კვირის ფრაზები: მარადონას ფავორიტი ბრაზილიაა

AutoSharing Option
გთავაზობთ წინა კვირის ყველაზე გამორჩეულ და საინტერესო ფრაზებს...

"ჩვენ გავყიდეთ ელვისი და ვიყიდეთ ბიტლზი" - ერიკ თორსტვედტი ყოფილი გუნდის, "ტოტენჰემის" მიერ გარეთ ბეილის გაყიდვასა და რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელის შეძენაზე.

***
"შეგვიძლია ვიკამათოთ, ვიმსახურებდი თუ არა დისკვალიფიკაციას. მაგალითად, ჩემი ცოლი გეტყვით, რომ ვიმსახურებდი. საერთოდ, როდესაც ვერ ვიღებ იმას, რაც მეკუთვნის, ცუდი ადამიანი ვხდები ხოლმე. ყველაზე სამწუხარო ჩემ მიერ ნათქვამი ფრაზების გაზეთებში წაკითხვა იყო.

დიახ, მე ეგ ყველაფერი ვთქვი და ეს არც ისე კარგი საქციელი იყო. როდესაც ცუდ სიტყვებს ვამბობდი, დედაჩემი ცდილობდა,
რომ ჩემთვის ჭკუა ესწავლებინა და პირს საპნით მბანდა, თუმცა ამ საქციელის აზრს მაინც ვერ ვხვდებოდი, რადგან შემეძლო საპნის მთელი ყუთი მეჭამა, მაგრამ მაინც გინებაზე გინება მიმეყოლებინა. შემიძლია ვთქვა, რომ გადავაჭარბე და ზედმეტი მომივიდა. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო - სასწავლი კიდევ ბევრი მაქვს. ყოველთვის მსურდა, რომ ბიორნ ბორგის მსგავსი ტემპერამენტი მქონოდა.

როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, ის ჩემი გმირი იყო. მე კი უფრო მაკინროის ვგავდი - არა მონაცემებით, არამედ ტემპერამენტით" -
იან ჰოლოვეი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ.

***
"თამაშამდე სამი საათით ადრე გუნდის ყველა ფეხბურთელი ერთად იყო და ჭამდა. ამ დროს მესი წამოდგა და ხმამაღლა თქვა, რომ "კოკა-კოლა" სურდა, რაზეც გვარდიოლამ უპასუხა, რომ თამაშამდე სამი საათით ადრე ფეხბურთელმა "კოკა-კოლა" არ უნდა დალიოს. მესი წამოდგა და გავიდა, რამდენიმე წუთში კი "კოკა-კოლას" ქილით დაბრუნდა და პირდაპირ გვარდიოლას და მთელი გუნდის თვალწინ დალია. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც მესის მსგავსი ფეხბურთელი მწვრთნელს უპირისპირდება? ეს იყო ომი, რომელსაც გვარდიოლა ვერასდროს მოიგებდა"
- ჰანს ბაკე.

***
"ძიუდოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ ოთხშაბათის შემდეგ სპორტის ამ სახეობას კარგად ვიცნობ. პეპემ კინაღამ ხელი მომტეხა," - "ელჩეს" ფეხბურთელი კარლოს სანჩესი, "რეალთან" მისი გუნდის კარში დანიშნული უსამართლო პენალტის შემდეგ.

***
"ნოიერი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა ისტორიაში" - პეპ გვარდიოლა.

***
"მუნდიალის მოგების მთავარი ფავორიტი ბრაზილიაა. მათ კონფედერაციათა თასზე დაამტკიცეს: როდესაც ბრაზილიელი ფეხბურთელები კონცენტრირებულნი და შემართულნი არიან, მათი დამარცხება შეუძლებელია. ნეიმარი საოცარი ფეხბურთელია - ის მოედანზე იმას აკეთებს, რაც მოესურვება" - დიეგო მარადონა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირის ფრაზები: რადამელ ფალკაო არასდროს დამსიზმრებია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული