1222 - წუთიანი მშრალი სერია დაასრულა საფრანგეთის ნაკრებში ქარიმ ბენზემამ, როდესაც პარასკევს ავსტრალიის ნაკრების კარი აიღო. 25 წლის ფორვარდს "სამფეროვანთა" რიგებში 2012 წლის ივნისის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი - მაშინ ფრანგებმა ესტონეთს ამხანაგურ შეხვედრაში 4:0 მოუგეს, ბენზემამ კი დუბლი შეასრულა.
"სოკერუზთან" შეხვედრაში "რეალის" თავდამსხმელი ცვლილებაზე გამოვიდა და თავის გამოჩენა ხუთ წუთში მოასწრო, ავსტრალიამ კი ზედიზედ მეორედ წააგო -
რამდენიმე დღის შემდეგ საფრანგეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ფინეთს 3:0 მოუგო და ბენზემამ ამ შეხვედრაშიც გაიტანა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფორვარდმა ნაკრებში ნათამაშებ ბოლო 48 წუთში თავი ზუსტად იმდენჯერ გამოიჩინა, რამდენჯერაც წინა 1 698 წუთში.
100 - თამაში გერმანიის ნაკრების რიგებში - ბასტიან შვაინშტაიგერმა საიუბილეო მატჩი შვედეთთან ითამაშა, რის შედეგადაც, გერმანიის ნაკრები გახდა სულ მეორე გუნდი, ვისი ღირსებაც 100-ზე მეტ შეხვედრაში მინიმუმ 10 ფეხბურთელს დაუცავს. რეკორდსმენი აშშ-ია, რომელსაც ასეთი 14 მოთამაშე ჰყოლია.
გერმანიამ შვედეთს 5:3 მოუგო, არადა, თავიდან 0:2-ს აგებდა. ალემანებმა ასეთი ჩამორჩენის შემდეგ გამარჯვების მოპოვება ბოლო 37 წლის განმავლობაში პირველად შეძლეს. სულ იოახიმ ლიოვის გუნდმა ამ შესარჩევ ეტაპზე ყველაზე მეტი, 36 გოლი გაიტანა. ბუნდესგუნდს ყველა დროის რეკორდამდე, რომელიც რუმინეთმა 1998 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამყარა, ერთი გოლი დააკლდა.
41 - გოლი ჰოლანდიის ნაკრების მაისურით - რობინ ვან პერსიმ უნგრეთთან (8:1) ჰეთ თრიქი შეასრულა, პატრიკ კლუივერტს გადაასწრო და ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა ჰოლანდიის რიგებში ჩატარებულ პირველ 41 შეხვედრაში მხოლოდ 14 გოლი გაიტანა (საშუალოდ 0,34). სამაგიეროდ, უკანასკნელ 22 მატჩში ვან პერსიმ თავი 18-ჯერ გამოიჩინა (0,82). მისი საშუალო შედეგი (0,51 გოლი შეხვედრაში) აშკარად ჩამორჩება ბეპ ბაკჰუისის შედეგს (1,22), რომელმაც 1928-37 წლებში, 23 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა.
"არსენალის" და "ფეიენოორდის" ყოფილმა შემტევმა შესარჩევ ეტაზე სულ 11 გოლი გაიტანა, ედინ ჯეკოს ერთი ბურთით აჯობა და საუკეთესო ბომბარდირობაც თითქმის გაინაღდა, რადგან პლეი ოფში მონაწილე გუნდების საუკეთესო სნაიპერები ელდერ პოშტიგა (პორტუგალია) და ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი) არიან, რომელთა ანგარიშზეც 6 გოლია.
ვან პერსი არ იყო ერთადერთი როტერდამელი, რომელმაც უნგრეთთან შთამბეჭდავად ითამაშა - "პსვ ეინდჰოვენის" ცენტრალურმა მცველმა ჯეფრი ბრუმამ 60 პასი გააკეთა და ყველა მისმა გადაცემამ ადრესატამდე მიაღწია!
5 - ბურთიანი სხვაობით დაამარცხა განამ ეგვიპტე და მუნდიალის ფინალური ეტაპისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. ამ ორი გუნდის ურთიერთშეხვედრებში მსგავსი ანგარიში (6:1) აქამდე არ დაფიქსირებულა. ყველაზე დიდი სხვაობით განელებმა "ფარაონებს" იანვარში, აბუ დაბიში მოუგეს - 3:0, ეგვიპტელებს კი მეტოქე ორბურთიანი სხვაობით 5-ჯერ ჰყავთ დამარცხებული.
განა და კოტ დივუარი, რომელმაც პირველ შეხვედრაში სენეგალს 3:1 მოუგო, ზედიზედ მესამე მუნდიალზე მოხვედრასთან ახლოს არიან. მსგავსი შედეგი აფრიკაში მხოლოდ სამ ნაკრებს - კამერუნს, ნიგერიას და ტუნისს ჰქონია.
0 - არის იმ მუნდიალთა რაოდენობა, რომელიც ჩატარებულა ახალი გუნდის გარეშე. ბრაზილიაში დებიუტანტი იქნება ბოსნიის ნაკრები, რომელმაც მთელი შესარჩევი ეტაპი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. საფეტ სუშიჩის შეგირდებმა ჯგუფში პირველი ადგილი ბოლო ტურში, ლიტვის დამარცხების შემდეგ გაინაღეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე ვედად იბიშევიჩმა გაიტანა.
ბოსნია იქნება მეხუთე ნაკრები ყოფილი იუგოსლავიის 6 ქვეყნიდან, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. დანარჩენი ოთხი არიან: ხორვატია, სერბეთი, ჩერნოგორია და სლოვენია. ჩერნოგორიას მუნდიალზე დამოუკიდებლად არ უთამაშია, მაგრამ 1998 და 2006 წლების ფინალურ ეტაპზე სერბეთის და ჩერნოგორიის გაერთიანებული ნაკრები ასპარეზობდა.
არის კიდევ ოთხი ნაკრები, რომელიც საკუთარ ისტორიაში პირველ მუნდიალზე მოხვედრას ცდილობს. ეთიოპიის შანსები საკმაოდ მცირეა, რადგან ამ გუნდმა საკუთარ მოედანზე ნიგერიასთან 1:2 წააგო. ბურკინა ფასომ კი შინ ალჟირს 3:2 მოუგო და ამ მცირე უპირატესობის შენარჩუნებას საპასუხო შეხვედრაში ეცდება. იორდანია პლეი ოფში ურუგვაის დაუპირისპირდება, ისლანდიის მეტოქე კი კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა. თუ ფინალურ ეტაზე მოხვდა, ისლანდია გახდება ყველაზე პატარა ქვეყანა, რომელსაც ოდესმე უთამაშია მსოფლიოს ჩემპიონატზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: ტიტული, ჰეთ თრიქი და თინეიჯერი