ბრიტანული "თაიმსის" ჟურნალისტმა კარლიტოს ოცნების გუნდის შედგენა სთხოვა, ოღონდ იმ ფეხბურთელებით, რომლებსაც ავარჯიშებდა და "რეალის" დღევანდელი ფეხბურთელების გარეშე.
სანამ ანჩელოტის საოცნებო გუნდს გაგაცნობდეთ, თვალი გადავავლოთ მის სამწვრთნელო კარიერას. იტალიელმა სპეციალისტმა მწვრთნელობა 1992 წელს დაიწყო და თავიდან იტალიის ნაკრების თავკაცის ასისტენტი გახლდათ. მერე იყო "რეჯანა"
შესაბამისად, სულაც არაა გასაკვირი, რომ ანჩელოტის თავისი ოცნების გუნდის შედგენა ძალიან გაუჭირდა. დავიწყოთ მეკარის პოზიციით. ანჩელოტი ამბობს:
"ყველა კლუბში შესანიშნავი მეკარეები მყავდა. იკერ კასილიასი, პეტრ ჩეხი, ედვინ ვან დერ სარი, დიდა... მაგრამ ჯანლუიჯი ბუფონი განუმეორებელი გოლკიპერია. ჯიჯის "პარმაში" ვწვრთნიდი და მაშინ აბსოლუტურად დარწმუნებული გახლდით იმაში, რომ ბუფონი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდებოდა."
ამრიგად, ანჩელოტის ოცნების გუნდის კარს ბუფონი იცავს.
კარლიტოს წინა ხაზზეც დიდი არჩევანი აქვს, მაგრამ ერთი რამ თავიდანვე თქვა:
"ჩემი ოცნების გუნდის თავდასხმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე წარმოუდგენელია. ეს არის ცენტრფორვარდი, რომლის დარიც მთელ მსოფლიოში არ მეგულება. ზლატანს შეუძლია ის, რაც არცერთ სხვა ცენტრალურ თავდამსხმელს არ გამოსდის. იდეალურად თამაშობს თავით, აქვს ბრწყინვალე ტექნიკა, გოლის ალღო, ძლიერი დარტყმა, უდიდესი ჟინი, თავდადება და რაც ყველასგან გამოარჩევს, შეუძლია უცნაურზე უცნაური და აბსოლუტურად მოულოდნელი გოლების გატანაც. იბრაჰიმოვიჩი განუმეორებელია."
თუ ვინ მოხვდა ანჩელოტის ოცნების გუნდში ბუფონისა და იბრაჰიმოვიჩის გარდა, ამას ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში შეიტყობთ და დარწმუნდებით, რომ ეს ფეხბურთის აბსოლუტური ელიტაა.
თავად განსაჯეთ, კარლიტოს ოცნების გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ისეთი სუპერვარსკვლავები, როგორებიც არიან ფაბიო კანავარო, ალესანდრო ნესტა, იაპ სტამი, ლილიან ტიურამი, ალესანდრო კოსტაკურტა და რონალდინიო. ჰო, კარლიტო ოცნების გუნდში მოხვედრილების გარდა, ამ მოთამაშეების მწვრთნელიც იყო.
კარლო ანჩელოტის 11-ეული
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი) - ანჩელოტი ჯიჯის მწვრთნელი 1996-დან 1998 წლამდე, "პარმაში" იყო.
მარჯვენა მცველი: კაფუ (კარიერა დაასრულა) - ბრაზილიელი ანჩელოტის მიერ გაწვრთნილ "მილანში" 2003-დან 2008 წლამდე თამაშობდა და ფაქტობრივად, მთელი მარჯვენა ფლანგი ებარა.
ცენტრალური მცველი: ტიაგო სილვა (პსჟ) - კარლიტომ ბრაზილიელი ტიაგო სილვა ისეთ დიდ მცველებზე წინ დააყენა, როგორებიც არიან კანავარო, ნესტა და კოსტაკურტა, რაც საკმაოდ მოულოდნელია. ტიაგო სილვას ანჩელოტი 2012/13 წლებში, პსჟ-ში ავარჯიშებდა.
ცენტრალური მცველი: ჯონ ტერი (ჩელსი) - ტერი ანჩელოტის შეგირდი 2009-დან 2011 წლამდე ლონდონის "ჩელსიში" იყო.
მარცხენა მცველი: პაოლო მალდინი (კარიერა დაასრულა) - დიდი პაოლო კარლიტოს შეგირდი "მილანში" (2001-09) გახლდათ.
საყრდენი ნახევარმცველი: ფრენკ ლამპარდი (ჩელსი) - ფრენკი ანჩელოტის შეგირდი "ჩელსიში" იყო.
საყრდენი ნახევარმცველი: ანდრეა პირლო (იუვენტუსი) - პირლო დღეს "იუვენტუსის" ლიდერია, ანჩელოტის ხელმძღვანელობით კი 2001-დან 2009 წლამდე "მილანში" თამაშობდა და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.
გამთამაშებელი: ზინედინ ზიდანი (კარიერა დაასრულა) - ანჩელოტი გენიალური ზიზუს დამრიგებელი 1999-დან 2001 წლამდე, ტურინის "იუვენტუსში" იყო.
გამთამაშებელი: კაკა (მილანი) - კაკაც იმ "მილანის" ლიდერი გახლდათ, რომლითაც ანჩელოტიმ ევროპა დაიპყრო.
თავდამსხმელი: ანდრეი შევჩენკო (კარიერა დაასრულა) - შევა კარლიტოს "მილანში" 2001-დან 2006 წლამდე თამაშობდა.
თავდამსხმელი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ) - იტალიელი სპეციალისტი იბრას წინა სეზონში, პსჟ-ში თავკაცობდა.
ანჩელოტის ოცნების გუნდის სათადარიგო ფეხბურთელები: პეტრ ჩეხი (ჩელსი), ალესანდრო ნესტა (მონრეალ იმპაქტი), ეშლი კოული (ჩელსი), ჯენარო გატუზო (კარიერა დაასრულა), კლარენს ზეედორფი (ბოტაფოგო), ფილიპო ინძაგი (კარიერა დაასრულა), დიდიე დროგბა (გალათასარაი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კარლო ანჩელოტი: დროა, "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაბრუნდეს