ფაბიო კაპელო: მესუთ იოზილის გაყიდვით "რეალმა" დიდი შეცდომა დაუშვა!

AutoSharing Option
ფაბიო კაპელოს მოსაზრებები ყოველთვის საინტერესოა; მაშინაც კი, როცა ინტერვიუს გერმანულ გაზეთს აძლევს და შესაბამისად, ძირითადად გერმანულ ფეხბურთზე საუბრობს. თანაც, ახლა ყურადღების ცენტრში სწორედ გერმანული ფეხბურთი და ბუნდესლიგაა, რაც ჩემპიონთა ლიგის გერმანული ფინალის დამსახურებაა. თუმცა 67 წლის "დონ ფაბიომ", რომელიც რუსეთის ნაკრების თავკაცია, ზოგად საკითხებზეც ისაუბრა.

- როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს მიუნხენის "ბაიერნს" საიმისოდ, რომ გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ზედიზედ ორჯერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
- ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგება ისეთ ძლიერ გუნდსაც გაუჭირდება, როგორიც ამჟამინდელი "ბაიერნია". მიუნხენური კლუბი ძალიან
ძლიერია, მაგრამ ზაფხულში მწვრთნელი შეეცვალა და ფეხბურთელებს დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ პეპ გვარდიოლას სტილი გაითავისონ. ჯერ არ ვიცი, როდის მოახერხებს ამას "ბაიერნი" და იქნება თუ არა მზად საიმისოდ, რომ წინა სეზონის ტრიუმფი გაიმეოროს. პირადად მე, ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად წელს მადრიდის "რეალი" მიმაჩნია.

- იტალიელი ხართ და საინტერესოა, თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა რომელიმე იტალიურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მოგება?
- იტალიური კლუბებიდან ყველაზე ძლიერი "იუვენტუსია". შესაბამისად, ჩემი აზრით, თუკი რომელიმე იტალიურ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია, ეს, პირველ რიგში, "იუვენტუსზე" ითქმის.

- ათი წლის წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რამდენიმე წელიწადში გვარდიოლა მსოფლიო დონის სპეციალისტი გახდება, "ბარსელონასთან" ერთად ამდენ ტიტულს მოიგებს და მერე ბუნდესლიგაში მუშაობას დათანხმდებაო, დაუჯერებდით?
- ამას ვერასდროს დავიჯერებდი. მაშინ ელიტარული სპეციალისტები მხოლოდ ინგლისში, ესპანეთსა და იტალიაში მუშაობდნენ. გერმანული ფეხბურთი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და გერმანული კლუბები ყოველთვის უხერხულ მეტოქეებად მიმაჩნდა, მაგრამ ბუნდესლიგა დიდი მწვრთნელებისთვის არ იყო მიმზიდველი.

მაგრამ ბოლო წლებში გერმანულმა საკლუბო ფეხბურთმა უდიდესი პროგრესი განიცადა, რაც ჩემპიონთა ლიგაში გერმანული ფინალით დაგვირგვინდა და დღეს ბუნდესლიგა ერთ-ერთი საუკეთესოა. გვარდიოლას დანიშვნა "ბაიერნში" ბუნდესლიგასაც ძალიან წაადგება და თავად პეპსაც. ეს მისთვის დიდი გამოწვევაა. როცა მწვრთნელი ისეთ გუნდს ჩაიბარებს, რომელმაც ეს-ესაა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და სულაც ჰეთ თრიქი შეასრულა, ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგება. პეპისთვის ტიტულების შენარჩუნება ადვილი არ იქნება.

- გვარდიოლას მიუნხენში გადასვლა ბუნდესლიგაში გადასვლაზე მსოფლიო დონის ვარსკვლავებსაც დააფიქრებს?
- ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენს გადაიხდიან კლუბები. ფეხბურთში უფრო და უფრო მეტი ფული ტრიალებს და ტოპ-მოთამაშეები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხანმოკლე კარიერაში მაქსიმალურად ბევრი ფული იშოვონ. ცხადია, რომ დღესდღეობით ბუნდესლიგაში გადასვლაზე უარს არავინ იტყოდა, მაგრამ გერმანიაში არც ისე მაღალი ხელფასებია. საბოლოო ჯამში, მიმაჩნია, რომ პირველ და მეორე ადგილებზე მაინც ინგლისი და ესპანეთია, გერმანიას კი მესამე ადგილს მივაკუთვნებდი.

- ფრანკ რიბერი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას უმიზნებს. მის შანსებს როგორ შეაფასებდით?
- გაუჭირდება, რადგან ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოსაც კარგი სეზონი ჰქონდათ. აქამდე მესი იმარჯვებდა, რონალდო კი მეორე ადგილზე გადიოდა. ფაქტია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლაში უდიდესი კონკურენციაა. თუმცა რიბერიმ, მესისა და რონალდოსგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რაც რეალურ შანსს აძლევს.

- მესუთ იოზილი ბევრისთვის მოულოდნელად "რეალიდან" წავიდა და "არსენალში" ამოჰყო თავი. სხვათა შორის, იოზილსაც აქვს იმის პრეტენზია, რომ ახლო მომავალში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს...
- "არსენალმა" იოზილის სახით ხელში ძალიან მაგარი ფეხბურთელი ჩაიგდო. მესუთის დარი მოთამაშეები სანთლითაა საძებარი! მაგრამ ლონდონელებს მისი შეძენა ძალიან დიდი ფულიც დაუჯდათ. 50 მილიონი ევრო გადაიხადეს, არა? და რაღაც უნდა გითხრათ...

- გთხოვთ...
- არ მესმის, რატომ გაუშვა "რეალმა" მესუთი. ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა როგორ შეიძლება! მადრიდული გრანდის ბოსების მხრიდან ეს დიდი შეცდომა იყო.

- სამაგიეროდ, "რეალმა" გარეთ ბეილი შეიძინა, რომელშიც 100 მილიონი ევრო გადაიხადა. გულახდილად გვითხარით, ბეილი 100 მილიონი ღირს?
- "მანჩესტერ იუნაიტედი" სულაც 120 მილიონს იხდიდა. ღირს თუ არ ღირს, ფაქტია, რომ ამდენი გადაიხადეს და მეტსაც იხდიდნენ - ასეთია დღევანდელი საფეხბურთო ბაზარი. როცა ორ გრანდს ერთი ფეხბურთელი უნდა, ვაჭრობა მიდის და თანხა იზრდება: 70, 80, 90, 100, 120 მილიონი... ბეილს მადრიდში იოლი ცხოვრება არ ელის. დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტები და ნაცნობები ყოველთვის დაუსვამენ კითხვას, ღირხარ თუ არა 100 მილიონიო. იმიტომ, რომ ეს მართლაც ასტრონომიული თანხაა. პირადად მე წარმატებებს ვუსურვებ, რადგან როგორც ფეხბურთელი, ძალიან მომწონს და იმედი მაქვს, რომ "რეალისთვის" მართლაც ძვირფასი ფეხბურთელი იქნება.

- "ნაპოლისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" მატჩს უყურეთ?
- რა თქმა უნდა!

- რას ფიქრობთ დორტმუნდელთა თავკაც იურგენ კლოპის საქციელზე და თქვენ თუ აღელვებულხართ ასე?
- მწვრთნელი თამაშის დროს მუდმივად ემოციურია. ხანდახან ძალიან ძნელია, მიხვდე, რა ემართება მწვრთნელს მატჩის დროს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემი გუნდის თამაშის შემდეგ, ვიდეოანალიზისას საკუთარი თავი ვერ მიცვნია და მიკითხავს - "ფაბიო, ეს რა დაგემართა? რა დღეში იყავი?" (იცინის) შეცდომებს მწვრთნელებიც ვუშვებთ. კლოპს გაბრაზების საბაბი ჰქონდა, მაგრამ ძალიან გადაამეტა.

- "დორტმუნდის" შანსებს როგორ შეაფასებთ?
- "ბორუსიას" სტილი ძალიან მომწონს: ექსტრემალურად სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ და პრესინგს ძალიან მალე მიმართავენ ხოლმე. ჩემი აზრით, დორტმუნდის "ბორუსია" დღეს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს.

- ბოლო კითხვა: მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებით გერმანიას მოუგებთ?
- (იცინის) გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა, ჩვენ კი კიდევ ორი მნიშვნელოვანი თამაში დაგვრჩა. ჯერ მუნდიალის საგზური გავინაღდოთ და გერმანიის დამარცხებაზე მერე ვიფიქრებთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფაბიო კაპელო პსჟ-ში, რობერტო მანჩინი - რუსეთის ნაკრებში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული