უეფა ერთა ლიგის შექმნაზე ფიქრობს

AutoSharing Option
ინგლისური "გარდიანის" ცნობით, უეფა ახალი ტურნირის პროექტს განიხილავს, რომელმაც ამხანაგური მატჩები უნდა შეცვალოს. ამ ნაბიჯით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სანაკრებო მატჩების მიმართ გულშემატკივართა ინტერესს გაზრდის და ყველა საერთაშორისო შეხვედრას სატურნირო დატვირთვას მისცემს.

ეს იდეა ნორვეგიულმა გაზეთმა Dagbladet-მა წამოაყენა. პროექტის მიხედვით, უეფას წევრი 54 ქვეყანა 9 დივიზიონში გადანაწილდება, სადაც აღზევების და დაქვეითების სისტემა იმოქმედებს. პირველი დივიზიონის გამარჯვებული ევროპის ერთა ლიგის ჩემპიონი გახდება და საკმაოდ მსუყე თანხასაც მიიღებს, ბოლო ადგილზე გასული კი მეორე დივიზიონში დაქვეითდება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ერთა ლიგის
პირველი გათამაშება 2018 წელს უნდა დაიწყოს.

უეფამ ამ იდეის შესახებ, ერთი თვის წინ, ხორვატიაში გამართული აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე იმსჯელა. ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ინგვე ჰალენმა, რომელიც კომიტეტის წევრიც არის, "გარდიანს" შემდეგ რამ უთხრა: "ამ მოდელზე მართლაც ვიმსჯელეთ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ამ ტურნირს შესარჩევი ეტაპი არ ექნება - მასში მონაწილეობის უფლება უეფას წევრ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, ფორმატი საკმაოდ მარტივი და ყველასთვის გასაგები უნდა იყოს".

შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლ-ერიკ ნილსონმა ამ იდეას მხარი დაუჭირა: "ამხანაგური მატჩები დიდ ინტერესს არ იწვევს. ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება 2020 წლისთვის ამ ტურნირის და შესარჩევი ეტაპის მატჩების შეთავსება. ზოგადად, ეს არ არის ცუდი იდეა, მაგრამ საკვალიფიკაციო მატჩები პრიორიტეტულია და ამ თუ რომელიმე სხვა ფორმატის ტურნირით, მუნდიალის თუ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს საფრთხე ნამდვილად არ დაემუქრება".

საინტერესოა, რომელ დივიზიონში და ვისთან ერთად მოხვდებოდა საქართველოს ნაკრები, ევროპის ერთა ლიგა დღეს რომ იწყებოდეს. თუ გუნდები დივიზიონებში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდებიან, მაშინ ასეთ სურათს მივიღებთ:

I დივიზიონი: ესპანეთი, გერმანია, ჰოლანდია, იტალია, ინგლისი, პორტუგალია
II დივიზიონი: რუსეთი, საბერძნეთი, ხორვატია, შვედეთი, საფრანგეთი, ბოსნია
III დივიზიონი: უკრაინა, დანია, შვეიცარია, ბელგია, უნგრეთი, ჩეხეთი
IV დივიზიონი: ირლანდია, სერბეთი, ნორვეგია, სლოვაკეთი, თურქეთი, ისრაელი
V დივიზიონი: სლოვენია, ავსტრია, რუმინეთი, ჩერნოგორია, პოლონეთი, ფინეთი
VI დივიზიონი: შოტლანდია, სომხეთი, ბულგარეთი, ლატვია, ესტონეთი, ბელორუსი
VII დივიზიონი: უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია, ალბანეთი, ისლანდია, ლიტვა, მაკედონია
VIII დივიზიონი: საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ლუქსემბურგი, კვიპროსი, ყაზახეთი
IX დივიზიონი: ლიხტენშტაინი, ფარერები, მალტა, ანდორა, სან მარინო, გიბრალტარი

ისე, ამ გადანაწილებით, საკმაოდ კარგად და მკაფიოდ ჩანს, თუ რა მდგომარეობაშია დღესდღეობით საქართველოს ნაკრები და ზოგადად, ქართული ფეხბურთი...

არსებობს მოსაზრება, რომ ნაკრებები დივიზიონებში არა რეიტინგის მიხედვით, არამედ გეოგრაფიული პრინციპით უნდა გადანაწილდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ძლიერი და უფრო სუსტი დივიზიონი არ იარსებებს, შესაბამისად, სატურნირო მოტივაციაც დიდი არ იქნება.

გარდა ამისა, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ იდეის განხორციელდება საკმაოდ რთული იქნება, რადგან მსგავსი ტურნირის შექმნის შემდეგ, წამყვან ევროპულ გუნდებს სამხრეთ ამერიკულ გრანდებთან ამხანაგურად გაჯიბრების შანსი აღარ ექნებათ, ასეთ თამაშებზე კი უარის თქმა, როგორც ევროპელებს, ასევე სამხრეთ ამერიკელებს ძალიან გაუჭირდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უეფა სანაკრებო ამხანაგურ მატჩებს ერთა ლიგით ცვლის - სად იქნება საქართველო
მკითხველის კომენტარები / 3 /
მეცხრედან დავიწყოთ აჯობებს...წინსვლა გვექნება!:)
murtalo
15:37 12-10-2013
0
საკადრისი ადგილი მოგვიჩინეს!!!!
guja_kakhadze
22:22 12-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული