსთანაც. ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა რონალდ ნოუბლმა კოლეგებს აქტიური თანამშრომლობისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.
საკითხავია, რამდენად შეეხება ეს სკანდალი ჩვენს ქვეყანას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული