კვირა ციფრებში: სწრაფი გოლი და სწრაფი გაძევება

AutoSharing Option
კვირის დღევანდელ მიმოხილვაში, საინტერესო ევროპული ამბების გარდა, ჩრდილოეთ ამერიკასაც გადავწვდებით და ტიმ კეჰილის გოლზეც ვისაუბრებთ...

100 - გოლი პრემიერლიგაში - სტივენ ჯერარდი ისტორიაში მეოთხე ნახევარმცველია ფრენკ ლემპარდის, რაიან გიგზის და პოლ სქოულზის შემდეგ, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია. 33 წლის ფეხბურთელმა "ნიუკასლთან" (2:2) პენალტი გამოიყენა და საიუბილეო გოლი თავის 449-ე შეხვედრაში გაიტანა. "სტივი ჯის" გარდა, "ლივერპულის" მაისურით პრემიერლიგაში 100 გოლი მხოლოდ რობი ფაულერს და მაიკლ ოუენს გაუტანიათ.

თავისი სადებიუტო ბურთი ჯერარდმა 14 წლის წინ, "შეფილდ უენსდეისთან" შეხვედრაში გაიტანა. ასევე, აღსანიშნავია, რომ
"ლივერპულის" კაპიტანმა ზედიზედ მე-20 11-მეტრიანი გამოიყენა.

"ნიუკასლთან" თავი დანიელ სტარიჯმაც გამოიჩინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინგლისის ნაკრების ფორვარდს ბოლო 6 საგარეო შეხვედრაში აქვს გატანილი. ამაზე უკეთესი შედეგით მხოლოდ რობინ ვან პერსის შეუძლია იამაყოს - ჰოლანდიელმა თავის გამოჩენა სტუმრად ჩატარებულ ზედიზედ 9 შეხვედრაში მოახერხა.

64 - შეხვედრის განმავლობაში მინიმუმ ერთი გოლი გაჰქონდა "ბარსელონას", რაც ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი გახლავთ. კატალონიელთათვის სამწუხაროდ, ეს სერია, რომელიც სათავეს 2012 წლის იანვრიდან იღებდა, შაბათს, "ოსასუნასთან" შეხვედრაში შეწყდა - 0:0. აქვე გეტყვით, რომ წინა რეკორდი მადრიდის "რეალს" ეკუთვნოდა, რომელიც 35 შედეგიანი მატჩისგან შედგებოდა.

ასევე, "ბარსამ" ვერ გაიმეორა "სამეფო კლუბის" კიდევ ერთი რეკორდი და სეზონის სტარტზე ზედიზედ 8 მოგებაზე შეჩერდა, თუმცა ხერარდო მარტინოს შეგირდებს ამ სეზონში 14 მატჩია არ წაუგიათ და აქედან 8-ჯერ გუნდმა კარი მშრალად შეინახა. პამპლონური მატჩის შემდეგ ვიქტორ ვალდესი იკერ კასილიასს დაეწია და ახლა ორივე მეკარეს ლა ლიგაში 165 მშრალი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

8 - წამი იყო გასული მატჩის დაწყებიდან, როდესაც ტიმ კეჰილმა MLS-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. ავსტრალიელმა მთელი სამი წამით გააუმჯობესა დუეინ დე როსარიოს მიღწევა (2003 წლის) და საკუთარი სახელი ამერიკის საფეხბურთო ლიგის ისტორიაში ჩაწერა. ავსტრალიელის გოლმა, რომელიც მისთვის ბოლო 5 შეხვედრაში მე-4 იყო, "ნიუ იორკ რედ ბულსის" მიერ "ჰიუსტონ დინამოს" განადურებას (3:0) ჩაუყარა საფუძველი. ბოლო ტურში "რედ ბულსი" "ჩიკაგო ფაიერს" მასპინძლობს და თუ იმარჯვა, რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება.

2 - ყვითელი ბარათი მიიღო 20 წამის ინტერვალში "პორტუს" ნახევარმცველმა ექტორ ერერამ და "ზენიტთან" გამართული მატჩის უკვე მე-6 წუთზე მოედანი დატოვა. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, პირველ 6 წუთში ორი ყვითელი ბარათი არავის მიუღია, თუმცა უფრო სწრაფი გაძევებებიც ყოფილა. შეხვედრის მეხუთე წუთზე პირდაპირ წითელი ბარათი "ნიუკასლის" ფორვარდმა კრეიგ ბელამიმ და "ვერდერის" მცველმა ვალერიან ისმაელმა მიიღეს - ორივემ მილანის "ინტერის" წინააღმდეგ.

"პორტუს" მექსიკელი ნახევარმცველის გაგდების შემდეგ გაუჭირდა და ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეორე საშინაო მარცხი განიცადა, ასეთი რამ კი პორტუგალიის ჩემპიონს უკანასკნელად 11 წლის წინ დაემართა.

ასევე საკუთარ მოედანზე დამარცხდა "შალკე", რომელსაც შინ 0:3 აქამდე არასდროს წაეგო. "ჩელსის" ამ გამარჯვებით დასრულდა ჟოზე მოურინიოს ძალიან უიღბლო, 6-მატჩიანი სერია, რომლის დროსაც პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდები გერმანიაში მარცხდებოდნენ.

ბუქარესტის "სტიაუამ" კი ტურნირის ახალი რეკორდი დაამყარა და ზედიზედ მე-12 საშინაო შეხვედრაში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. რუმინელებმა მოსკოვის "სპარტაკის" (2001-06 წლებში) "მიღწევა" გააუმჯობესეს.

1 - გაშვებული ბურთი სერია A-ს პირველ რვა ტურში იტალიის ჩემპიონატის რეკორდია, რომელიც წელს "რომამ" გაიმეორა. "ჯალოროსიმ" რვავე შეხვედრაში იმარჯვა, რაც ამ კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა. აქამდე ასეთი შედეგი მხოლოდ "იუვენტუსს" ჰქონდა, რომელმაც 1930/31, 1985/86 და 2005/06 წლების სეზონები ანალოგიურად დაიწყო.

"იუვემ", თავის მხრივ, "ფიორენტინასთან" 2:4 წააგო, არადა, პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდა. ფლორენციულმა კლუბმა საძულველი მეტოქე საკუთარ მოედანზე ბოლოს 1998 წელს დაამარცხა, როდესაც შეხვედრის ერთადეთი გოლი ლეგენდარულმა გაბრიელ ბატისტუტამ გაიტანა. ისე, თუ დააკვირდით, კარლოს ტევესმაც და პოლ პოგბამაც გოლები სწორედ არგენტინელის სტილში აღნიშნეს, რითაც ფლორენციელებს დასცინეს, მაგრამ ბოლოს მაინც "ფიორენტინამ" გაიცინა.

შეხვედრის გმირი ჯუზეპე როსი გახდა, რომელმაც კარიერაში პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა.

"იუვემ" კი ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით პირველად გაუშვა ერთ შეხვედრაში 4 გოლი და გარდა ამისა, 10-მატჩიანი (ყველა ტურნირზე) დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: რეკორდები და ასიანთა კლუბის წევრი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული